რისთვის გამოჰყავს ცხინვალის ხელისუფლებას რიგი დასახლებული პუნქტები ე.წ. სასაზღვრო ზონიდან

2017-08-17 18:46:58
691

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობამ ე.წ. სასაზღვრო ზონიდან შვიდი დასახლებული პუნქტი გაიყვანა. საუბარია, კერძოდ, ზნაურის რაიონის ხუთ (ბადათი, ბაღიანი, ძვილეთი, ველითი, ჯაღალკომი) და ახალგორის რაიონის ორ (პავლიანი და ელოიანი) სოფელზე. ამიერიდან მათ მაცხოვრებლებს აღნიშნულ ზოლში ყოფნისას სპეციალური საშვები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღარ დასჭირდებათ.

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომელიც „მთავრობის“ 2017 წლის 9 აგვისტოს დადგენილებას შეეხება „რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ სასაზღვრო ზონის მოწყობისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობის ღონისძიებების შესახებ“.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სასაზღვრო ზონაში მოქმედ სასაზღვრო რეჟიმის წესებში» შემდეგი დამატებაა შეტანილი:

“იმ დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებს, რომელთა ტერიტორიის ნაწილი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ 100-მეტრიან ზოლში მდებარეობს, აღნიშნულ ზოლში ყოფნა სასაზღვრო ორგანოების ნებართვის გარეშე შეუძლიათ”.

ე.წ. სასაზღვრო ზონაში უცხოელთა ყოფნის წესები უცვლელია: ეს კატეგორია ე.წ. სასაზღვრო ზოლში შესვლას, მასში ყოფნასა და გადაადგილებას კვლავინდებურად “ინდივიდუალური ან კოლექტიური საშვების საფუძველზე, წინასწარ შეთანხმებული დასახლებული პუნქტებისა და ვადების ფარგლებში, პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების აუცილებელი ქონის პირობებში” შეძლებს.

ამასთან, როგორც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამმართველოს განცხადებაშია აღნიშნული, ოსურმა სასაზღვრო ორგანოებმა შესაძლოა, უარი უთხრან როგორც “რესპუბლიკის მოქალაქეებს”, ისე უცხოელებს სასაზღვრო ზონაში შესვლაზე იმ შემთხვევებში, როცა “ამ რაიონში სასაზღვრო ძებნა, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმეების ფარგლებში სათანადო ღონისძიებები ტარდება, ასევე კონტრტერორისტული ოპერაციის ან საგანგებო სიტუაციის რეჟიმის მოქმედების პერიოდში”.

ოსი ექსპერტი როლანდ ქელეხსაევი თვლის, რომ ზემოაღნიშნული ამ სოფლების მაცხოვრებლების მრავალგზის მიმართვებს უკავშირდება ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის შერბილების თაობაზე და რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, მათი თხოვნა გაითვალისწინა:

«ეს ჩვენს მოქალაქეებს რამდენიმე სასაზღვრო რაიონის სოფლებში დაუბრკოლებლად შესვლის, ნათესავებთან შეხვედრისა და სასაზღვრო დასახლებული პუქნტების მონახულების საშუალებს მისცემთ».

მისი კოლეგა იური ვაზაგოვი კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ე.წ. სასაზღვრო ზონაში ყოფნის რეჟიმის ლიბერალიზაცია მხოლოდ აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლებს შეეხებათ და “საქართველოში შეშვების პუქნტების გახსნაზე საუბარი არ არის”:

«სასაზღვრო სოფლების მაცხოვრებლები სირთულეებს განიცდიდნენ სასაზღვრო რეჟიმის მოქმედების გამო. ადრე აუცილებელი იყო, თან ეტარებინათ პასპორტები ან მიეღოთ ნებართვა, შეზღუდვები მოქმედებდა დღე-ღამის მონაკვეთებთან დაკავშირებითაც. ამ საკითხებს ადგილობრივები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს აყენებდნენ, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა. ახალი მთავრობის ეს გადაწყვეტილება მათი ყოფის შემსუბუქებაზეა მიმართული. ახლა მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა,  100-მეტრიან სასაზღვრო ზოლში ყოფნა გაუმარტივდებათ. და ეს დადგენილება არანაირად არ უკავშირდება საქართველოს მიმართულებით რაიმე გამშვები პუნქტების გახსნას”  https://www.ekhokavkaza.com/a/28678340.html.

კიდევ ერთი დეტალი: როგორც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამმართველოს განცხადებაშია აღნიშნული, «რაიონული ადმინისტრაციები მიმდინარე წლის აგვისტო–სექტემბერში სამრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურთან შეთანხმებით გეგმავენ, განახორციელონ სამუშაოები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ზონის შესასვლელებში საინფორმაციო ნიშნების მონტაჟისთვის“.

