სააკაშვილი და უკრაინა - 2

2017-09-12 11:53:10
225

ნათქვამია, რაში გვჭირდებიან მტრები, თუ არა კრიტიკულ მომენტში დახმარებისთვისო...

კლასიკური ისტორია - პოროშენკო-სააკაშვილი... საქართველოს ექს-პრეზიდენტი მაიდნის შემდეგ უკრაინული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფიგურად იქცა – დიდების სხივებისა და იმ ადგილობრივი ტელეკომპანიების პროჟექტორების შუქში ბანაობდა, რომელშიც ლამის ყოველდღე იწვევდნენ...

თუმცა მას, ანუ უკრაინულ პოლიტიკას თამაშის საკუთარი, ექსკლუზიური წესების აქვს და, როგორც გაირკვა, მიშა მის კრიტერიებს არ შეესაბამება. თანდათან სააკაშვილმა მარგინალურ ველში დაიწყო ჩამოცურება, ხოლო მისი მეტისმეტად მგზნებარე და, რბილად რომ ვთქვათ, ემოციური გამოსვლები სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას იქცევდა.

ერთი სიტყვით, ყველაფერი იმ კალაპოტში მიდიოდა, რომელიც პოროშენკოს აწყობდა, მაგრამ… სააკაშვილს უნდა ელოცა იმისთვის, რომ პოროშენკოს რაღაც სასწაული შეცდომა დაეშვა, და მან დაუშვა: წაართვა მიშას უკრაინის მოქალაქეობა და ქვეყანაში დაბრუნების უფლების გარეშე დატოვა. შედეგად სააკაშვილს მეორე სუნთქვა გაეხსნა და თითქმის უკვე მარგინალური პოლიტიკოსიდან ოლიგარქიული რეჟიმის მთავარ მსხვერპლად იქცა.

ამ გადაწყვეტილების სიბეცე შემდეგში მდგომარეობს: პოლიტიკაში სულ მთლად ჩაუხედავი ადამიანი უნდა ყოფილიყავი, წარმოგედგინა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ სააკაშვილი მდგომარეობას შეეგუებოდა და დანებდებოდა.

თავადაც მომხრე ვარ იმისა, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს, რადგან ვთვლი, რომ საქართველოში მან საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა, უკრაინაში კი როგორც ხალხის მასისთვის, ისე პოლიტელიტისთვის იგი, როგორც არ უნდა ატრიალო, მაინც უცხოა. მაგრამ მეც კი ვაცნობიერებ, რომ სააკაშვილი არ გაჩერდება, ვინანიდან ასეთია მისი ბუნება.

შეცდომა იქნებოდა, მიშა ობივატელის თვალთახედვით შეგვეფასებინა. ამ თვალთახედვით მთელი მისი მოღვაწეობა უკრაინაში დროის ფუჭი კარგვაა, ხოლო მისი ამჟამინდელი ბლიცკრიგი – ნამდვილი სიგიჟე. ობივატელის თვალთახედვით, მიშა ჩვეულებრივი გიჟია, ამბიციური და თავშეუკავებელი.

მაგრამ პოლიტიკას თავისი კანონები აქვს და ძალიან ხშირად ისინი პირდაპირ საწინააღმდეგოა ჩვეულებრივი, ადამიანური გაგებისა. პოლიტიკაში ხშირად ისაა კარგი, რაც რეალურ ცხოვრებაში ცუდია.

ჩვეულებრივ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის შეხედულებებს, მეგობრებს და გადაჭარბებულ დაპირებებს იძლევა, ენაჭარტალა და არასაიმედოა, პოლიტიკაში კი – წარმატებული მოღვაწე, რომელიც ყოველთვის თამაშშია. ჩვეულებრივ ცხოვრებაში მეტისმეტად ამბიციური, საკუთარ თავზე შეყვარებული და ძალაუფლების მოყვარული ეგოისტი მკვეთრად უარყოფითი პერსონაჟია, რომელიც არ უყვართ მეზობლებს და აშინებს თანამშრომლებს, პოლიტიკაში კი სწორედ ასეთები აღწევენ სიმაღლეებს.

პოლიტიკაში არ არსებობს არაფერი აპრიორი არც კარგი, არც ცუდი, ყველაფერი კარგია ან ცუდი გარემოებათა მიხედვით.

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა: შესაძლოა, ობივატელის თვალთახედვით სააკაშვილი მართლაც გიჟია, მაგრამ პოლიტიკური თვალთახედვით, იგი თავგანწირული, ქარიზმატული და უკიდურესად გამბედავი ექსტრემალი-პოლიტიკოსია.

მიაქციეთ ყურადღება იმას, როგორ გამოიყურებოდა იგი, მთლიანობაში, საკმაოდ რთულ სიტუაციაში საზღვარზე – არანაირი დაძაბულობა, არანაირი შიში. მისი სახე სიხარულსა და ადრენალინის მოზღვავებას აფრქვევდა... იგი თავის სტიქიაში იყო, როგორც თევზი - წყალში.

სააკაშვილისთვის მშვიდობიანი რუტინა სიკვდილის ტოლფასია. თუ ხვალ ის პოლიტიკიდან მაინც წავა და უნივერსიტეტებში ლექციების კითხვას დაიწყებს, იგი მსოფლიოში ყველაზე უბედურ ადამიანად იქცევა. ფოლის ზღვარზე ბრძოლა, ულევი ენერგიის მუდმივი მოდინება და დინების საპირისპიროდ ცურვის ჟინი – აი, ესაა საქართველოს ექს-პრეზიდენტი.

თავადაც არაერთხელ მითქვამს, რომ დროა, იგი პოლიტიკიდან წავიდეს, მაგრამ ამავდროულად, არასოდეს მჯეროდა. რომ ეს რეალურად მოხდება. მიშა საუნივერსიტეტო აუდიტორიაში, შალის პიჯაკებში გამოწყობილ მოკლეწვერიან, სქელსათვალიან პროფესორებს შორის?... იგი ერთ თვესაც ვერ გაძლებს და საკუთარი უმართავი ენერგიის სიჭარბისგან გასკდება.

გარკვეული გაგებით, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მომხდარი კარგად ხსნის მისი ბოლო წლების ფიასკოს საქართველოში. სააკაშვილის მეტ-ნაკლებად გონს მყოფ მოწინააღმდეგეებს შორისაც კი ერთი-ორი თუ უარყოფს პრეზიდენტობის პირველი 4-5 წლის განმავლობაში მის მიღწევებს, და პირიქით, მის მომხრეებს შორის ცოტა თუ უარყოფს, რომ პრეზიდენტობის ბოლო 2-3 წელი წარუმატებელი იყო.

საქმე კი იმაშია, რომ პირველი ხუთი წლის განმავლობაში მიშას საზოგადოების მტვრევა, ხმის დაკარგვამდე დისკუტირება და გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა უწევდა. სწორედ იმ წლებში, როდესაც მას ოპოზიციის გააფთრებული თავდასხმების მოგერიება უხდებოდა, როდესაც გარკვეულ მომენტებში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვეღარ გაუძლებდა, მიშა იყო ადექვატური და რაციონალური, როგორც არასდროს.

ვიცი, როდის მოხდა გარდატეხა. თარიღის დასახელებაც კი შემიძლია. 2010 წლის 30 მაისი. დღე, რომლის შემდეგაც ყველაფერი ცერად წავიდა. დღე, როდესაც მუნიციპალურ არჩევნებზე ერთმანეთში ნაჩხუბარი ოპოზიცია გონს მოუსვლელად საბოლოოდ მოკვდა.

იმ დღიდან სააკაშვილისთვის პრეზიდენტობა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის თამაში აღარ იყო. ამ სიტუაციაში მიშამ უბრალოდ მოიწყინა და დროთა განმავლობაში მოქნილობა დაკარგა...

მიშა მშვიდი ცხოვრებისთვის არ დაბადებულა. პრეზიდენტობა იმ პირობებში, როცა ირგვლივ ყველაფერი მშვიდადაა, – ეს მისთვის არაა.

სააკაშვილის კორუფციასა და მძარცველობაში დადანაშაულების მცდელობები საერთოდაც სასაცილოდ გამოიყურება და მით უფრო სასაცილოდ უკრაინელი პოლიტიკოსებისაგან, რომელთაგან თითოეული იმდენს იპარავს, რამდენიც მიშას მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვალითაც არ უნახავს. სააკაშვილს საერთოდ არ უნდა იცნობდე, რომ არ გესმოდეს: მას ფული არ აინტერესებს, მისი ოცნება ძალაუფლება და ისტორიაში საკუთარი ადგილია. შეიძლება, იგი ამისთვის აძაგო, თუმცა მსოფლიოში იმ პოლიტიკოსების უმრავლესობა, რომელთაც რაღაცას მიაღწიეს, სწორედ ასეთი იყო – დაუოკებელი, ეგოისტური და ამბიციური...

თუ თქვენ ხასიათის მსგავსი თავისებურებები არ მოგწონთ, ესე იგი, პოლიტიკაში არაფერი გესაქმებათ.

რაც შეეხება კონკრეტულად ამჟამინდელ მდგომარეობას, ორივე მხარე უკიდურესად არის შეზღუდული მოქმედებებში და არჩევანი მცირე აქვს. პოროშენკო უბრალოდ ვალდებულია, ყველას აჩვენოს, ვინ არის ამ სახლში პატრონი. ამჟამინდელ უკრაინულ სახელმწიფოს გამოწვევის ხელთათმანი გადაუგდეს და ყოველი დღე, სანამ სააკაშვილი თავისუფალია, იქნება მტკიცებულება იმისა, რომ პოროშენკო არაფერს აკონტროლებს, კიევში ორიოდ ქუჩის გარდა...

არცთუ მდიდარია მიშას შესაძლებლობების არსენალიც. დიახ, ახლა იგი ცხენზეა, მან დაამცირა მოწინააღმდეგე და ტრიუმფალურად დაბრუნდა უკრაინაში. თუმცა ყველაფერს თავისი ვადა აქვს. მედიური ეფექტი ამ უდავოდ ძლიერი ნაბიჯისგან, სამუდამო არაა. და თუ სააკაშვილი რაიმეს დროულად არ მოიმოქმედებს, დროთა განმავლობაში კვლავ იქცევა პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია შთამაგონებელი პირველი ნაბიჯის გადადგმა, თუმცა მეორე ნაბიჯთან დაკავშირებით პრობლემები აქვს...

პირადად ჩემი აზრით, სწრაფი გადაწყვეტილებები არც ერთი მხრიდან არ იქნება – სააკაშვილიც და პოროშენკოც დროს გაწელავენ და ამით დაკარგავენ ფასდაუდებელ დროსა და კიდევ უფრო მეტად ძვირფას პროცენტებს რეიტინგებში.

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციისას

https://www.ekhokavkaza.com/a/28729600.html