«დიდი პოლიტიკა» მოქმედებაში: ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნოწმენდის აქტიური ფაზა დაიწყო

2017-08-12 17:20:59
419

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ყოველი ახალი დე ფაქტო ხელმძღვანელობა ახალგორის რაიონში ახალი წესების შემოღებას ცდილობდა, რომლითაც იქაური ქართველების ყოფას ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად ამძიმებდა.

2009 წლის ბოლოს იმჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა გააუქმა პრივატიზაციაც და კონფლიქტის დაწყების შემდეგ შემდგარი ყიდვა-გაყიდვის ყველა გარიგებაც, რომელიც ცხინვალის კონტროლს მიღმა დაიდო. ფორმალურად, ამის მიზნად «სამართლიანობის აღდგენა», კერძოდ, «გამსახურდისტების ზეწოლის შედეგად დადებული უკანონო გარიგებების გაუქმება» დასახელდა, როდესაც «ოს მოსახლეებს სახლებისა და ნაკვეთების კაპიკებად გაყიდვას აიძულებდნენ». თუმცა რეალურად, ამისაგან კარგი არაფერი გამოვიდა: არაკეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა სასამართლოს ძალით იმ სახლების წართმევაც დაიწყეს, რომლებიც სრულიად კანონიერად, თანაც საკმაოდ მაღალ ფასად იყო შეძენილი. 

ლეონიდ თიბილოვის დე ფაქტო მმართველობის დროს სახლების გარდა, 1990-იან წლებში პრივატიზებული მაღაზიების წართმევაც გადაწყვიტეს. მისსავე პერიოდში წამოიწყეს “საშვების შეცვლის” კამპანია - ქართველებისთვის ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა. თანაც ისე, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლებს აძლევდნენ, შვილებს – არა, ან ქმარს აძლევდნენ, ცოლს – არა... ასე გრძელდებოდა ორი წელი. მაშინ ახალგორის რაიონში დიდი რაოდენობით გაყოფილი ოჯახები გაჩნდა.

რამდენიმე თვის წინ არჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კი, როგორც ჩანს, სურვილით, წინამორბედებისთვის “გადაესწრო”, მოსვლისთანავე რამდენიმე ახალი ინიციატივა გააჟღერა. მათ შორის იყო “რესპუბლიკაში” მუდმივად მცხოვრები უმუშევარი მოქალაქეების დასაქმება მათ ნაცვლად, ვინც სამუშაოდ წეროვანიდან ჩადის, ასევე საბინაო ფონდთან დაკავშირებული სიახლე: თავის დროზე კოკოითის მიერ პრივატიზაციის გაუქმებისა და ბინების ავტომატურად “სახელმწიფო” საკუთრებად ქცევის შემდეგ დაიწყო მათი ჩამორთმევა იმ მეპატრონეებისთვის, რომლებიც ახალგორში მუდმივად არ ცხოვრობენ, და გადაცემა “სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისთვის”, რომლებიც რაიონში საცხოვრებლად გადასვლას დასთანხმდებიან. ამასთანავე, თუ აქამდე ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, დე ფაქტო საზღვრის კვეთის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლისა და მკურნალობის უფლებას აძლევდნენ, ბიბილოვმა ამ პირობების მკაცრი რევიზირება გადაწყვიტა. მან ჯერ კიდევ ივნისში ურჩია მოსახლეობას, «დროულად ჩამოყალიბდეს საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით» და გააფრთხილა, რომ თბილისში სიარულის გაგრძელების შემთხვევაში სამსახურს დაკარგავენ.


არადა, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ბიბილოვს გადაადგილების მოსალოდნელ შეზღუდვაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ის კი არა, გამარჯვების შემთხვევაში ქართველებს ოსური პასპორტების დარიგებასაც ჰპირდებოდა. თუმცა მისი წინამორბედი ლეონიდ თიბილოვი 2012 წლის «საპრეზიდენტო» კამპანიის დროს ადგილობრივთა მიმართ კიდევ უფრო მეტ «მოწყალებას» იჩენდა: ახალგორელებს ცალმხრივ რეჟიმში «ორმაგი მოქალაქეობის» შემოღების პირობას აძლევდა და რა?…


ახლა ახალგორელებს, რომლებიც დევნილების დასახლება წეროვანში ცხოვრობენ, მაგრამ ოკუპირებულ რაიონში მუშაობენ, მოუწევთ, ჩამოყალიბდნენ: ან «რესპუბლიკაში» დაბრუნდებიან საცხოვრებლად, ან სამსახურს დაკარგავენ.

