ვინ კარგავს მიწებს?

2017-07-14 19:47:15
632

დღეს სოფელ ბერშუეთთან, საოკუპაციო ხაზთან რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ოკუპანტების მიერ 19 ივნისს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერის მონტაჟის საპასუხოდ ალტერნატიული აღმართეს წარწერით „101 კილომეტრი როკის გვირაბამდე“. ინიციატორთა განმარტებით, ამ ჟესტით მათ სეპარატისტებსა და ოკუპანტებს საქართველოს საერთაშორისოდ აღირებული საზღვრები შეახსენეს, ქვეყნის ხელისუფლებას კი მსოფლიო არენაზე მეტი აქტიურობის აუცილებლობაზე მიუთითეს.

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები მათ მიმართ პრეტენზიებს არ ეთანხმებიან.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ "ეს არის მთავრობა, რომელსაც ტერიტორიები არ დაუკარგავს":

„ჩვენმა მთავრობამ უპრეცედენტო ძალისხმევა განახორციელა იმისთვის, რომ  პასუხისმგებლიანი მთავრობა ყოფილიყო, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევა კიდევ უფრო გაეერთიანებინა და მეორეს მხრივ, მისი ქმედებები პასუხისმგებლიანი ყოფილიყო.  ეს არის მთავრობა, რომელსაც დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს; მთავრობა, რომელმაც შეძლო და საერთაშორისო დონეზე კონსოლიდაცია გაუკეთა რუსი ოკუპანტის ქმედებებს; მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო მშვიდობა და სტაბილურობა“.

 თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს ბერშუეთის აქციის მონაწილეების გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს: "ყველას არ ვგულისხმობ, თუმცა ჩემი დაკვირვებით, აქციაზე ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი იყო წარმოდგენილიო".

ამასთან, დეპუტატის მტკიცებით, „ეს ხალხი დღეს აპროტესტებს იმას, რაც მათ მიერ თავის დროზე არჩეულმა ლიდერმა [მიხეილ სააკაშვილმა] მემკვიდრეობით დაუტოვა საქართველოს და საქართველოს ისტორიას“.

„ყველა მოქალაქეს აქვს უფლება და შესაძლოა, გარკვეული შინაგანი მოთხოვნილებაც, ადგილზე ჩავიდეს და ეს ყველაფერი გააპროტესტოს, რადგან ეს მსოფლიოს ცივილიზებულ მიდგომებს ეწინააღმდეგება. მაგრამ თუ ამ აქციებს ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ პოლიტიკური პროცესისგან განყენებული არაა. მე რომ სრულ გულწრფელობას ვხედავდე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც იქ იდგნენ, მერწმუნეთ, მეც იქ ვიქნებოდი, თუმცა საქმე ასე არ კეთდება. რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გულანთებული ადამიანებიც, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, რომლებიც ვეწინააღმდეგებით ოკუპაციას... ხშირად მესმის ფრაზა „საოკუპაციო ზოლის გადმოწევა“. ვამბობთ, ვიტყვით და უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ეს პროცესი, რომელსაც ოკუპაციის ბორდერიზაცია ჰქვია, დაიწყო იმ საშინელი ტრაგედიის გამო, რომელსაც საქართველოზე თავდასხმა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ერქვა. მაშინ მათი რჩეული ლიდერები თავად იყვნენ ხელისუფლებაში და არ მახსენდება, რომ თავიანთი პროტესტით და მათი ლიდერების "საუკეთესო" სტრატეგიით ეს პროცესი შეწყვეტილიყოს“,– განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე აზრით, "დღეს პოლიტიკური ლიდერები სიტუაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ".

„პოლიტიკური ინტერესებისთვის ხდება ამის გამოყენება. რა უნდა თქვან, -  რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ოკუპაცია და არაფერს აკეთებს?! ამ გამოსვლებით ხვალვე პუტინი ჩამოვა და ბანერებს როკის გვირაბთან გადაიტანს? ეს ხომ თავის მოტყუებაა?! პოლიტიკურ სპექტრს არ ეყო ვაჟკაცობა, ერთი საკითხის გარშემო მაინც გაეთიანებულიყო. ოკუპაცია რომ ოკუპაციაა, აქ მაინც დავდგეთ ერთმანეთის გვერდით! ნაცვლად ამისა პოლიტიკური მიზნებისთვის ჩადიან და იძახიან, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს... თითქოს უკრაინაში, მოლდოვაში, დნესტნისპირეთში ხელისუფლებები რუსეთს უკან ახევინებდნენ, თითქოს მთელი ცივილიზებული სამყარო ადვილად ამარცხებდეს კრემლს და მხოლოდ  საქართველომ მოახერხა ვერაფერი... ცოტა ადეკვატურები და გულწრფელები ხომ უნდა ვიყოთ? არ შეიძლება, ხელისუფლება აძაგო იმ საკითხებში, სადაც კონსოლიდირება გვჭირდება. სამწუხაროდ, ეს არის ვითარება, როდესაც რუსეთი ცივილიზებული წესების ფარგლებიდანაა გასული: მოახდინა ყირიმის, აფხაზეთის, ცხინვალის ოკუპაცია, შეჭრილია სირიაში და კიდევ სხვა ინტერესები უჩნდება. მთელი მსოფლიო ფეხზე დგას, გამოუცხადეს სანქციები, თუმცა ეს ჯერ–ჯერობით შედეგს ვერ იძლევა. პატარა საქართველო კი ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ინარჩუნებს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს, ეკონომიკურ მიმზიდველობას...“,– განაცხადა სესიაშვილმა.   

ამასთან, მისივე მტკიცებით, მიმდინარე პროცესებით "ადმინისტრაციული საზღვარი არ იცვლება, პირიქით, ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმდინარეობს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც წინა ხელისუფლებამ ამ პერიმეტრზე, ამ მოცემულობით ჩააბარა ან ვერ დაიცვა“:

„ეს არის რეალობა. ისინი მიჰყვებიან იმ დაწყებულ ოკუპაციას, რომელიც 2008 წელს გაფორმდა. ისინი მიჰყვებიან იმ რუქებს, რომელიც სააკაშვილმა თავისი ბრძანებით დაამტკიცა“.

სანამ "წინისწინა" და ახალი ხელისუფლებებიის წარმომადგენლები ურთიერთბრალდებების რეჟიმში იმყოფებიან და პარალელურად მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ საქართველოს ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება უპრეცედენტოა http://accent.com.ge/ge/news/details/36601, რუსი სამხედროები საქართველოს მთავარ არტერიას – აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ სატრანსპორტო მაგისტრალს 500 მეტრით მოუახლოვდნენ.  

„ნანახი მაქვს ერთ–ერთი რუქა, რომელზეც დატანილია საქართველოს ტრანსკავკასიური მაგისტრალი. ანუ, თბილისი–გორის ტრასა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. მაშინ რუსებმა, ვისთანაც ამ თემაზე მქონდა საუბარი, მითხრეს, რომ ეს იყო ვერსული რუქა, რადგან 30–იან წლებში სიგრძის საზომი ერთეული ვერსი გახლდათ. შემდეგ ის გადაიყვანეს კილომეტრებში და როგორც მოუხერხდათ, ისე გააკეთეს. ასე იყო თუ ისე, როგორც ჩანს, იმ რუქით კიდევ კარგი, რომ არ სარგებლობენ ე.წ. ბორდერიზაციის წარმოებისას. ახლანდელ რუქაზე, რომლითაც ისინი სარგებლობენ, მართლაც არის 500–600 მეტრი ტრასამდე. ეს არის სოფლები ორჭოსანი, წინაგარა და ა.შ.“,– ამბობს კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე.  

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ წინა ხელისუფლების მისამართით ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს, კავკასიოლოგი ამას არასწორად  მიიჩნევს:

„საქართველოს პარლამენტის მიერ ზვიად გამსახურდიას დროს საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტონომიური ოლქი გაუქმებული იყო. მიშას [სააკაშვილის] მთავრობის გადაწყვეტილებით და პარლამენტის დადგენილებით, შეიქმნა ერთეული... მაგალითად, ახალგორის რაიონი ადრე მცხეთა–მთიანეთის რაიონის შემადგენლობაში იყო, მაგრამ იმისთვის, რომ ჩაეტარებინათ არჩევნები (ვგულისხმობ დიმიტრი სანაკოევის არჩევნებს), მიიღეს გადაწყვეტილება, ახალგორი ცხინვალის რეგიონის შემადგენლობაში შეეყვანათ. არაპირდაპირ, მაგრამ პრაქტიკულად, აღდგა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. აქვე ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ  ეს ყველაფერი მიშას ბრალია, რაც ტერიტორიის აღდგენას ეხება, არასწორია. მისი ბრალი სხვა რამაა – ის, რომ სამხედრო კონფლიქტის ესკალაციას შეუწყო ხელი“.

ცნობისთვის: დღეს საოკუპაციო ხაზთან, ყარაფილაში საქართველოში აშშ–ის ელჩი იან კელიც იმყოფებოდა.

„ეს ადგილი ახლოს არის ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალთან, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 21-ე საუკუნეში, როცა მეზობელი სახელმწიფოს მიერ ხდება ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში დარღვევა, აშშ ამაზე საუბარს გააგრძელებს და ხმას აიმაღლებს. მიუღებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივად შეცვლა, აშშ ამას არასდროს აღიარებს. ეს არის საქართვლოს სუვერენიტეტის დარღვევა. რაც შეეხება საკითხის მოგვარების გზებს, ჩვენი ხედვით, ეს არის პრაგმატული მიდგომები, რომელიც საქართველოს აქვს, მეტი პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებებში და მეტი საუბარი ამ თემაზე “, - განაცხადა იან კელიმ.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“ 

მასალა მომზადებულია პროექტის «ინტეგრირება ინფორმირებით» ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით