„ჩვენს გარშემო ჩვენს შესახებ ჩვენთვის საინტერესო თემებს ჩვენს გარეშე განიხილავენ“

2017-08-04 15:05:56
772

„რადიო თავსიუფლების“ ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით თევზაძესთან.  

შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტის ვიზიტი ექო დიდხანს დარჩება საქართველოში. მაიკ პენსმა საქართველოს მოსახლეობას გულისა თუ ყურისათვის მართლაც საამო სიტყვებით დაამახსოვრა თავი. ერთ–ორ ციტატას მოვიყვან: „...დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ხელყონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი...“ „...ყველამ ვიცით ქართული ანდაზის სიბრძნე „ძალა ერობაშია. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით, ძლიერები ვიქნებით რწმენაში, თავსიუფლების რწმენაში და რწმენაში ღმერთის მიმართ, ვისგანაც იშვა ჩვენი თავსიუფლება...“ ეს ბრწყინვალე სიტყვებია, რაც კი პოლიტიკოსს შეიძლება,  საქართველოში ეთქვა. მაგრამ შევეცადოთ, გავარკვიოთ რა დგას ამ სიტყვების უკან, როგორ შეძლებს მის ცხოვრებაში რეალიზებას შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და რას უპასუხებს მას რუსეთი, რომელსაც ნატოს სამხრეთ კავკასიაში გაფართოების პერსპექტივა წონასწორობას აკარგვინებს. ბატონო დავით, ვიცე–პრეზიდენტი მაიკ პენსი წავიდა და ცნობილი გახდა, რომ 8 აგვისტოს სოხუმში ჩავა რუსეთის პრეზიდენტი, სადაც იგი 2013 წლის შემდეგ არ ყოფილა. როგორ დაახასიათებთ ამ ვითარებას? ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველო შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ტერიტორია გახდა?

ზოგადად, რადიკალური დასკვნების წინააღმდეგი ვარ. როგორც ჩანს, დაპირისპირების ტერიტორია არა, მაგრამ ვაჭრობის თემა იქნება. ახლახანს კიდევ ერთი ცნობა იყო, რომ ფილიპირებში აშშ–ის სახელმწიფო მდივანი უნდა შეხვდეს ლავროვს და მათ ექნებათ მსჯელობა, როგორ ითანამშრომლონ სანქციების შემდეგ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟღერადობა სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწეებიგან სხვადასხვა ტონალობაში ისმის ხოლმე, სერიოზულად დიდი ძალები მზად არიან იმისათვის, რომ ერთმანეთს ომის რეჟიმში ესაუბრონ, ამ ეტაპზე მზად არ არიან, მათი ეს დაპირისპირება რეალურ საბრძოლო სივრცეში გადაიტანონ. ამდენად, არსებობს დრო, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ გარკვეული შედეგების მისაღწევად უნდა გამოიყენოს. და ეს დრო არსებობს ყველასთვის, მაგრამ ბოლო 20–25 წლის განმავლობაში ჩვენს განვითარებას რომ ვაკვირდები, დროის გამოყენება ვერ ვისწავლეთ. იმედია, პარტნიორების დახმარებით შევძლებთ, რომ საგარეო ასპარეზზე ჩვენი პოლიტიკური იმიჯი ცოტა მაინც გავიუმჯობესოთ, რათა ვითარებიდან, რომელიც ჩვენს გარშემო, გეოპოლიტიკურ სივრცეში იკვრება, ხეირი ვნახოთ.

ვუსმენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგელების საზეიმო განცხადებებს, განსაკუთრებით ამერიკის ვიცე–პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ და სულაც არ აქვთ განცდა, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯის გაუმჯობესება სჭირდება...

შესაძლოა, მე იმიჯი ცუდად ვთქვი, უფრო ავტორიტეტს ვგულისხმობდი. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ავტორიტეტი „პლინტუსის“ დონეზეა. ანუ ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. ჩვენს გარშემო ჩვენს შესახებ ჩვენთვის საინტერესო თემების განხილვა ჩვენს გარეშე ხდება. ეს ცუდი რეალობაა. ჩვენი პოლიტიკური ელიტა ძალიან ინფანტილურია. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს, იმის წინისაც.

ამ თემიდან შეგვიძლია უფრო გლობალურ სტრატეგიულ თემებზე გადავიდეთ, სტარტეგიაში უფრო სიმბოლიზმის მნიშვნელობაზე. ზოგჯერ, საგნის თუ მოვლენის სიმბოლური მნიშვნელობა, ერთი თეორეტიკოსის არ იყოს, უფრო ცხადია, ვიდრე რეალობა. ერთ სიმბოლოზე მინდა გავამახვილო ყურადღება: საქართველოში 2–3 დღე არ წყდებოდა აღტაცებული შეფასებები იმის თაობაზე, რომ ფოთიდან ამერიკული ჯავშანტექნიკა დაიძრა და გამოიარა ის მონაკვეთი, სადაც საოკუპაციო ზოლი ახლოსაა და ამაში რაღაც სიმბოლო იქნა ამოკითხული. უფრო რეალისტებმა თქვეს – ეს ტექნიკა გოდერძის უღელტეხილიდან ხომ არ შემოვიდოდაო?! თქვენ რაიმე სიმბოლოს ხედავთ იმაში, რომ ასე დემონსტრაციულად გაიარა ტექნიკამ?

მე არ ვიტყოდი, რომ დემონსტრაციულად გაიარა. რეალურად, სხვა დამაკავშირებელი გზა, უბრალოდ, არ არსებობს, რაც ასევე არაა კარგი ქვეყნისთვის. ანუ, ქვეყანაში შიდა გზები განვითარებული არ არის. მე ამ თემაზე ამირან სალუქვაძის შეხედულებას გავეცანი http://accent.com.ge/ge/news/details/37377 და აბსოლუტურად სწორი იყო, რომ ფოთიდან თბილისის მიმართულებით ამ ტექნიკის ყველაზე იაფი და სწრაფი გზა სწორედ ის იყო, რომ ასე გამოევლო. ვიღაცამ ამაში კუნთის თამაში ან გაპიარება დაინახა, უფრო რეალისტებმა კი დაინახეს, რომ ამგვარი გადაადგილება იყო ერთ–ერთი ეტაპი იმ წვრთნებისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

მსმენელებს აინტერესებთ, რას ნიშნავს მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში? ამ სიტყვებით თამაშს ხომ არ სჯობია, რომ საქართველოს საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა შეიმუშაოს სხვა მესიჯი, მაგალითად –შევდივართ ნატოში დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე, რათა განვვითარდეთ იმ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს კანონები და საქართველოს კონტროლი ვრცელდება?

ჯერ ერთი, არ ვიცი ვინ არის ამ დევიზის ავტორი. მეორე – ძალიან ბუნდოვანია „მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში“. არ ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი თეზისია. იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ, ჩვენ რომ შეგვძლებოდა თავსის დროზე ნატოს წევრები გავმხდარიყავით, რა თქმა უნდა, ეს დაცულობის საკმაოდ მაღალი ხარისხი იქნებოდა და ჩვენს ქვეყანას რეალურად მისცემდა მშვიდობიანი განვიტარების საშუალებას. ხოლო რამდენად მოხერხებადია ეს დღს, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება, რადგან როგორც უკვე ვახსენე, რეალურად დიდი ძალები: ნატო–რუსეთი, შეერთებული შტატები–რუსეთი, ჩინეთი–რუსეთი და ა.შ. არცერთი ეს ძალა არ არის ერთმანეთთან საომრად მზად. ცდილობენ, რომ ერთმანეთთან მიმართებაში სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვონ, მაგრამ ეს უპირატესობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გარანტირებული ჰქონდეთ მეორე მხარის დამარცხება. ამიტომ, ყველა ეს მხარე სიტუაციის აქამდე მიყვანისგან თავს შეიკავებს. იქნება პერიფერიული დაძაბულობები, ისეთი როგორიც სირიაშია და ბევრგან სხვაგან, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ამ რამდენიმე წლის წინ მქონდა შესაძლებლობა გამოვსულიყავი შავი ზღვისა და კასპიის ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ნატოს ეგიდით ტარდებოდა. ერთ–ერთი მომხსენებელი გახლდით, სადაც სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების დინამიკას ვიხილავდი. მანდ ღიად ვთქვი – იმის გამო, რომ დაინტერესებული მოთამაშეები ვერ გრძნობენ უპირატესობას, დარჩება გაყინული მანამ, სანამ ასეთი უპირატესობა არ გამოიკვეთება. ცალ–ცალკე არცერთ არ შეუძლია ამ კონფლიქტების მოხსნა, ერთმანეთს არ დაეხმარებიან გადაწყვეტაში და რეალურად გვამყოფებენ იმ სიტუაციაში, რომელშიც ვართ. თავად ჩვენ, არც საქართველოს, არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს ამაზე ზემოქმედება არ შეგვიძლია. ეს ვითარება დიდი ანგარიშით დღემდე არ შეცვლილა.

რაც, პრინციპში, საქართველოსთვის ცუდი არ უნდა იყოს, რადგან, როგორც თავად თქვით, საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებას აქვს დრო, რაღაცეები შეცვალოს, რაღაცეებზე ყურადღება მეტად გაამახვილოს იმის ხარჯზე, რომ არ იქნება კონფლიქტი...

დრო ძლიერს ასუსტებს და სუსტს აძლიერებს, რა თქმა უნდა, თუ სუსტს ამის ნებისყოფა და უნარი აღმოაჩნდა.

საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ მის სამხედრო ძალებს სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ გააძლიერებს. მას მასშტაბურს უწოდებენ. მასში მონაწილე ქვეყნებისა, სამხედრო ტექნიკისა თუ პირადი შემადგენლობის თავსაზრისით შეიძლება, ეწოდოს მასშტაბური. როგორც პროფესიონალი ამ სწავლებას როგორ შეაფასებდით?

ნებისმიერი სამხედრო სწავლება კარგია, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, შეიარაღებულმა ძალებმა მშვიდობის პერიოდში მიიღოს გამოცდილება, რომელიც მათ შეიძლება, გამოიყენონ. სწავლება გამორჩეულად მასშტაბურია თუ შევადარებთ 2003 წლის პერიოდს და განსხვავდება ამ სამი წლის წინ ჩატარებული სწავლებისაგან. თუმცა საქართველოში 2001 წელს ნატოს ეგიდით ჩატარდა სწავლება, რომელშიც ნატოს 9 წევრი და  6 პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობდა. დაახლოებით 4 000 იყო ადამიანური რესურსი, 38 სამხედრო გემი და 11 სახელმწიფოს ავიაცია. სწავლება მიმდინარეობდა ბუნებრივი კატასტროფების ფონზე. 2002 წელს გამართულ წვრთნებში ნატოს 6 ქვეყანა მონაწილეობდა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ეს მასშტაბური სწავლებაა და თუ ტენდენციის ხასიათს მიიღებს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება.  სწავლებებს დადებითად ვაფასებ, თუმცა, რა თქმა უნდა,  რაიმე მყისიერი მოლოდინი, არ უნდა გვქონდეს. სამხედრო საქმიანობა განსაკუთრებული სპეციფიკის მქონე საქმიანობაა და გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გამოცდილება კი წლებით მოდის.

სწავლებაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანი სომხეთის ლოჯისტიკურ ოცეულთან ერთად, მაგრამ ბოლო მომენტში აზერბაიჯანმა უარი თქვა სწავლებაში მონაწილეობაზე...

ეს არის საინტერესო. აზერბაიჯანმა სომხეთის გამო თქვა უარი?

ასეთი განმარტება არ არსებობს, მაგრამ არც სხვა განმარტება არსებობს, რომელიც არ გაფიქრებინებს, რომ ეს ასე არ არის...

