„ნინო ბურჯანაძის ცხინვალში ვიზიტი შეუძლებელია, ნებისმიერ შემთხვევაში, ოს ხალხს სარგებელს ვერ მოუტანს“

2017-08-11 14:08:00
375

საქართველოს პარალენტის ექს–სპიკერ ნინო ბურჯანაძის ცხინვალში ვიზიტი შეუძლებელია და ნებისმიერ შემთხვევაში, ოს ხალხს ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს, – ასე გამოეხმაურა „სპუტნიკთნ“ საუბრისას ოსური პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარე პეტრე გასიევი ნინო ბურჯანაძის განცხადებას ოკუპირებულ რეგიონებში დაგეგმილი ვიზიტების თაობაზე.

„არ მგონია, საერთოდ ნინო ბურჯანაძის ვიზიტი სამხრეთ ოსეთში შესაძლებელი იყოს. ოსი ხალხისთვის ბურჯანაძე ქართული ნაციონალიზმისა და ფაშიზმის სიმბოლოა. უნდა გვახსოვდეს მისი განცხადება იმის შესახებ, რომ როდესაც ქართველები სამხრეთ ოსეთის დასაპყრობად გაემართებიან, მისი შვილები პირველ რიგებში იქნებიან. ამგვარად, ბურჯანაძის ამჟამინდელი განცხადებები იაფფასიანი ხრიკია, რომლის გმოყენებით იგი საქართველოს პოლიტიკურ არენაზე დაბრუნებას ცდილობს. მოგეხსენებათ, ბურჯანაძე ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანი ფიგურა აღარ არის. საქმე სწორედ ამაშია. ჩვენ რამდენჯერმე გავიარეთ საქართველოს მხრიდან ჩვენი ხალხსი გენოციდი, ამის დავიწყება ან პატიება შეუძლებელია და ბურჯანაძე ოსი ხალხის მტერია“,– დასძინა მან.

ცნობისთვის: ნინო ბურჯანაძე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – ცხინვალსა და აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ბურჯანაძე ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლის საკითხს აქტიურად განიხილავს და მთავარი მიზანი  მოსახლეობასთან შეხვედრა იქნება.

„ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. ნინო ბურჯანაძე ვიზიტის საკითხს აქტიურად განიხილავს. დღემდე არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი არ ჩასულა აფხაზეთში, იმ სასაზღვრო სირთულეების გამო, რაც არსებობს. თუმცა, ნამდვილად საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა აფხაზეთში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა. ვისაც მოსმენა სურს და შეუძლია ინფორმაცია სწორად აღიქვას, გაიგებს, რომ ნინო ბურჯანაძე თავის ყველა გამოსვლაში აცხადებს, რომ პრიორიტეტი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგია, იმ ხალხთან, ვინც დე ფაქტო ხელისუფლებას მანდატი მისცა. მართალია, ნინო ბურჯანაძე არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, არ აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ აუცილებელია ამ ხალხთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა, რაც მხოლოდ შეხვედრებით და დიალოგით არის მიღწევადი", - განაცხადეს პარტიაში.