ქინძმა დაღუპა ქვეყანა?...

2017-07-15 13:10:01
1037

ქართული საზოგადოება 14 ივლისს ორი, შინაარსობრივად და მიზნობრივად სრულიად განსხვავებული აქციის მომსწრე გახდა. საზოგადოების ნაწილმა ბერშუეთში საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია გააპროტესტა, მეორე ნაწილმა კი რატომღაც მარჯანიშვილზე და არა შესაბამის უწყებებთან - ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა. რა აჩვენა ამით საქართველომ, ქართულმა საზოგადოებამ? - ამ საკითხებზე „აქცენტი“ ანალიტიკოსებს ესაუბრა.


სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ყურადღებას მარჯანიშვილზე გამართულ მსვლელობაზე – ე.წ. „ქართველთა მარშზე“ და მომავალ საფრთხეებზე ამახვილებს: 


 
«დღევანდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსებს მეტი აგენტურა ჰყავთ ქვეყანაში, უფრო ფართო ქსელი, მეტი  ბუნებრივი მომხრე, ვიდრე ადრე. ნელ–ნელა ვკარგავთ იმას, რაც ასე ტანჯვით მოვიპოვეთ და ძალიან დიდი საფრთხეა, საბოლოოდ დავკარგოთ მთავარი - დამოუკიდებლობა. ამ ადამიანებს ყველაფერ დასავლურის მიმართ აქვთ ზიზღი, 40–50 წელს გადაცილებულ ხალხს მეხსიერებაში საბჭოთა მენტალობა აქვს გამჯდარი. ამ ყველაფერს ემატება ეკონომიკური სიდუხჭირე და ყველა სხვა თანმხვედრი პროცესი...

ერთ-ერთი პროპაგანდისტული ვიდეოკლიპი, რომელიც "ქართველთა მარშის" წინა დღეებში ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდებოდა

 

- რა განაპირობებს ქართულ საზოგადოებაში ყველაფერ უცხოს მიმართ ერთგვარ შიშს?
 

- ის, რომ დიდხანს ვიყავით იზოლირებული საბჭოთა კავშირში, სპონტანური განვითარების შესაძლებლობა არ გვქონია. საბჭოთა სისტემა იძულებით მიგვათრევდა გარკვეული მიმართულებით და ამ სისტემას ახასიათებდა ზიზღი ყველაფერ იმის მიმართ, რაც საბჭოთა იდეოლოგიისგან განსხვავდებოდა. ასე ჩამოგვიყალიბდა ამგვარი მენტალობა: გვინდა, რომ საქართველო მაღალი გალავნით იყოს შემოღობილი, შიგ მხოლოდ გენეტიკური ქართველები ცხოვრობდნენ, ამ ფონზე რატომღაც მოვიდნენ ამერიკელები, გერმანელები  და სხვა ევროპელები, ვერტმფრენებიდან გვიყრიდნენ მაღალტექნოლოგიურ საქონელს – კომპიურეტებს, ტელეფონებს, სმარტფონებს, კარგ ტანსაცმელს, მაგრამ შიგნით არ შემოდიოდნენ, რადგან «ეს არის წმინდა მიწა, რომელზეც წმინდა ქართველები ცხოვრობენ»....


ეს არის ეპოქის ნიშანი და „ქართველთა მარში“ რეალურად, რუსული მარშია - ეს ყველამ ვიცით. სამწუხაროდ, რუსული განწყობები ქვეყანაში ძალიან ძლიერია. და ამას ბოლო დროის პოლიტიკაც განაპირობებს: ქინძმა დაღუპა ეს ქვეყანა...
 

- სამომავლოდ რა საფრთხეს ქმნის ეს შიშები, მართვადი პროცესები?
 

