„პეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს“

2017-07-17 11:22:58
216

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში უკრაინა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა და საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ პოროშენკოს ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტი დატვირთული იქნება და განიხილება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.

„ვიზიტი ითვალისწინებს ყველა იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და უკრაინას შორის, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ასევე, იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნისთვის. იქ არის ლაპარაკი რამდენიმე კონკრეტულ პროექტზე, გარდა ამისა, განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში აქცენტი უსაფრთხოების საკითხებზეც გაკეთდება: ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს. დოკუმენტში ის ძირითადი პრინციპებია გაწერილი, რომელიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს განსაზღვრავს.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო საქართველოს რეგიონებსაც ეწვევა, რაც, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, ხელს შეუწყობს სავაჭრო ეკონომიკური და ტურისტული კავშირების განმტკიცებას.

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში დღეს ელოდებიან.