ანალიტიკოსის სამხედრო–პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძის შეფასებით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. სასაზღვრო წესებს კანონმდებლობის დონეზე იგივე მოდელით „აწესრიგებს“, როგორიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედებს.

მისივე აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაშვების ნებართვას რუსული სპეცსამსახურები გააკონტროლებენ და, შესაბამისად, მათ ხელთ იქნება ინფორმაცია, ვინ გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, რამდენ ხანს დარჩება ტერიტორიაზე, რა მიზნით და ა.შ., „უცხო ქვეყნის მოქალაქეში“ კი, ცხადია, საქართველოს მოქალაქე მოიაზრება:

„მიმოსვლა გაგრძელდება, მაგრამ ცხინვალის რეგიონში დაახლოებით იგივე წესები იმოქმედებს, როგორიც რუსეთის ტერიტორიაზე, სასაზღვრო ზოლშია მიღებული – კონტროლი მკაცრდება სპეცსამსახურების მიერ“.

ანალიტიკოსი ლევან გერაძე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ უფროა მიმართული. კერძოდ, მისი აზრით, მართალია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ დრომდე არ უშვებდნენ, მაგრამ ახლა ამ გადაწყვეტილების „კანონით“ გამყარების მცდელობასთან გვაქვს საქმე:     

„განსაკუთრებული არაფერია, იგივე ხდება, რაც საბჭოთა კავშირში იყო: უნდათ, საერთაშორისო ორგანიზაციებს აუკრძალონ სასაზღვრო ზონაში ღონისძიებების განხორციელება. მართალია, ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და ადრე ამგვარი კანონმდებლობა არ მოქმედებდა, მაგრამ თუ არ უნდოდათ, საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ ტერიტირიაზე არ უშვებდნენ, ახლა კი ცდილობენ, ეს ყველაფერი „კანონით“ გაამყარონ“.

შექმნილ ვითარებაში ანალიტიკოსი სხვა საფრთხეებს ხედავს. კერძოდ, მისი აზრით, მთავარ პრობლემას „სახელმწიფოებრიობანას“ თამაში ქმნის:  

„მთელი ეს პოლიტიკური პროცესი, თუნდაც ე.წ. არჩევნების ჩატარება და ა.შ. ძალაუფლების ფლობის, სახელმწიფოებრიობის ილუზიის შექმნის მცდელობაა,  ილუზიისა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი „დამოუკიდებელი სახელმწიფოა”. რუსები მათ აძლევენ შესაძლებლობას, სახელმწიფოებრიობანა ითამაშონ და ქართველებისაგან გაწმენდილი ტერიტორია ვითომ თავის ჭკუაზე მართონ. რეალურად კი, ბუნებრივია, რუსეთი მართავს ყველანაირ პროცესს. ვთქვათ, თიბილოვმა, ბიბილოვმა და სხვებმა ძალიან კარგად იციან, რა როგორ ხდება, მაგრამ იქ თაობები იზრდებიან  და როდესაც მათ ამ „დამოუკიდებლობის“ შესახებ უყალიბდებათ ილუზია, სწორედ ეს არის უბედურება. შემდეგ ამ განწყობის ნგრევა ძალიან რთული პროცესია. სამომავლოდ  რთულია ამ ახალ თაობასთან კონტაქტის დამყარება და გარკვეულ თემებზე საუბარი, თორემ ძველ თაობას შეიძლება, უფრო ადვილად დაელაპარაკო“.

ანალიტიკოსი გამოსავალს საინფორმაციო ხაზების გააქტიურებაში ხედავს:

„ამ პროცესს ხელი უნდა შეუშალო საინფორმაციო საქმიანობით – დაწყებული სოციალური ქსელებით, მედიის მუშაობით, განცხადებებით და ა.შ. ეს არ არის ადვილი საქმე. ჩვენ ამ ტერიტორიებზე წვდომა არ გვაქვს, მთლიანად რუსეთის, მისი შეიარაღებული ძალების კონტროლს ქვეშაა. ძალიან ადვილია, პროპაგანდას წამოეგოს ადამიანი, რომელსაც ალტერნატიულ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს. კი არ უნდა მოვატყუოთ, მათი საინფორმაციო წყაროები უნდა გავხსნათ, საინფორმაციო რესურსები, შესაძლებლობები გავამდიდროთ და რეალურად დავანახოთ, რა ხდება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და აუცილებლად შეიცვლება“.

საინფორმაციო სააგენტო «აქცენტი»

მასალა მომზადებულია პროექტის «ინტეგრირება ინფორმირებით» ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით