საზოგადოებრივი მაუწყებელი 50-მდე თანამშრომელმა დატოვა

2017-07-17 19:49:17
330

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეტაპზე 50-მდე თანამშრომელმა დატოვა. მათ არხის მაუწყებლის დატოვება სხვადასხვა მიზეზის გამო მოუწიათ.

„დაახლოებით 50-მა ადამიანმა დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი. არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ამოეწურათ, ხოლო დანარჩენი ის ადამიანები არიან, რომლებიც გარკვეულწილად პროექტებზე იყვნენ და მოუწიათ სხვა პროექტზე გადასვლა, ზოგს კი, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დატოვება,“ - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა თინათინ ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთ წევრ სულხან სალაძეს აინტერესებს, გადაცემების მოხსნის შემდეგ რა მასალით შეივსება საეთერო ბადე.

„დღეს მაუწყებლის დებულების ახალი რედაქცია შედის ძალაში. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რა ცვლილებები იქნება მაუწყებელში, უახლოესი დღეების განმავლობაში, რა პროცესებს უნდა ველოდეთ. გარდა ამისა, რა გავლენას მოახდენს ეს დებულების ძალაში შესვლა საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს დასაქმებულ თანამშრომლებზე და რა გადაადგილებები მოჰყვება,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

როდის გაიხსნება ახალი სეზონი, ჯერ უცნობია. არხზე მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება გადის. სამეურვეო საბჭოს 5 საათიანი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ დღეს გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

როგორც სულხან სალაძემ განაცხადა,  შეხვედრაზე საუბარი ბევრ თემას შეეხო, მათ შორის ტექნიკურ საკითხებსაც:

„ცხადია, გარკვეული ტიპის საკითხებზე იყო საუბარი, მათ შორის ტექნიკური გადაიარაღების საჭიროებაზე. ეს ის აუცილებელი ეტაპებია, რომელიც მაუწყებელმა უნდა გაიაროს, მათ შორის ტექნიკის შესყიდვა, მონტაჟი, გამართვა, ადაპტირება. ეს დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ პროცედურებთან. მაუწყებელს არ აქვს ის ფინანსური საშუალება, რომ ტენდერი თავად გამოაცხადოს, ამისთვის სესხი და გარკვეული რესურსის მოძიება სჭირდება. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიცოდე, რომ იანვარში ახალი ეთერი დაიწყება“.

საზმაუს სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრის გიორგი კოხრეიძის თქმით, არხზე სეზონი შესაძლოა, სექტემბრიდან გაგრძელდეს, თუმცა განახლებულ ეთერს მაყურებელს იანვრის შემდეგ შესთავაზებს.