- რატომ არ ენდობიან დასავლეთს? - იმიტომ, რომ დასავლეთს ფრთხილი და რაციონალური პოლიტიკა აქვს. ქართველების განწყობა დასავლელების მიმართ ძალიან ჰგავს მანიაკალურ-დეპრესიულს: ქართველებს უნდათ, ევროპელები სასწრაფოდ შეიარაღდნენ, რუსებს დაატყდნენ თავს და ტყავი გააძრონ ჩვენი დაჩაგრვის გამო, თანაც ეს აუცილებლად ერთ საათში მოასწრონ, რადგან თუ ვერ მოასწრებენ, ყველანი სასწრაფოდ გადავდივართ რუსეთის მხარეს და ვიწყებთ დასავლელების ლანძღვას...თუ ევროპელები და ამერიკელები სასწრაფოდ განდევნიან რუსებს უკრაინიდან, მოლდოვადან, საქართველოდან და ა.შ., ჩვენ ტაშს დავუკრავთ, მაგრამ თუ ამას სისტემური, თანდათანობითი, მეთოდური სახე აქვს, თუ ევროპელები და ამერიკელები გვეუბნებიან, «თქვენც უნდა განვითარდეთ, ჩვენც დაგეხმარებით ამაში და ერთად ვიბრძოლოთ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც რუსული პოლიტიკა ჰქვიაო», ეს ჩვენთვის მიუღებელია და ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ გადავდივართ რუსეთის მხარეს...

ცხადია, ეს ინფანტილური, ბავშვური აზროვნებაა და შესაბამისად, საზოგადოებაც. დიდი ხანია, ნორმალური სახელმწიფო არ გვქონია; დიდი ხანია, დამოუკიდებლად არ გვიცხოვრია და სრულიად ინფანტილურად ვაფასებთ ვითარებას».

14 ივლისს ორი, შინაარსობრივად და მიზნობრივად სრულიად განსხვავებული აქციის შემხედვარე, დამკვირვებლებში გაჩნდა საზოგადების ღრმა პოლარიზებულობის განცდა.


თუმცა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე თვლის, რომ 14 ივლისის მოვლენებზე დაყრდნობით საზოგადოების პოლარიზებულობაზე საუბარი არასწორია, სამაგიეროდ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ოკუპაციის მიმართ ქართული საზოგადოების დაბალ მგრძნობელობაზე.  

„დღევანდელი მოვლენები რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებს: სახელმწიფოში ისევ არსებობენ პოპულისტური ჯგუფები, რომლებიც საჯარო სივრცეში საკუთარი თავის აქტუალიზებას საზოგადოებაზე ურა-პატრიოტული, ნაციონალისტური   იდეებით ზემოქმედების გზით ცდილობენ.


თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არა მარტო საქართველოს პრობლემაა. ანალოგიური პრობლემები, ანალოგიური თემატიკის გამოყენებით საზოგადოებით მანიპულირების მცდელობები სულ ცოტა ხნის წინ ევროპის არაერთ სახელმწიფოში ვიხილეთ. თუ დავაკვირდებით, ნარატივი, რომელიც მარშის ორგანიზატორებმა შემოგვთავაზეს, ძალიან წააგავს იქაურს - იგივე მუსლიმების მიგრაციასთან დაკავშირებულს: თითქოს რაღაც ემუქრებოდეს ეროვნულ ფასეულობებს და ა.შ.

- როგორ შეაფასებდით მარშის ორგანიზატორთა მოქმედებას?
 

