მარჯანიშვილზე ახალი აქცია დაანონსდა: „არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას!“

2017-07-17 19:26:24
421

„ეს არის უკიდურესად საგანგაშო მოვლენა,“ - ასე აფასებს პარტია "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია,  გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგნლის თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს.

ელენე ხოშტარიას შეფასებით, მსგავს განცხადებებს აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს.

„ეს ჩვენი საზოგადოებისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის უკიდურესად საგანგაშო მოვლენაა და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან მართული რუსული პროპაგანდა აღწევს საგანგაშო მასშტაბებს და თავს გვახვევს  „ქართველობის“ ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელ ვერსიას – თითქოსდა ქართველობა არის ადამიანის მუქარა, სექსუალური ძალადობა და ზოგადად ძალადობა. გარდა იმისა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა გვქონდეს და ეს არის აუცილებელი პრინციპი ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ გუშინდელ განცხადებებს არანაირი კავშირი არ ჰქონდა აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან. ის იყო კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაული,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია, მოსახლეობას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს და აქციას აანონსებს.

„ჩვენ გვაქვს და ვაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან და კვირას, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე ვაანონსებთ აქციას, რომელშიც ჩვენ მთელი საზოგადოება დავდგებით და მტკიცედ ვიტყვით, რომ არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.