საქმე იმაშია, რომ თურქეთიც სიმბოლურად მონაწილეობს. წინა სწავლებებში, რომელიც მე ვახსენე, აზერბაიჯანიც და სომხეთიც მნაწილეობდნენ. როგორც მახსოვს, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. არაერხელ ყოფილა საქართველოში ერთად აზერბაიჯანული და სომხური კონტიგენტი და ეს დაპირისპირების საგნად არასდროს ქცეულა.

თუ სამხრეთ კავკასია რომელიმე სფეროში გავლენის სფეროდა წავა, ერთიანად უნდა წავიდეს. არ მგონია, ამაზე არ ფიქრობდნენ. იმას, რომ ეს სამი რესპუბლიკა ერთიანი საგარეო პოლიტიკით, ერთმანეთის მხარდაჭერით სიარულს ვერ ვახერხებთ, მხოლოდ გვასუსტებს და აუცილებლად რომელიმე გავლენის სფეროში ერთიანად მოგვაქცევს. არ მგონია, რომ ამერიკაში სამხრეთ კავკასიის ერთიანობას ვერ ხედავდნენ, ზედმიწევნით კარგად ვიცი, რომ რუსეთისთვის სამხრეთ კავკასია ერთიანია. თურქეთიც და ირანიც სამხრეთ კავკასიას უყურებენ როგორც მთლიანობას. აქ მნიშვნელობა აქვს არა ჩვენს სპეციფიკას, როგორც ქართველების, სომხების და აზერბაიჯანელების, არამედ იმას, რომ კავკასიის ყელი არის ერთ–ერთი იმ მნიშვნელოვანთაგანი, რომელიც საკომუნიკაციო ველს ქმნის ჩრდილოეთ–სამხრეთ ვექტორსა და ამოსავლეთ–დასავლეთ ვექტორს შორის.

შეიძლება ითქვას, რომ რეგიონული განზომილება ნატოს გაფართოების ერთ–ერთი საბაზისო მომენტიც არის, ვინაიდან ნატოს ყველა გაფართოება რეგიონს ეხება...

ბუნებრივია. 2003 წელს დავუბრუნდები. ბალტიისპირეთში ვესწრებოდი ერთ–ერთ კონფერენციას, რომელზეც განიხილებოდა ნატოს შემდგომი გაფართხოების პერსპეტივა და საჭირო იყო თუ არა ეს. ასე იდგა საკითხი. სამხრე კავკასიასთან მიმართებაში დიდი კითხვის ნიშანი იყო, რადგან მხოლოდ საქართველოს მიბმა ნატოში თავად ნატოსთვის არაფერს შეცვლის. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩნდება შვერილი, რომელიც გეოპოლიტიკურად მომგებიანი არ არის. იმდი მაქვს, რომ იქ, სადაც ჩვენი სამყაროს მმართველი ელიტები იკრიბებიან, რაღაც საერთო ენას იპოვიან იმისათვის, რომ კავკასია რეალურად იქცეს დამაკავშირებელ ხიდად.

თქვენ ახსენეთ ელიტები, მაიკ პენსმა საქართველოში ეს სიტყვები დატოვა: „ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას ნატოში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პრემიერთან...“

ეს ამერიკის ახალი პოლიტიკა არ არის. ჯერ კიდევ 40–იან წლებში განიხილა კონგრესმა საქართველოს საკითხი. მაშინ საქრათველო ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა ხელისუფლების მიერ ოპკუპაციის ობიექტი და იქიდან მოყოლებული ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკა არ შეუცვლია. ეს დამაიმედებელია. დღეს რაღაცა არ შეგვიძლია, ხვალ კი აუცილებლად შევძლებთ. ყოველ შემთხვევაში, სანამ საერთაშორისო სამართალი იარსებებს, ყოველთვის გვექნება ჩვენს საერთაშორისო საზღვრებში დაბრუმების შანსი.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/dabrkolebis-zoli/28655332.html