- იაფფასიანად და წინააღმდეგობრივად.  აქ ორი ასპექტი უნდა გამოვყოთ. თუ შევძლებთ ემოციების დაძლევას და ცივი გონებით, ცოტა უფრო გულდასმით ვეცდებით ამ მოვლენის გაანალიზებას, მარტივად დავინახავთ, რომ ა) სახეზე გვაქვს ხელოვნური პრობლემების წინა პლანზე წამოწევის მცდელობა და ბ) ამ «პრობლემების» დასაძლევად სრულიად შეუსაბამო, ალოგიკური, არაპროპორციული გამოსავალი სახელდება. თურმე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში სჩადიან კრიმინალს, ავიწროებენ ჩვენს მოქალაქეებს და ა.შ... თუ ასეა, ლოგიკურად, იმას უნდა ითხოვდე, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა კრიმინალის ყოველ კონკრეტულ ფაქტზე ჯეროვანი რეაგირება მოახდინონ და არა იმას, რომ ზოგადად არ შემოუშვან ქვეყანაში უცხოელები. ჩვენ კი გვესმის, პირდაპირ ვთქვათ, ფაშისტურ ნარატივზე დაფუძნებული განცხადებები, როგორიცაა, მაგალითად, «აზიელებს, ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენლებს გარყვნილებისკენ მიდრეკილება სისხლში აქვთო» და ა.შ...


ზოგადადაც ძალიან ბევრია წინააღმდეგობა ამ მარშის ინიციატორთა მოქმედებებსა და განცხადებებში.

- რაზე მიუთითებს ეს გარემოება?

 
- ზემოთთქმულის ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება მოსაზრება, რომ მარშის სულისჩამდგმელები რეალურად, იმას ცდილობენ, რომ საზოგადოების პროტესტი უცხოელი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართონ, თავად ნაციონალისტური და არა ეროვნული იდეების ირგვლივ მომავალი ელექტორატი შეკრიბონ და ამ ბაზით პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. ჩვენს საზოგადოებაში ეს ყოველთვის მარტივად მუშაობს, თუმცა ასეა მსოფლიოშიც: ყოველთვის ადვილია, ქვეყნის პრობლემები გადააბრალო უცხოელს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შექმნა მტრის ხატი იქ, სადაც ის რეალურად არ არსებობს. მით მეტად ადვილია ეს ჩვენს საზოგადოებაში, რომელშიც ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გამჯდარი განსხვავებულისადმი პატივისცემა და სამართლის სწორად მოთხოვნის კულტურაც.

[სხვათა შორის, ჩვენი რესპონდენტების ვარაუდი, რომ "ქართული მარშის" ორგანიზატორებს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ, მეორე დღესვე - 15 ივლისს დადასტურდა: "მარშის" ერთ-ერთმა ინიციატორმა - გია კორკოტაშვილმა Facebook-ზე შემდეგი შინაარსის "პოსტი" გამოაქვეყნა:

"ისე, ძმობას გაფიცებთ, ქალაქის დიდი ნაწილი იქ იყო, ნახევარი ორჭოფშია და დარწმუნდა რაღაც-რაღაცეებში... მერობის არც ერთი კანდიდატი იქ არ მობრძანდა, იმიტომ, რომ მაგათი ელექტორატი იქ არ იყო და ბარემ, ხომ არ გვეფიქრა ჩვენს კანდიდატურაზე ქალაქის მერის პოსტზე, ჰაააა? აბა კარგად დაფიქრდით?????"].

 

- რას ურჩევდით ამ ვითარებაში საზოგადოებას?

 
- საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ა) რეალურად ნაციონალისტური და არა ნაციონალური იდეების გამოყენებით ხალხით მანიპულირება პოლიტიკოსისთვის სამომავლო მოღვაწეობის გზის ყველაზე იაფფასიანი დასაწყისია; ბ) მეორე და მთავარი – ეს ქმედებები არანაირად არ შეიძლება, საქართველოს ინტერესები შედიოდეს: 1990–იანებში ნაციონალიზმის აფეთქების ტალღა უკვე გავიარეთ, - მოდით, გავიხსენოთ, რა მოუტანა ამან ქვეყანას, ქართველ ხალხს... სამწუხაროდ, როგორც 14 ივლისის მოვლენები გვიჩვენებს, ეს ვნებები 25 წლის შემდეგაც არ არის ბოლომდე ჩამცხრალი და ფაშისტური თემატიკით ადამიანების აყოლიება კვლავაც მარტივია. და ახლა, როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის კუთხით ძალზე სერიოზულ პროცესებს გადის საგარეო არენაზე, მსგავსი პროცესები ქვეყნის შიგნით რადიკალურად ეწინააღმდეგება როგორც დეკლარირებულ საგარეო კურსს, ისე საქართველოს უსაფრთხოების ინტერესს.

