პროკურატურამ ბავშვის მიმართ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაულის გამო ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადიცია განახორციელა

2017-09-13 14:08:02
141

საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ბავშვის მიმართ ჩადენილ სქესობრივი ხასიათის დანაშაულებთან დაკავშირებით ძებნილი ბ.მ.-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია განახორციელა.

ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"უზბეკეთისა და ისრაელის მოქალაქე ბ.მ. ნიუ-იორკში ჩადენილი დანაშაულისთვის 2012 წლიდან იძებნებოდა და იგი ქართველმა  სამართალდამცველებმა აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე საქართველოში, ქ.თბილისში, 2016 წლის დეკემბერში დააკავეს. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ბ.მ. -ს ექსტრადიცია მიმდინარე წლის 8 სექტემბერს განხორციელდა და იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოს წინაშე წარდგება.

ბ.მ.-ს ექსტრადირება საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამართალდაცვით სფეროში მყარი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. ამერიკა და საქართველო აქტიურად აგრძელებენ თანამშრომლობას კანონის უზენაესობის დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით", – ნათქვამია განცხადებაში.