მუხთარლი სტრასბურგისთვის სარჩელს ამზადებს: „საქართველოს ხელისუფლებამ გატაცებას თანხმობა მისცა“

2017-07-17 11:04:20
231

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ. სარჩელი სასამართლოში მიმდინარე კვირის განმავლობაში გაიგზავნება.   

დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან იმ დარღვევების დადგენას ითხოვს, რაც აზერბაიჯენელი ჟურნალისტის დაკავების პროცესში იკვეთება. ადვოკატები და მუხთარლის მეუღლე ირწმუნებიან, რომ საქართველოში ამ საკითხზე გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და სიმართლის დამტკიცების ერთადერთ საშუალებად, სტრასბურგის სასამართლოს მიიჩნევენ.

„ფაქტები ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს. გამოძიებას შესაძლებლობა ჰქონდა, დაედგინა გამტაცებელთა და იმ პირთა ვინაობა, ვინც აფგანს გატაცებამდე უთვალთვალებდა, თუმცა ეს არ გაკეთებულა. ვფიქრობ, ყველაფერი გამიზნულად ხდება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას თანხმობა მისცა. ვფიქრობ, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს“, - აცხადებს აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა.

ცნობისთვის: ადვოკატები და მუხთარლის მეუღლე რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო ორგანოში საქმის მასალებს გაეცნენ. უწყების დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ საქმის გამოძიების არანაირი შანსი აღარ დარჩა.

„აფგანის შესახებ ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. არსებობს ორი ვიდეომასალა, რომელშიც ჩემი მეუღლე ჩანს. ერთი ვნახე, მეორე კი ტექნიკური პრობლემების გამო – ვერა. პირველ ვიდეომასალაში ასახულია, ჩემი მეუღლე როგორ ჯდება ავტობუსში და სულ ესაა. მათ ამოღებული აქვთ ჩანაწერები, რომლებიც 18:00 საათის შემდეგაა გადაღებული. იძიებენ იმ მონაკვეთს, რა დროსაც აფგანი ბარათაშვილიდან სახლში ბრუნდებოდა, მარგამ არ იძიებენ  – როდესაც აფგანი სახლიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გავიდა. მე ვუთხარი გამომძიებელს, რომ ჰქონდათ შესაძლებლობა დაენახათ, მიმდინარეობდა თუ არა ჩემი მეუღლის თვალთვალი, როდესაც ის ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა და არა პირიქით. მათ მითხრეს, რომ 18:00 საათის შემდეგ გადაღებული ყველა ჩანაწერი შეამოწმეს. აფგანი სახლიდან 17:00 საათისთვის გავიდა და 17:30 საათისთვის  გადაღებული ჩანაწერების ნახვა იყო საჭირო, მაგრამ ეს არ გააკეთეს. დღეს შევიტყვე, რომ ქუჩაში დამონტაჟებული არც ერთი კამერა იმ დღეს არ მუშაობდა,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

ანალოგიური პოზიცია აქვს ადვოკატს: „უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ფაქტობრივად არც ერთი ვიდეოკამერა, რომლებზეც შესაძლოა, გამტაცებლების გადაადგილება იყოს ასახული, არ მუშაობდა. არა და ეს ვიდეოკამერები შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის ქვეშაა. არც ერთი ვიდეოჩანაწერი არ არის. არც გატაცების მარშრუტის ტერიტორიაზე, ანუ აეროპორტის გზატკეცილის მიმართულებით და არც სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინადა. მოგვიანებით მას ბაქოს იზოლატორში დავაბეულს მიაკვლიეს. აზერბაიჯანული მხარე მას კონტრაბანდას და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. თავად მუხთარლი კი ამბობს, რომ საქართველოდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს და საზღვეის კვეთა მისი ნების გარეშე აიძულეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოში მიმდინარეობს, თუმცა შედეგები უცნობია.