- რას იტყვით 14 ივლისს გამართულ მეორე – მცოცავი ანექსიის საწინააღმდეგო აქციაზე?

 
- რაც შეეხება მეორე აქციას, გასაგებია, რატომ გაიმართა იგი, მაგრამ აქაც არის თავისი პრობლემა: ჩემი აზრით, ამ მოვლენამ საგრძნობლად – რამდენიმე კვირით დაიგვიანა და ამ ფონზე უფრო „ქართველთა მარშის“ კონტრაქციის შთაბეჭდილებას ტოვებდა. გასაგებია და აბსოლუტურად მისაღები საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა, მაგრამ გაუგებარია, უფრო ადრე რატომ არ მოხდა საზოგადეობის აქტივიზაცია; რატომ არ არიან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აქტორები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სხვა ავტორიტეტული ჯგუფები უფრო მეტად დაინტერესებულები, დროულად მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება იგივე მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ...


ესეც აჩვენებს იმას, რომ ჯამში, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში დაბალია მგრძნობელობა ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემის მიმართ. არადა, საქართველოს საერთაშორისო არენაზე გადასადგმელი აქვს ძალიან სერიოზული ნაბიჯები და თუ ქვეყნის შიგნით სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ არსებობს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედება. იქნება ეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა, საერთაშოპრისო ტრიბუნების ეფექტური გამოყენება თუ სხვა, - ამ ყველაფერს ზურგს კონსოლიდირებული საზოგადოება უნდა უმაგრებდეს. დღეს კი თუნდაც ამ ორი პარალელური პროტესტის არსებობა ნიშნავს, რომ თავად ქართულ საზოგადოებაში არსებობს სერიოზული პრობლემები კონსოლიდაციასთან და ღირებულებების სწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, როდესაც ქვეყანაში ესოდენ ადვილია ნაციონალისტური სენტიმენტებით მანიპულირება, ესეც მიგვანიშნებს იმაზე, რომ თავად ერს აქვს გარკვეული პრობლემა, ფობია  იმასთან დაკავშირებით, რომ სუსტია და ვინმემ შესაძლოა, ადვილად წაართვას რამე. მე ვერ გავაკრიტიკებ ადამიანებს, რომლებმაც „ქართულ მარშში“ მიიღეს მონაწილეობა, რადგან ამას ბევრი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს. ახლა ბევრ ჩვენს მოქალაქეს რომ ჰკითხოთ, რაში მდგომარეობს ქართული კულტურის, ტრადიციის, ღირებულებების არსი, ამას სტრუქტურულად და გამართულად ვერ ჩამოაყალიბებს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხშირად იცავენ რაღაცას, რისი არსიც არ ესმით. აქედან გამომდინარე, ის, რასაც ვხედავთ, უფრო ერთგვარი რეაქციაა შიშზე. საზოგადოება შეშინებულია...

ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ ძალიან ბევრია სამუშაო თავად საზოგადოებასთან. უნდა დავიწყოთ განათლების სისტემით, საზოგადოებრივი ცნობიერებით... ყველა მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო, რათა სწორად შედგეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს თვითიდენტიფიკაციის პროცესი: ვინ ვართ ჩვენ ამ სამყაროში, რას წარმოვადგენთ, როგორი ადგილი გვიჭირავს... მაშინ მოქალაქე თავად მიხვდება, რომ ამა თუ იმ უმცირესობის ჯგუფების არსებობას არ შეუძლია, 3 000-წლოვანი კულტურის მქონე ქვეყანას რაიმე დააკლოს ან წაართვას.  

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ხელისუფლებისადმი მიმართვა «არა ფობიას!» შეიმუშავეს. 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობას «ქართველთა მარშზე» სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა «რასიზმისა და ქსენოფობიის საფუძველზე ნებისმიერი სახის ძალადობის თავიდან ასაცილებლად».

მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი — თამთა მიქელაძე  თავად ხელისუფლების დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას:

«მინდა, გაგახსენოთ მთავრობის ამასწინანდელი ინიციატივა უცხო ქვეყნის  მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის თაობაზე, რომელიც არსობრივად, დისკრიმინაციული და ქსენოფობიურია. გარდა ამისა, არსებობს პრობლემები უცხოელთათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გავიხსენოთ ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ იანვარში მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება, თბილისის ცენტრში არსებულ სტრიპტიზ-კლუბებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენო, ხოლო შემდეგ მისივე ნათქვამის განმარტება, «არა ქართველი მამაკაცების არშეშვება მაღელვებს, არამედ ის არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებიც იქ პროსტიტუციით არიან დაკავებულები; რაც იქ ხდება, არც ერთი ქართველი არ მოითმენს — ამიტომაც არ უშვებენო». ამგვარად, ჩვენს ქვეყანაში უცხოელებისადმი მიდგომა პრობლემატურია და ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკა შესაბამის განწყობებს აძლიერებს».

14 ივლისის "ქართული მარში" ფართოდ გაშუქდა რუსულ მედიაშიც. ტელეკომპანია RTVI-ს რეპორტაჟს რუსმა ტელეწამყვანმა ასეთი  შესავალი წაუმძღვარა:

"მყუდრო, კოლორიტული, თანამედროვე..." - საქართველოს დედაქალაქ თბილისს ყველა ეს ეპითეტი შეესატყვისება, აი, "მრავალეროვანი, მულტიკულტურული მეგაპოლისი" კი - აღარ....". (https://www.rtvi.com/broadcast/1543-gruzinskiy-marsh-natsionalistov_-reportaj-iz-tbilisi).

გასაკვირი ალბათ, არ უნდა იყოს, რომ 14 ივლისის მსვლელობით ეს ისტორია არ დასრულებულა. სოციალური ქსელი ნამდვილი ბრძოლის ველად იქცა "მარშის" სულისჩამდგმელთა მხარდამჭერებსა და მათი იდეების მოწინააღმდეგეებს შორის. არ შეიძლება, არ აღინიშნოს კომენტატორთა აგრესიული განწყობა და ყოველ მეორე კომენტარში უცენზურო ლექსიკის გამოყენების ფაქტები. ამასთან, განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს, რომ ამ ფორმით საკუთარ მოსაზრებებს არცთუ იშვიათად გამოხატავდნენ ქართველი ქალბატონები, მათ შორის - 55-60 წლის (თუ ფეისბუქ-გვერდებზე განთავსებული ფოტოებით ვიმსჯელებთ) მანდილოსნები.      

ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვან ფეისბუქ-მომხმარებლებს შორის, ვინც 14 ივლისის "მარშის" მიმართ საკუთარი კრიტიკული მოსაზრება დააფიქსირა, გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი თათია დოლიძე გახლდათ.

"ქართველთა მარშის" ორგანიზატორებმა მას ეს არ აპატიეს და 16 ივლისს დაწერილ კომენტარებში ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ. აღშფოთებულმა ინტერნეტ-მომხმარებლებმა ამ კომენტარების დაფიქსირება მოასწრეს - ამ დროისთვის ისინი უკვე გამქრალია, თუმცა ისტორიას მაინც შემორჩა:


მომხდარს 17 ივლისს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის - სასულიერო პირიც, კერძოდ, მამა თამაზ ლომიძე:


