რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში მძევლად აიყვანეს

2017-08-10 21:34:47
2550

რუსეთის ორი მოქალაქე ოკუპირებულ აფხაზეთში მძევლად აიყვანეს, - იუწყება რუსული მედია.

მისივე ინფორმაციით, ეკატერინბურგელი მამა-შვილი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში დასასვენებლად იყო ჩასული, სავარაუდოდ წინასწარ დადგმულ ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც მათ მსხვილი თანხის გადახდის გარეშე «რესპუბლიკის» ტერიტორიის დატოვება «აუკრძალეს» და ისიც განუცხადეს, რომ დასახელებულ თანხას ყოველდღიურად «პროცენტი დაერიცხება».


«ეკატერინბურგის მკვიდრი ვასილი ს. და მისი 16 წლის ვაჟი ანდრეი აფხაზეთში დასასვენებლად საკუთარი ავტომობილით 2 აგვისტოს ჩავიდნენ, 7 აგვისტოს კი ისინი გაგრაში ავტოავარიაში მოყვნენ — მათ მანქანას ადგილობრივის მიერ მართული სატვირთო შეეჯახა. და ეს — მიუხედავად იმისა, რომ გზა საკმაოდ ფართე იყო და,  შესაბამისად, ადგილიც საკმარისი, რათა მანქანებს ერთმანეთისთვის გვერდი აევლოთ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ვარაუდი, რომ ავარია დადგმული იყო, ანუ წინასწარ დაგეგმილი. შეჯახების მომენტიდან ორიოდ წუთში, შესაშური ოპერატიულობით ადგილზე აფხაზური  საგზაო პოლიციის წარმომადგენლები გაჩნდნენ. მათ მამაკაცს 3 000 რუბლი გამოართვეს «ავტოავარიის სქემის შედგენისთვის», თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, რეალურად არანაირი სქემა არ შეუდგენიათ. შემდეგ კიდევ უფრო დიდი უცნაურობები დაიწყო: საიდანღაც ადგილზე გაჩენილმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მამა-შვილს წრე შემოარტყეს და მოითხოვეს მამაკაცისგან, 1993 წლის გამოშვების «დაზარალებული» სატვირთო 200 ათას რუბლად გამოესყიდა. როგორც მამა-შვილი ირწმუნება, რომლებმაც აფხაზეთიდან ტელეფონით ოჯახის წევრებთან დაკავშირება შეძლეს, იგივე მოთხოვნა მათ მოგვიანებით საგზაო პოლიციის განყოფილებაშიც გაუმეორეს და განუცხადეს, რომ «ასე უკეთესი იქნება ყველასათვის», ხოლო უარის თქმის შემთხვევაში «მათი ხალხი» საზღვარზე მათ აფხაზეთის ტერიტორიიდან აღარ გაუშვებს. ამასთან, მამაკაცს მანქანის საბუთები და მართვის მოწმობა ჩამოართვეს, ასევე სცადეს, წაერთმიათ კუთვნილი მანქანაც, რომელიც ავარიის დროს მწყობრიდან გამოვიდა. რუსეთის მოქალაქემ ადგილობრივ პროკურატურას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. სატვირთოს მძღოლმა კი, რომელიც მას პროკურატურისთვის მიმართვის გამო «გაუნაწყენდა», განუცხადა, რომ ახლა არა მარტო  200 ათასის, არამედ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით 3000 რუბლის გადახდა მოუწევს» - იუწყება რუსული მედია.

მისივე ინფორმაციით, აფხაზეთში «რუსეთის საელჩო» მომხდარის შესახებ საქმის კურსშია, თუმცა ჯერ-ჯერობით საქმეში არ ჩარეულა.

სამაგიეროდ ვითარებაში გარკვევის პირობა დადო ეკატერინბურგის მერმა ევგენი როიზმანმა.


 
"ამჟამად ნათესავებს ვეძებთ. მე დავუკავშირდი საგარეო საქმეთა სამინისტროს, მან კი სოხუმში ოფიციალური განაცხადი გაგზავნა. თუ ეს სიტუაცია სწრაფად და დადებითად არ გადაწყდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენმა ხალხმა აფხაზეთში აღარ იაროს», - განუცხადა  "Эхо Москвы"-ს როიზმანმა.