„სექსუალური ძალადობა არის ქალთა მიმართ ძალადობის ერთ–ერთი ყველაზე დაფარული ფორმა“

2017-07-17 17:02:58
296

ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის იურისტ თამარ დეკანოსიძის შეფასებით, გაეროში– საქართველოს ყოფილი ელჩის თათია დოლიძის მიმართ გაჟღერებული მუქარა სულ მცირე სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლის ქვეშ ექცევა. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ კომენტარებზე.

მისივე თქმით, შს სამინისტრო ვალდებულია ძიება სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყოს:   

„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შს სამინისტრო უარს ამბობდა გამოძიების დაწყებაზე თუ თათია დოლიძე მათ  განცხადებით არ მიმართავდა. ეს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, დაიწყოს გამოიება, როდესაც იგი შეიტყობს სავარაუდო დანაშაულის შესახებ. ამის შესახებ მან შეიძლება შეიტყოს როგორც კერძო პირის განცხადებით, ისე მედიაში, ან სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარებით.

ამ დროისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოიება დაწყებულია სსკ–ის 151–ე მუხლით – მუქარის ფაქტზე, მაგრამ ჩვენთვის უცნობია ძიება სოციალური ქსელიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო თუ თათია დოლიძის განცხადების. თუმცა ამის ვალდებულება ნებისმიერ შემთხვევაში არსებობდა.

რაც შეეხება მიმოწერას, ნამდვილად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურების მუქარა, როგორც ცალკე გამოყოფილი მუხლი ჩვენს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არ არსებობს. მიგვაჩნია, რომ ქმედება სულ მცირე სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლის შესაბამისად კვალიფიცირდება: მუქარა  – ითვალისწინებს ისეთი ქმედების დასჯას, რომელიც ეხება ჯანმრთელობის დაზიანების, სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარას და  წამების მუქარა – უფრო სერიოზული მუხლია და გაცილებით უფრო რელევანტურია ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როგორიც არის სექსუალური ხასიათის ძალადობა. მიმოწერაში ფიქსირდება ორი პირი, რომლებიც განიხილავდნენ ჯგუფურ გაუპატიურებას, ასევე იყო ტექსტი, რომ ამ პროცესში ქალისთვის კედელზე თავი უნდა ერტყმევინებინათ.  ეს ტექსტები შეივს არა მხოლოდ გაუპატიურების, არამედ წამების მუქარასაც.

ევროსასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრინციპების თანახმად, სექსუალური ძალადობა და მუქარა არის ისეთი სერიოზული დანაშაული, რომელიც აღწევს არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის და წამების ზღვარს. ასეთი დანაშაული არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე და მნიშვნელოვანია, რომ იგი გამოძიებული იყოს გენდერული ხედვით –  საზოგადოებაში არსებული ქალთა მიმართ ძალადობის მძიმე ფონის გათვალისწინებით. სექსუალური ძალადობა არის ქალთა მიმართ ძალადობის ერთ–ერთი ყველაზე დაფარული ფორმა. ამგვარი ძალადობა და ძალადობის მუქარა გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი, მისი ხმის ჩასახშობად და ქალების საჯარო სივრციდან გამოსადევნად“.

ცნობისთვის: „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის მიმართ მუქარა გაჟღერდა. მოგვიანებით, „ქართული მარშის“ წევრებმა სტატუსების ავტორობა უარყვეს: http://accent.com.ge/ge/news/details/36735