"არავითარი სიმპატია არ გამაჩნია "ქართული მარშის" მონაწილეების მიმართ. ეს ხალხი, მათი მიზნები და მათი აზროვნება უკიდურესად საშიშია ქვეყნისთვის. მათი ნდობა იქნება ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვა. არ ვენდობი მათ, რადგან ცნებებს, რომლებზეც ასე ხშირად აპელირებენ - "ქართული", "ეროვნული", "ზნეობა" "პატიოსნება", "ვაჟკაცობა", "სარწმუნოება" და ასე შემდეგ, თვითონ არ სცემენ პატივს და არც ესმით მათი მნიშვნელობა. ესაა ყველაზე საშიში ხალხი! ეს მათი ბელადის და მათი წევრების მიერ ქართველი ქალის მიმართ გადმონთხეულმა წარმოუდგენელმა სიბინძურემ კიდევ ერთხელ დაადასტურა. როგორ შეიძლება, ზრდასრული კაცი ასეთი ზნედაცემული იყო?! არ ენდოთ არავის, ვინც სიტყვა "ქართულს" და "სარწმუნოებას" ხშირად ახსენებს და ამით სპეკულირებს. მათ საქმეს შეხედეთ მხოლოდ".

თათია დოლიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმაც:

"მგონი, ღირდა რამდენიმედღიანი სტრესი ამხელა აგორებული სისტემის ლუსტრირებად. ეს არის ის მაღალი ფასი, რომლის გადახდაც ყველას გვიწევს უკეთესი მომავლისათვის. ზოგი მზად არის ამისთვის, ზოგი - არა", - წერს გია ხუხაშვილი თათია დოლიძის ფეისბუქ-გვერდზე.

და ბოლოს, მინდა, «ქართული მარშის» კიდევ ერთ ასპექტზე შევაჩერო მკითხველის ყურადღება, რომელიც ამ დღეებში არავის გაჰხსენებია: მსგავსი ლოზუნგებით, მსგავსი გამოსვლებით მხოლოდ ვუდასტურებთ რუსული პროპაგანდის მამებს ქართველების შესახებ ნარატივს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე ეფექტურად მუშაობს.

აი, რა განაცხადა ამასწინათ გამართულ ყრილობაზე პარტია «ერთიანი აფხაზეთის» თავმჯდომარემ, დე ფაქტო ექს-პრემიერმა სერგეი შამბამ:

«...აფხაზეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართული ეთნორადიკალიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა. და გამოდიოდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ეთნორადიკალები ჩვენს ხალხს ავიწროებდნენ, არამედ იმიტომაც, რომ აფხაზური ინტელიგენციისთვის ამაზრზენი იყო ეთნორადიკალიზმის პრინციპი...»

ეს კი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას სულ "ცინცხალი" გამოსვლაა:

«...ნაციონალიზმი ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე უარესი მოვლენაა. ეს ის უბედურებაა, რომელსაც არაერთი სახელმწიფო კრახამდე მიუყვანია და ხალხები წვალებისთვის გაუწირავს. საკმარისია, გავიხსენოთ XX საუკუნის შუა პერიოდის ტრაგედია – მეორე მსოფლიო ომი: რა მოიტანა ფიურერის ნაციონალიზმზე დაფუძნებულმა იდეოლოგიამ, ყველამ ვიცით. თუმცა XX საუკუნის ბოლოსაც, არ გაითვალისწინა რა მსოფლიოს ეს მწარე გამოცდილება, საქართველოს ხელმძღვანელობამ, შეიარაღდა რა ამ მანკიერი იდეოლოგიით, გააჩაღა ომი, რომელმაც განადგურების პირას მიიყვანა ჩვენი ხალხი. მხოლოდ აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის სიმამაცემ და სიმტკიცემ შეძლო ვითარების გარდატეხა, - ხალხისა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ეროვნული და რელიგიური ტოლერანტობით. უდიდესი და უპატიებელი შეცდომა იქნებოდა ტოლობის ნიშნის დასმა პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმს შორის, - მათ შორის ხომ უფსკრულია...».

 ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“

მასალა მომზადებულია პროექტის «ინტეგრირება ინფორმირებით» ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით