კარასინი-აბაშიძის გამოცანა: რუსეთს მსო-ის წევრობა აღარ სურს?

2017-07-17 16:40:01
607

უკვე რამდენიმე დღეა, ქართული, რუსული, აფხაზური, ოსური, სომხური და აზერბაიჯანული ჟურნალისტური სპექტრი ამაოდ ცდილობს იმის გარკვევას, მაინც რაზე მოილაპარაკეს დისკუსიების ბოლო რაუნდზე (20-21 ივნისს) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ და მისმა რუსმა კოლეგამ — საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ტვირთბრუნვის მონიტორინგს შეეხება. ერთსა და იმავე შეხვედრაზე, ერთსა და იმავე შედეგზე, ერთსა და იმავე დოკუმენტზე სრულიად განსხვავებული შინაარსის განცხადებები კეთდება. მსგავსება მხოლოდ ერთია — ბურუსით მოცულობა და სასურველი ინტერპრეტირების შესაძლებლობის დატოვება, რომელსაც როგორც პოლიტიკოსები, ისე საკითხით დაინტერესებული ქვეყნების მედიასაშუალებები სიამოვნებით იყენებენ.

სანამ მხარეთა ინტერპრეტაციებზე გადავიდოდეთ, მოკლედ გავიხსენოთ თავად საკითხის არსი და უპირველესად – ის, თუ რას წარმოადგენს 2011 წლის შეთანხმება (დოკუმენტი სრულად იხ. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1512898):

2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი: პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა; მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს; მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს.

საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის (EDES) და ბ) საერთაშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემებს მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.

მოგვიანებით შეირჩა კერძო შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, თუმცა აღნიშნულ კომპანიასა და ერთის მხრივ, საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ რუსეთს შორის შესაბამისი კონტრაქტები ამ დრომდე არ გაფორმებულა (http://www.interpressnews.ge/ge/politika/442934).

პრაღის დიალოგის მორიგი რაუნდის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მხარეებმა, როგორც იქნა, მოილაპარაკეს, 2011 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყონ. თუმცა ამ განცხადებიდან ორ დღეში მოსკოვში რუსეთის მთავარი დიპლომატი სერგეი ლავროვი ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელ დიმიტრი მედოევს შეხვდა და როგორც შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე აღინიშნა, მხარეები «ტრანსკამის» გავლით ტრანზიტის საკითხს შეეხნენ:

«...ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონში სატრანზიტო ვაჭრობის ორგანიზების ასპექტების თაობაზე. მსგავსი გეგმები არსებობს და, როგორც ჩანს, საკმაოდ მაღალ ინტერესსაც იწვევს. და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ამ სამუშაოებში ჩაერთონ. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ოსური მხარის მსგავს კონსტრუქციულ პოზიციას, რომლის გარეშეც, რაც ყველას კარგად გვესმის, სატრანზიტო პროექტი რეალიზებული ვერ იქნება», – განაცხადა სერგეი ლავროვმა სავაჭრო დერეფნის ამოქმედების პერსპექტივების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

თავის მხრივ, დიმიტრი მედოევმა ცხინვალის «ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი და მტკიცე» პოზიცია ასე გამოხატა:

«სამხრეთ ოსეთი მზადაა, ამ პროექტში თანაბარუფლებიანი მხარის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა და თუ ასეთი მიდგომა მისაღები იქნება სხვა მხარეებისთვის, ჩვენ ამ პროექტში მონაწილეობისათვის დაბრკოლებებს ვერ ვხედავთო».

გამოდის, რომ ქართულმა და რუსულმა მხარეებმა საკითხზე თითქოს საერთო ენა გამონახეს, ორ დღეში კი ლავროვმა და მედოევმა კარასინი-აბაშიძის ფორმატში მიღწეული თანხმობა სრულად გააცამტვერეს.

ამას მოჰყვა რუსული „კომერსანტის“ მასალა, რომლის მიხედვით, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, დაიწყონ 2011 წლის შეთანხმების რეალიზება საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო დერეფნის შესახებ „ყოფილი ქართული ავტონომიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით“.

12 ივლისს, ამ მასალის კომენტირებისას სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ვაან მარტიროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი “უახლოეს მომავალში რუსეთსა და საქართველოს შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის გავლით სავაჭრო დერეფნის გაშვებას იმედოვნებს”.

“აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო დერეფანი სომხეთს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს ზემო ლარსის ალტერნატივა, რაც შეამსუბუქებს სატვირთო გადაზიდვებს ჩრდილოეთით, წარმოშობს კონკურენციას და დადებითად აისახება ფასთწარმოქმნის პოლიტიკაზე” - განაცხადა, სომხური ინტერნეტ-გამოცემა newsarmenia.am-ის ინფორმაციით, მარტიროსიანმა.

სომეხი  მინისტრის განცხადებას 13 ივლისს კვლავ ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა (http://www.interpressnews.ge/ge/politika/442934) და განაცხადა, რომ “სატრანზიტო მიმართულებებით გზების გახსნის თემა არ განიხილება”:

“ჩვენ ახლა რუსეთის მხარესთან ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ამოქმედდეს 2011 წლის შეთანხმება. ამისთვის საჭიროა კონტრაქტების გაფორმება შვეიცარიულ კომპანიასთან (SGS) როგორც ჩვენი, ისე რუსეთის მხრიდან. ამ მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი შვეიცარიელი კოლეგები. უნდა დასრულდეს ხსენებულ კონტრაქტებზე მუშაობის მოსამზადებელი ეტაპი და მოხდეს მათი გაფორმება. ამის შემდეგ შეიქმნება ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს შეთანხმების იმპლემენტაციას“, - განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, “რა შეიცვალა ახლა იმის გათვალისწინებით, რომ 6 წელი შეთანხმების იმპლემენტაციის მზადყოფნა არ არსებობდა?”, პრემიერის სპეცწარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროცესი „ოდესმე უნდა დასრულებულიყო“:

„ჩვენ წელიწადნახევრის წინ დავასრულეთ მუშაობა კონტრაქტის ტექსტზე. მუდმივად ხაზს ვუსვამდით, რომ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ კონტრაქტს. ახლა დავაყენეთ საკითხი კონკრეტული ვადების განსაზღვრის თაობაზე. დაუსრულებლად ეს პროცესი ვერ გაგრძელდებოდა, ოდესმე უნდა დამთავრებულიყო. ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს მომხდარიყო და მგონი, ახლა რაღაც პერსპექტივა გამოჩნდა“, - განაცხადა აბაშიძემ და იქვე იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან კონტრაქტების ხელმოწერის ვადები ახლო მომავალში განისაზღვრება.

რამდენად სანდოა მოსკოვის სიტყვა, ან მის მიერ ვალდებულებების წერილობითი სახით აღება, თუნდაც მესამე მხარეების ჩართულობით — არა მარტო საქართველომ, მთელმა მსოფლიომ კარგა ხანია, გააცნობიერა, მათ შორის — ერევანმაც და რუსეთის «სტრატეგიულმა პარტნიორებმა» სოხუმმა და ცხინვალმაც კი. ყველანი არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კრემლს იმიჯის შელახვა არ ანაღვლებს და შეუძლია,   დილით რაიმეს მოაწეროს ხელი, ხოლო უკვე საღამოს წარბშეუხრელად ამტკიცოს, «თეთრი, რომელსაც ხელი მოვაწერე, შავიაო», ან «თეთრის ხელმოწერისას სწორედ შავს ვგულისხმობდიო». ამდენად, 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხითაც რომ ანალოგიურ პოლიტიკასთან გვქონდეს საქმე, არავის გაგვიკვირდება. თუმცა თუ 2011 წლიდან ბოლო დრომდე მოსკოვი ამ შეთანხმების გახსენებას თავს არიდებდა და მისი იმპლემენტაციის დაწყების რამდენიმეწლიან დაგვიანებას «ვერ ამჩნევდა»,  ბოლო პერიოდში ის ყოველ ნაბიჯზე უბრუნდება ამ საკითხს, პარალელურად კი ანალოგიურ განცხადებებს აკეთებინებს თავის სტრატეგიულ პარტნიორებს.

რა შეიცვალა? რა ხდება კულისებში? რატომ გააქტიურდა ამ კუთხით კრემლი? რამ მისცა მას საფუძველი, იფიქროს, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზების პროცესში სოხუმისა და ცხინვალის ჩართვას შეძლებს და, რაც მთავარია, რა სტატუსით?... - ამ კითხვებზე პასუხები ჯერ-ჯერობით არავის გვაქვს.

რუსი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი 2011 წლის შეთანხმების ირგვლივ მიმდინარე პროცესებს მრავალი წელია, აკვირდება. იგი დარწმუნებულია, რომ ეს არის თამაში, რომლის წესების თანახმად, მხარეებმა შეთანხმების რეალიზებაში დაინტერესება უნდა წარმოაჩინონ, შექმნან და შემდეგ შეეცადონ, დაძლიონ წინააღმდეგობები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან საბოლოო კონსენსუსამდე მისვლა:

«ქართული მხარის პოზიცია ძალიან მარტივია: მას ამ შეთანხმების შესრულება არ სურს, რადგან მისი რეალიზება მძიმე შიდაპოლიტიკურ ზიანს ითვალისწინებს. ამიტომაც იწყებს ქართული მხარე იმაზე აპიელირებას, ეს რუსეთს არ სურს შეთანხმების შესრულებაო. რუსული მხარე კი, თავის მხრივ, ქართველ მომლაპარაკებლებს ამ თამაშში ყვება, მათ შორის - სამხრეთ ოსური მხარის წარმომადგენლების მსგავსი განცხადებებით: ამ განცხადებების გამო ქართულ მხარეს შეუძლია, ნებისმიერ მომენტში პოზაში ჩადგეს და თქვას, რომ რადგან სამხრეთ ოსეთი იქ რაღაცას მოითხოვს, ტრანზიტი შეუძლებელია. ამაზეა საუბარი. ანუ, მას სჭირდება საბაბი, რომ ეს შეთანხმება არ შეასრულოს, თუმცა ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ არავითარ შემთხვევაში არ აღიაროს, რომ ამ შეთანხმების შესრულება არ შეუძლია. აბაშიძე ძალიან კარგი დიპლომატია და ამ ამოცანას უკვე მერამდენე წელია, უმკლავდება.

და რატომ აყენებს 2011 წლის შეთანხმების რეალიზება საქართველოს მძიმე შიდაპოლიტიკურ ზიანს?

– იმიტომ, რომ მისი შესრულება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიებად აღიარებას გულისხმობს. იმისათვის, რომ იქ საქართველოდან ტვირთები ჩავიდეს, ამ ტვირთებმა საბაჟო დამუშავება უნდა გაიაროს – ამაშია შეთანხმების მთელი არსი. უბრალოდ 2011 წელს მათ [საქართველოს] ამერიკელები “მიაწვნენ” და მათ ეს მომენტები გამოეპარათ» (https://www.ekhokavkaza.com/a/28617104.html).

მოსკოვის მხრიდან მტკიცებით ფორმაში გაკეთებული მსგავსი განცხადებების შემდეგ “აქცენტმა” გადაწყვიტა, ექსპერტებთან კიდევ ერთხელ გადაემოწმებინა, ხომ არ არის 2011 წლის შეთანხმებაში რაიმე ისეთი, რაც რუსულ მხარეს ჩანაწერის ინტერპრეტაციისა და სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

კავკასიოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტი არანაირ მსგავს პუნქტს არ შეიცავს:

„არანაირ პუნქტს ან ჩანაწერს, რომელიც რუსეთს მანიპულაციის შესაძლებლობას მისცემდა, ეს შეთანხმება არ მოიცავს. საერთოდაც, დოკუმენტში არ არის საუბარი ცხინვალზე თუ აფხაზეთზე და სავაჭრო დერეფნებზე. მასში მითითებულია ლოკაციები, სადაც შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები უნდა ჩადგნენ, საუბარია ასევე იმაზე, რომ თუ ტვირთი შემოვა, ის უნდა შემოწმდეს“.    

ამ ყველაფრის ფონზე რუსულ მედიაში სრულიად მოულოდნელ სიახლეს წავაწყდით: რუსეთს თურმე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა აღარ სურს.

«სახელმწიფო სათათბიროში წარდგენილია კანონპროექტი რუსეთის მიერ მსო-დან გასვლის თაობაზე» - იუწყება Правда.ру   (https://www.pravda.ru/news/politics/12-07-2017/1341733).

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, არანაირი ხილული სარგებელი ქვეყნისათვის მსო-ის წევრობას არ მოაქვს, მაშინ, როცა ზარალი ძალიან დიდია. კერძოდ, როგორც კანონპროექტის ინიციატორები ანალიტიკურ ცენტრ  «ВТО-информ»-ის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში მსო-ის წევრობით რუსულმა ხაზინამ 871,3 მლრდ რუბლი იზარალა, გასული წლის ზარალი კი რუსეთს მისი მშპ-ის 4,6%-ად დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები 18 წელი (1993-2011) გრძელდებოდა. ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად რუსეთის ფედერაცია 2012 წლის 22 აგვისტოს იქცა.

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"

მასალა მომზადებულია პროექტის «ინტეგრირება ინფორმირებით» ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით