ჰააგის სასამართლოს 2018 წლის ბიუჯეტში აგვისტოს ომის გამოძიებისთვის საჭირო რესურსიც განისაზღვრება

2017-08-11 13:40:55
246

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) 2018 წლის ბიუჯეტს ამზადებს, სადაც აგვისტოს ომის გამოძიებისთვისთვის საჭირო რესურსებიც განისაზღვრება. 

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყნების ასამბლეა მთლიანობაში პასუხისმგებელია იმაზე, რომ სასამართლო ფლობდეს საკმარის ფინანსურ რესურსს საკუთარი მანდატის ფარგლებში. ყველა წევრ ქვეყანას შეაქვს ფინანსური წვლილი ICC-ის ბიუჯეტში, რაც საკუთრივ მოიცავს საქართველოს სიტუაციის გამოძიების გასაგრძელებლად აუცილებელი რესურსების მობილიზებასაც.

უნდა აღნიშნოს, რომ ქვეყნები არ აფინანსებენ განყენებულად საერთაშორისო სასამართლოს აქტივობებს. სასამართლო ამზადებს 2018 წლის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს  გამოძიების გაგრძელებასა და ითანამშრომლებს ასამბლეასთან დეკემბერში ამ ბიუჯეტის დასამტკიცებლად“ ,- აღნიშნავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსპიკერი ფადი ელ აბდალა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გამოითქვა ვარაუდი, რომ რომის სტატუტის წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც თავის მხრივ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებებს აფინანსებენ, შესაძლოა, შეამცირონ ბიუჯეტი სხვადასხვა რეგიონში ომის დანაშაულის გამოძიებისთვის. ამას ექსპერტთა ნაწილი სასამართლოს ზედმეტ აქტიურობას და წევრ ქვეყნებზე რუსული გავლენის ზრდასაც უკავშირებდა. ICC-ში საბიუჯეტო ცვლილებებზე საუბრები, თბილისში ჰააგის წარმომადგენლობის ოფისის გახსნის გადადებასაც მოჰყვა.  

„2017 წლის 17 ივლისს მსოფლიომ აღნიშნა რომის სტატუტის ხელმოწერის 17 წლის იუბილე. ამ დღეს, ყველა წევრმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა იმ ინსტიტუს მიმართ, რომელიც რომში, 17 წლის წინ შექმნეს. სასამართლო ახლა არის სრულფასოვნად ფუნქციონირებადი ინსტიტუცია, რომელიც კვლავ სარგებლობს მტკიცე მხარდაჭერით წევრი ქვეყნების მხრიდან. ამ ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ წარმატების მიღწევა, რასაც სასამართლო, საერთაშორისო თანამეგობრობის შემაშფოთებელი, ყველაზე სერიოზული დანაშაულეს გამოძიებისა თუ მათზე სამართლებრივი დევნის პროცესში მიაღწია და აღწევს",- განაცხადეს ICC-ში.

საერთაშორისო სასამართლოში აღნიშნავენ ,რომ პროკურორი ფატუ ბენსუდას ოფისი 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარე გამოძიებაში დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის ძირითადი და მკაცრი საფუძვლებით ხელმძღვანელობს.