ცოტა ხნის წინ თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ჰემატოლოგიურ განყოფილებაში ლეიკემიით 50 წლის ოსი მამაკაცი გარდაიცვალა. საქართველოს დედაქალაქში მკურნალობა მან წლის დასაწყისში დაიწყო. ცხინვალელმა ხელმძღვანელობამ არჩევანის წინაშე დააყენა: ან თბილისში მკურნალობა, ან სამსახურიო (https://www.ekhokavkaza.com/a/28596193.html)ახალგორელების აზრით, ეს შემთხვევა ერთგვარი პასუხია მათთვის, ვინც ცხინვალში პატრიოტულ ტალღაზე ე.წ. საზღვრის დახურვას მოითხოვს. ვლადიკავკაზში არსებული სამედიცინო მომსახურების მეტ-ნაკლებად მისაღები დონე ადგილობრივთათვის მეტისმეტად ძვირია, თანაც ტერიტორიულადაც შორსაა. არც ცხინვალია მაინცდამაინც ახლოს და ესეც რომ არა, სამედიცინო სერვისი იქ იმდენად დაბალ დონეზეა, რომ მისით თავად ცხინვალელებიც კი არ სარგებლობენ. ერთადერთი ხსნა ამ ვითარებაში სწორედ თბილისია, რომელიც თავის სამედიცინო დაწესებულებებში ცხინვალელებს მაღალი ხარისხის უფასო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.


რამდენიმე დღის წინ ცხინვალის რაიონის სოფლების არცევისა და იკორთის 25-მდე მკვიდრმა დე ფაქტო მთავრობის შენობასთან მოიყარა თავი. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი პრაქტიკულად ჩაკეტილები აღმოჩნდნენ სოფლებში, სადაც არ დადის ავტობუსი, არ არსებობს სამედიცინო მომსახურება, მაღაზიები, წყალგაყვანილობაც კი...  ამის გათვალისწინებით, მათ ე.წ. საზღვარზე გამარტივებული კვეთის პუნქტის აღდგენა ითხოვეს.


«2012 წლამდე ასეთი პუნქტი არსებობდა და ლენინგორის [ახალგორის] რაიონის მკვიდრთ მისი გავლით საქართველოში გადასვლა შეგვეძლო. თუმცა 2012 წლის შემდეგ ეს პუნქტი დახურეს და ბევრი ჩვენგანი, ვისაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი არ გააჩნია, ვეღარც საქართველოში გადადის, ვერც ცხინვალში. იკორთაში არც სამედიცინო პუნქტი არსებობს, არც ავტობუსები მოძრაბს, არც მაღაზია გვაქვს, არც ელემენტარულად წყალი. ამგვარად, ფაქტობრივად, დატყვევებულები ვართ ჩვენს სოფლებში, სადაც ცხოვრება შეუძლებელია», – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.


მომიტინგეებს დე ფაქტო პრემიერი ერიკ ფუხაევი და «პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში» მურატ ჯიოევი შეხვდნენ, თუმცა აქციის მონაწილეთათვის სასიკეთო მათ არაფერი უთქვამთ, პირიქით, პრეტენზიები წაუყენეს, «დიდ პოლიტიკაზე არ ფიქრობთ, მხოლოდ თქვენი კონკრეტული ამბიციები და პრობლემები გადარდებთო»:


«ეს ადამიანები არ ფიქრობენ დიდ პოლიტიკაზე, მათთვის მნიშვნელოვანი მათი კონკრეტული ამბიციები და პრობლემებია. დღეს ასეც ამბობდნენ: ვიღაცას იქით ნათესავები გვყავს, ვიღაცას — შვილები და მათთან თავისუფლად გადაადგილებას ვისურვებდითო. ეს საკითხი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას ეხება. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკებების დაწყება ამ პრობლემის გადასაჭრელად. მაშინ ამ ადამიანებს ნაკლები პრობლემები ექნებოდათ... მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს ხალხი პოლიტიკაზე არ ფიქრობს, ჩვენი სახელმწიფო კი ვალდებულია, იფიქროს. ამიტომაც არის დაკავებული ჩვენი ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მოწყობით».


