„სააკაშვილის საქართველოში ექსტრადაცია უპერსპექტივოა“

2017-09-13 13:52:24
309

10 სექტემბერს უკრაინა–პოლონეთის საზღავრზე განვითარებული მოვლენები შესაძლოა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს 150–დან 300 დოლარამდე დაუჯდეს. მართალია, ფაქტზე უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა თავად სააკაშვილი ადმინსიტრაციული წესით დაჯარიმდა. ამასთან,  გუშინ, დღის მეორე ნახევარში უკრაინის შს სამინისტროში გაკეთდა განცხადება, რომ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, თუმცა მისი დაკავების საფუძვლები ამ ეტაპზე არ არსებობს.

რამდენად ადეკვატურია განვითარებული მოვლენების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რიგში მოქცევა, ამ საკითხზე „აქცენტი“ იურისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა აწარმოოს ან არ აწარმოოს გამოძიება, ასევე დააკავოს ან არ დააკავოს პირი, თუმცა დაკავების საფუძვლები ყველგან ერთი და იგივეა – ხელი უნდა ეშლებოდეს ან შეიძლება, ხელი შეეშალოს გამოძიებას. ყველა ქვეყანაში არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული. გამოძიების კომპეტენციაა, თავად რა მიმართულებას აიღებს. გუშინწინდელი და გუშინდელი განცხადებების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკრაინამ ორივე მიმართულება აიღო – აღძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული წესი გამოიყენა. ჩვენთანაც ანალოგიური წესი მოქმედებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ქმედებების დიდი ნაწილი ერთმანეთს ჰგავს – არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, დადგენილ ნორმებს და გამოძიების თუ ადმინსიტრაციული ორგანოების პრეროგატივაა მათი გამიჯნვა და პროცედურების ისე წარმოება“.

იურისტი ფიქრობს, რომ უკრაინის ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას ნაკლები ზიანის მომტანი გადაწყვეტილებების მიღებით შეეცდება:

„ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლების მიერ დაშვებულმა არაერთმა შეცდომამ შექმნა ის ძალიან რთული მდგომარეობა, რომელშიც დღეს იმყოფება უკრაინის სახლემწიფო და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდი ან თუნდაც პრეზიდენტი. სავარაუდოდ, უკრაინის სამართალდამცველების გუშინდელს შემდგომი განცხადებები და  ქმედებები სწორედ იმით არის ნაკარნახევი, რომ ნაკლები დანაკარგით, სახელმწიფოსათვის ნაკლები ზიანით იპოვონ გამოსავალი. მხედველობაში მაქვს შემდეგი გარემოება: გნებავთ სისხლის სამართლის დევნის დაწყების, გნებავთ ადმინისტრაციული პროცედურების წარმოების შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს საქმე დროში გაიწელება, ამ ხნის განმავლობაში კი მისი თანმდევი იქნება საქმის პოლიტიკური შემადგენელი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისა და თავად მის მიერ ითქვა, რომ ისინი გამოიყენებენ სასამართლო პროცედურებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ და დასახელდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო. ეს სასამართლო ამდაგვარ საქმეებთან მიმართებაში, როგორც წესი, მგრძნობიარეა ხოლმე. ამიტომ, უნდა ველოდოთ, რომ ტემპერატურის  დაგდებისთვის უკრაინის ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს, იქნება უფრო მეტად ფრთხილი, შეეცდება სახის შენარჩუნებასაც და სახელმწიფოსთვის ნაკლები ზიანის მომტანი გადაწყვეტილებების მიღებით პრობლემების მოგვარებას“.

იურისტის აზრით, შექმნილი სამართლებრივი რეალობა ახლო მომავალში მიხეილ სააკაშვილის საქართველოი ექსტრადაციის საკითხს უპერსპექტივოს ხდის:  

„მიხეილ სააკაშვილი უკვე იმყოფება უკრაინის სამართლებრივ სივრცეში და ამ სივრცეში მას ძალიან ბევრი საქმის წარმოების წამოწყება შეუძლია, თუნდაც საზღვრის კვეთისთვის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების გამო; მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მან უკრაინაში მოითხოვა მოქალაქობის არ მქონე პირის სტატუსი, რომელსაც დამატებითი დაცვის ღონისძიებები სჭირდება. ეს მოცემულობაა და სანამ ეს პროცედურები არ დასრულდება, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ექსტრადაციის საკითხი აქტუალური ვერ იქნება. გარდა ამისა, თუ 10 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ბოლომდე მიეცემა მსვლელობა და მიხეილ სააკაშვილის გამოიკვეთება როგორც ბრალდებული, ამ შემთხვევაში ექსტრდაცირების საკითხს საერთოდ დაესმება წერტილი, რადგან უკრაინის სახელმწიფოში წარმოებული პროცესი უნდა დასრულდეს, განხორციელდეს სასჯელის აღსრულება, რაც ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს უარი ეთქმება ექსტრადირებაზე. მაქსიმუმი, რაც მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხევვაში ქართულ მხარეს შეეძლება, იქნება ის, რომ უკრაინულს გადასცენ გამოძიებული საქმეები თუ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და მოითხოვონ მათი უკრაინის ტერიტორიაზე აღსრულება, რაც უკრაინაში კიდევ ცალკე სასამართლო პროცესის დაწყებას ნიშნავს“.

ცნობისთვის: უკრაინის შსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის არტიომ შევჩენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისთვის საკმარისი საფუძვლები არ არსებობს. ამავდოულად, შევჩენკოს თქმით, შსს-ში თვლიან, რომ ამ დროისთვის სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, - იუწყება „ინტერფაქსი“.

„ამ მომენტისათვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს გადაცემული აქვს ადმინისტრაციული პროტოკოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, თუმცა სააკაშვილის დაკავებისთვის საკმარისი საფუძვლები არ არსებობდა. ისეთი პროცესუალური მოქმედება, როგორიც დაკავებაა, გარკვეულ პროცესუალურ ნიუანსებს ითვალისწინებს. ჩვენ გვაქვს უწყისები იმ პირთა შესახებ, რომელთა დაკავებაც შევძელით და რომელთა დაკავებასაც საჭიროდ ვთვლით, თუ ნაპოვნი იქნება სხვა უწყისები სხვა პირთა მიმართ, რომელიც საშუალებას იძლევა, კანონიერად განხორციელდეს პროცესუალური მოქმედება - დაკავება", - დააზუსტა შევჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ძალოვანების კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიიტორიაზე შეიყვანეს. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროს 10 მესაზღვრე დაშავდა. თავის მხრივ, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია 11 პოლიციელის დაშავების თაობაზე. აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო. აქციის მონაწილეებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მოგვიანებით საქმეს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლი დაემატა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და სასაზღვრო სამსახურის გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, რომ მას უკრაინის მოქალაქის პასპორტსაც ჩამოართმევდნენ, დაბრუნდა. ლვოვში მან განაცხადა, რომ უკრაინელმა ძალოვანებმა მასპასპორტი მოპარეს, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე აბსოლუტურად ლეგალურად იმყოფება და უკრაინის ქალაქებში ტური დააანონსა.

ახალი ამბების სააგენტო "აქცენტი"