რაც შეეხება არცევისა და იკორთის მოსახლეობის პასპორტიზაციის პრობლემას, როგორც ჯიოევმა აღნიშნა, მისი გადაჭრა ცხინვალის რაიონის საპასპორტო სამსახურს შეუძლია, თუმცა ამისათვის ადგილობრივებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევთ, ვინაიდან «სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობა ამ ქვეყანასთან ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს».

ოსური დე ფაქტო პარლამენტის პოზიცია, ჯიოევის მსგავსად, ხისტია და შეუვალი: «საქართველოსთან ნებისმიერი სახის კონტაქტები უნდა შეწყდეს, სახელმწიფო საზღვარი კი საიმედოდ დაიხშოს მანამ, სანამ თბილისი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს».


«ამ ადამიანებს 9 წელი ჰქონდათ, რათა ჩამოყალიბებულიყვნენ, მიიღონ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და დარჩნენ აქ, თუ წავიდნენ საქართველოში, და ასეთ შემთხვევაში უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ექნებათ. მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო, სოციალური საკითხები კი ოპერატიულად უნდა გადაწყდეს: წყალმომარაგების საკითხებიც, გზებისაც... გზას, რამდენადაც ვიცი, მალე გაიყვანენ. მსგავსი საკითხები მოგვარებადია. მაგრამ არ შეიძლება, დაინტერესებული ძალები ამ ადამიანებს გარკვეული მიზნებისთვის იყენებდნენ, ეს საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციამდე მიგვიყვანს» - თვლის ოსი დეპუტატი ამირან დიაკონოვი (https://www.ekhokavkaza.com/a/28653350.html).


დაახლოებით ერთი თვის წინ კი გაირკვა, რომ ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის -  ანატოლი ბიბილოვის კრეატიულობა ამით არ ამოწურულა: კიდევ ერთი «საპრეზიდენტო» ინიციატივა მან ოდნავ მოგვიანებით გააჟღერა, პირველი სექტემბრიდან კი მისი განხორციელება დაიწყება: ახალგორის რაიონის ქართული სკოლები განათლების რუსულ სისტემაზე გადაჰყავთ. ანუ, სწავლება რუსულ ენაზე წარიმართება, ქართული ენა კი მხოლოდ ცალკე საგნად დარჩება. რეალურად, დაგეგმილია ოკუპირებულ რეგიონში ქართული სკოლების დახურვა და მათ ნაცვლად რუსულის გახსნა, თანაც არა ეტაპობრივად, არამედ მყისიერად: ეს პროცესი არ დაიწყება პირველი კლასიდან, შესაბამისად, საშუალო და უფროსკლასელებს ძველი სისტემით სწავლის დასრულების შესაძლებლობა არ მიეცემათ. მათ მოუწევთ, ერთგვარი სასწაული მოახდინონ - საგნები მათთვის სადღეისოდ სრულიად უცხო - რუსულ ენაზე აითვისონ.



„ერთის მხრივ, ეს ცვლილებები სასარგებლოც კი იქნება ქართველი მოსწავლეებისთვის, მათ შორის - უფროსკლასელთათვის, ვინაიდან რუსული სკოლის ატესტატი მათ სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტსა და რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძლების შესაძლებლობას მისცემთ“, – განაცხადა ოკუპირებული ე.წ  სამხრეთ ოსეთის განათლების დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ელისო გაგლოევამ ერთ–ერთი ადგილობრივი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.  ის ფაქტი, რომ ქართველი მოსწავლეები ამჟამად რუსულ ენას ფაქტობრივად არ ფლობენ, გაგლოევას არ უხსენებია. ამავდროულად, მან აღიარა, რომ „პრეზიდენტ ბიბილოვის მიერ დასახული ამოცანა – სამხრეთ ოსეთის ყველა სკოლის ერთ სისტემაზე გადაყვანა – შეიძლებოდა, სხვაგვარადაც შესრულებულიყო, მაგალითად, რუსული სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე თარგმნილიყო“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ამის გამკეთებელი არავინაა – რესპუბლიკაში სპეციალისტები არ არიან“.

ანალოგიურად მოექცევიან პედაგოგებსაც: ვინც რუსულ ენას არ ფლობს და შესაბამისად, სასწავლო პროცესის რუსულ ენაზე წარმართვას ვერ შეძლებს, სკოლის დატოვება მოუწევს.

ადგილობრივი მოსახლეობა დე ფაქტო ხელისუფლების ამ ინიციატივის უკან ცალსახად პოლიტიკურ მიზნებს ხედავს: ქართული სკოლების დახურვა მათ მიერ მშობლიური ადგილების დატოვებისთვის იძულებად აღიქმება. საქმე ისაა, რომ 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბევრმა პედაგოგმა «ახალი რეალობა» არ მიიღო და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მათ ადგილებზე პროტექციის პრინციპით არაკვალიფიციური კადრები დაასაქმეს, სკოლებში სწავლების ხარისხი ისედაც კატასტროფულად დაეცა. ამ ვითარებაში მშობლებს შვილების რეპეტიტორებთან ტარება მოუწიათ - ქართველებთან და ქართული პროგრამით, რაც, თუ ადგილობრივთა ფინანსურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, უმრავლესობისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის. არადა, ადგილობრივი სკოლადამთავრებულები საქართველოს და არა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ამჯობინებენ სწავლის გაგრძელებას: გარდა იმისა, რომ სახლთანაც უფრო ახლოსაა, უფრო იაფიც, საკომუნიკაციო ენაც მშობლიურია – ქართული და ბევრს თბილისში ნათესავებიც ჰყავს, მნიშვნელოვანი უპირატესობაა ასევე შანსი, საქართველოდან სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო პროგრამებით დასავლეთის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ.

ოფიციალურმა თბილისმა ადგილობრივ სკოლებში ქართული ენის აკრძალვა  დისკრიმინაციად შეაფასა.

„ფაქტობრივად, ეს არის, განზრახვა, განხორციელდეს რუსიფიკაციის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯი. აფხაზეთში, გალის რაიონში, სამწუხაროდ, უკვე წლების განმავლობაში ხორციელდება ქართულ მოსახლეობაზე ეთნიკური ნიშნით ზეწოლის პოლიტიკა. დისკრიმინაცია გამოიხატება, პირველ რიგში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაში. ახლა ანალოგიური პოლიტიკის განხორციელება, როგორც ჩანს, ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც იგეგმება. ეს უკანონო და მიუღებელი ნაბიჯია და თუ ის რეალურად გადაიდგმება, ეს იქნება ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართული მოსახლეობის ცალსახა დისკრიმინაცია. აღნიშნული ნაბიჯი როგორც საქართველის ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო თანემოგობრობისთვის არის მიუღებელი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელია, ამ რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების წვდომა იყოს უზრუნველყოფილი“,- განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.


თავის მხრივ, ადგილობრივ საექსპერტო საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობისადმი განგრძობადი უყურადღებობა შორსმჭვრეტელური პოლიტიკა არ არის და რომ ქართული მოსახლეობის პრობლემები დროულად არის გადასაჭრელი, თუ ცხინვალს ვითარების ესკალაცია არ სურს.

«ის, რომ ამ სოფლების მაცხოვრებლებმა საქართველოსთან საზღვრის გახსნის საკითხი დააყენეს, იმაზე მეტყველებს, რომ მათი პრობლემები არ წყდება. ისინი ამბობენ, რომ არ აქვთ სამხრეთ ოსეთის პასპორტები. მათ უნდა შეეძლოთ ცხინვალში უპრობლემოდ ჩამოსვლა, თუნდაც იგივე სამედიცინო დახმარებისა და პენსიების მისაღებად. და ეს საკითხი სასწრაფოდ არის გადასაჭრელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება დაიძაბება» - განაცხადა ოსმა ექსპერტმა როლანდ ქელეხსაევმა იკორთისა და არცევის მოსახლეობის პრობლემებზე საუბრისას.

ანალოგიური პოზიცია აქვს ოს პოლიტოლოგ დინა ალბოროვას:

“[…] კარგად არის დასაფიქრებელი, რა შეიძლება, იქ გაკეთდეს სახელმწიფოს მიუღებლობის აღმოსაფხვრელად და სოციალური დაძაბულობის მოსახსნელად. ბოლოს და ბოლოს, ესეც ხომ ჩვენი მოსახლეობაა და, მოგვწონს თუ არა, ჩვენ მასზეც უნდა ვიზრუნოთ. ან რაღაც უნდა შევცვალოთ ამ პრობლემისადმი მიდგომაში, ან ეს გამიზნული ნაბიჯებია, რათა მათ აქაურობა ნელ-ნელა დატოვონ. კარგია ეს თუ ცუდი? - პირადად ჩემთვის მონოეთნიკური სახლმწიფო ცუდია. ჩემი აზრით, სხვაგვარად უნდა იყოს».

ოსი უფლებადამცველი ფატიმა მარგიონი კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ბავშვებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობის წართმევა თავად ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კონსტიტუციის” დარღვევა იქნება:


“შემიძლია, ვთქვა, რომ ბავშვებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობის წართმევა სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის დარღვევა იქნება. ამის გასაჩივრება ადვილად შეიძლება. ვფიქრობ, ამ სკოლებში შესაძლებელია რუსული და ოსური ენების სწავლების საათების გაზრდა, მაგრამ მთლიანობაში სწავლება ქართულად უნდა გაგრძელდეს”.

ქართული მოსახლეობისადმი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მსგავსი მიდგომა მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის საექსპერტო წრეების ზოგიერთი წარმომადგენლისთვისაც. ასე, მაგალითად, პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი ახალგორის რაიონში დაგეგმილ სიახლეებს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების დიდი შეცდომად მიიჩნევს (https://www.ekhokavkaza.com/a/28668122.html):

„თუ რაიონში საკმარისი რაოდენობაა ადამიანებისა, რომლებიც მიეჩვივნენ ქართულ ენაზე სწავლას, თავს ქართველებად მიიჩნევენ, ხოლო ქართულს - მშობლიურ ენად,  გაუგებარია, რაში დასჭირდათ სწავლების ფორსირებულ რეჟიმში რუსულ ენაზე გადაყვანა?! ეს ხომ სამხრეთ ოსეთის იმიჯზე, უცხოეთში მის მიმართ დამოკიდებულებაზე აისახება. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ რესპუბლიკა აღიარებული არ არის, რეგიონში არსებულ ვითარებას თვალს მაინც ადევნებენ, აკვირდებიან, მათ შორის - იმასაც, რა დამოკიდებულებაა ორ ახალ სახელმწიფოში [ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი] ეროვნული უმცირესობების მიმართ. აქ ძალზე მნიშვნელოვანია, არ გაიმეორონ ის პოლიტიკა, რომლის გამოც თავის დროზე სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობიდან გავიდნენ. მოსკოვი დაინტერესებულია იმით, რომ სამხრეთ ოსეთის ქართული მოსახლეობის უფლებები არ ირღვეოდეს. მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი იყო, ერთის მხრივ, სამხრეთ ოსეთი ყოფილ ავტონომიურ ოლქთან მოსულიყო შესაბამისობაში, დაწესებულიყო ერთგვარი მემკვიდრეობითობა, მათ შორის – ტერიტორიული, ანუ საბჭოთა დროის ავტონომიის საზღვრები სახელმწიფო საზღვრებად ქცეულიყო, ხოლო მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი იყო და ასეთად რჩება იმის წარმოჩენაც, რომ ამ სახელმწიფოსთვის უცხოა ეთნიკური სეპარატიზმი, რომ ეს არის სახელმწიფო, სადაც სამოქალაქო უფლებებით სარგებლობა სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების ადამიანებს შეუძლიათ. ცხინვალელი პოლიტიკოსებისთვის გამოწვევა იმაში მდგომარეობს, როგორ მოახდინონ ქართული უმცირესობის ინტეგრირება. შეძლებს თუ არა ამას ცხინვალის ხელისუფლება – ეს სახელმწიფოს შემდგარობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იქნება“.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოიყენება


საინფორმაციო სააგენტო «აქცენტი»

მასალა მომზადებულია პროექტის «ინტეგრირება ინფორმირებით» ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით