სომხურ-აფხაზური ესკალაცია: გარედან მართული პროვოკაცია, თუ განსხვავებული მიზნების ეთნოჯგუფების დაპირისპირების დასაწყისი?

2017-07-14 15:45:22
982

ორიოდ დღის წინ სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ის აფხაზურ ჯგუფში «АБХАЗИЯ СЕГОДНЯ & ABKHAZIA TODAY» გაჩნდა ვინმე «Правда Справедливов»-ის «პოსტი», რომელიც “აფხაზი ხალხის სამამულო ომში” სომხური ბატალიონის როლს ეხებოდა.  ანონიმმა მომხმარებელმა ჯგუფის წევრებს 5 ივლისს გაგრაში, ვეტერანების შეკრებაზე ერთ-ერთი მათგანის - აფხაზეთის ამპუტანტთა საფეხბურთო კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ჯემალ ბარციცის სიტყვით გამოსვლის ტექსტი შესთავაზა. იგივე ტექსტი პარალელურ რეჟიმში ფართოდ განიხილებოდა ჯგუფში «Патриоты Абхазии». მასში, კერძოდ, ვკითხულობთ:


“სომხური ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც აფხაზი ხალხის 1992-93 წ.წ. სამამულო ომში მონაწილეობდნენ, არამც და არამც არ იბრძოდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის. ბაგრამიანის ბატალიონის წევრებმა – სომხეთის მკვიდრმა მებრძოლებმა მშვენივრად მოითბეს ხელი. ვინც აქ [აფხაზეთში] დარჩა, დიდებული სახლები აქვს, ვინც წავიდა, ცარიელი ხელით არ წასულა, ხოლო ვინც დაიღუპა, დაიღუპა არა აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის, არამედ პირადი საქმისათვის […]. კარგად ვიცი, რომ ისინი საკუთარი ინიციატივით ჩაებნენ ამ ომში და აფხაზ მებრძოლებსაც, მშვიდობიან მოსახლეობასაც იგივე სისასტიკით უსწორდებოდნენ, როგორითაც ქართველებს. ბოლო დროს ჩვენ, აფხაზები იმდენად არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რომ თავს ზედმეტებად ვგრძნობთ საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ მომსახურე პერსონალის ფუნქცია შეგვრჩა... სომხები ამბობენ, რომ უძველესი მაცხოვრებლები ისინი, კაზაკები და ადიღები არიან, რომ ისინი გვეხმარებოდნენ ქართველების განდევნაში და რომ ახლა მათთან ვალში ვართ... აფხაზეთი მათთვის ბიზნეს-შემოსავლების წყაროდ იქცა, სადაც შეიძლება, გაყიდო და იყიდო ყველაფერი, ნარკოტიკის ჩათვლით... უამრავი უპოვარი სომეხი აფხაზეთში მილიონერად იქცა და სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტში აქედან მსხვილი თანხები შეაქვს. მათი რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე იზრდება, თუმცა სომხეთის ხელისუფლება აფხაზეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას თავს არიდებს, რათა საქართველო არ გააღიზიანოს... თუ სომხეთის ხელისუფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, სომხებს აქაურობის დატოვება მოუწევთ».


ეს ბოლო დროის განმავლობაში პირველი მსგავსი “პოსტი” არ ყოფილა, თუმცა ამ შემთხვევაში საზოგადოების რეაქცია განსაკუთრებულად მწვავე იყო – როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მოსაზრებების ავტორი არა ანონიმი იყო, როგორც წინა შემთხვევებში, არამედ უკვე კონკრეტული პერსონა -  ჯემალ ბარციცი.


“პოსტის” ქვეშ სხვადასხვა ჯგუფებში მწვავე პოლემიკა გაჩაღდა, რომელშიც როგორც ანონიმები, ისე რეალური Facebook-მომახმარებლები ჩაებნენ. მათმა ნაწილმა იგი აფხაზურ-სომხური ურთიერთობების დაძაბვაზე მიმართულ პროვოკაციად შეაფასა. თუმცა ნაწილმა ბარციცის მოსაზრებები გაიზიარა და “აფხაზობის გადასარჩენად სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობის” იდეას დაუჭირა მხარი.

სხვათა შორის, იმავეზე, ოღონდ უფრო კორექტულად ცოტა ხნის წინ გამართულ ყრილობაზე პარტია «ერთიანი აფხაზეთის» თავმჯდომარემ, დე ფაქტო ექს-პრემიერმა სერგეი შამბამაც ისაუბრა:

«...უმნიშვნელოვანესი პრობლემაა დღეს ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელშიც აფხაზური ეთნოსის შენარჩუნებაზე, აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებაზე ზრუნვა თანხვედრაში იქნებოდა ჩვენი საზოგადოების მრავალეროვნულობასთან. ჩვენ ფაქტობრივად, უკვე ვდგავართ აფხაზური ეთნოსის გაქრობის, მისი უფრო მსხვილი ეთნოსების — რუსების, სომხების, მეგრელების მიერ შთანთქმის, აფხაზური ენის საბოლოოდ დასამარების საფრთხეს ქვეშ...».

თავის მხრივ, აფხაზეთის სომხურმა დიასპორამ დაუყოვნებლივ მიმართა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოთხოვნით, “აღკვეთოს სომხური ბატალიონის მებრძოლთა დისკრედიტაციაზე მიმართული საქმიანობა”.


«აფხაზი ხალხის სამამულო ომში აფხაზების გვერდიგვერდ ბაგრამიანის ორი სომხური ბატალიონი იბრძოდა, თითოეულში – 321 კაცი, 244 მებრძოლი ბრძოლის ველზე დაეცა, 20-ს აფხაზეთის გმირის წოდება მიენიჭა. სომხური ბატალიონების გარდა, სომხები იბრძოდნენ აფხაზურ შენაერთებშიც. ბაგრამიანის ბატალიონებშიც პერიოდულად ტარდებოდა როტაცია, ამდენად, რეალურად, საბრძოლო მოქმედებებში სომხური ეროვნების ბევრად მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დღეს საგანგებოდ შევიკრიბეთ სომხური თემის საბჭოს წარმომადგენლები, აფხაზეთის გმირები, ომის ინვალიდები... მსგავსი მოსაზრებები და პუბლიკაციები შეურაცხყოფს და ამცირებს ადამიანებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამდენად, ამას ძალზე სერიოზული რეაქცია უნდა მოჰყვეს იმ სამსახურების მხრიდან, რომლებიც ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებისაკენ მიმართულ საქმიანობას უნდა აღკვეთდნენ. დღეს მივიღეთ ოფიციალური მიმართვა უშიშროების სახელმწიფო სამსახურის, გენერალური პროკურატურის, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტისადმი. მოვითხოვთ, მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები არა მარტო მათ მიმართ, ვინც მსგავს მოწოდებებს აჟღერებს, არამედ მათ მიმართაც, ვინც ამ მოწოდებების იდეოლოგია. არა მარტო ჩვენ, ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება, რადგან ეს აფხაზეთის უსაფრთხოებას ეხება. ეს არ არის კონკრეტული პიროვნებების, კონკრეტული ეროვნებების საკითხი... მე არ ვიცი, ვინ რას ყიდულობს, თუმცა გარწმუნებთ, რომ ჩვენგან არავის არაფერი უყიდია. ჩვენ არასოდეს გვიფიქრია ჯილდოებზე, ჩვენ ვასრულებდით ჩვენს ვალს სამშობლოს წინაშე, და სამშობლომაც დაგვიფასა. შესაბამისმა სტრუქტურებმა ძალზე მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინონ. თუ ადამიანი ავადმყოფია, მისთვის შესაბამისი ადგილი არსებობს. ვფიქრობ, ჩვენ არა მხოლოდ ვითხოვთ, არამედ სრული უფლება გვაქვს, მოვითხოვოთ, რადგან ჩვენ აფხაზეთის მოქალაქეები ვართ, ჩვენ გული შეგვტკივა აფხაზეთის სახელმწიფოზე» - განაცხადა სომხური თემის საბჭოს თავმჯდომარემ გალუსტ ტრაპეზონიანმა.

დე ფაქტო სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ამას გამოხმაურება მალევე მოჰყვა. 11 ივლისს დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

«გაგრაში, ვეტერანების შეკრებაზე გამოთქმული მოსაზრებები, რომელმაც საზოგადოებაში ფართო რეზონანსი გამოიწვია, ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე უარეს მოვლენაზე – ნაციონალიზმზე იყო აგებული. ეს ის უბედურებაა, რომელსაც, იქცა რა სახელმწიფო იდეოლოგიად ზოგიერთ ქვეყანაში, ეს სახელმწიფოები კრახამდე მიუყვანია და ხალხები წვალებისთვის გაუწირავს. საკმარისია, გავიხსენოთ XX საუკუნის შუა პერიოდის ტრაგედია – მეორე მსოფლიო ომი, რომლის შედეგად მილიონობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. რა მოიტანა ფიურერის ნაციონალიზმზე დაფუძნებულმა იდეოლოგიამ, ყველამ ვიცით. თუმცა XX საუკუნის ბოლოსაც, არ გაითვალისწინა რა მსოფლიოს ეს მწარე გამოცდილება, საქართველოს ხელმძღვანელობამ, შეიარაღდა რა ამ მანკიერი იდეოლოგიით, გააჩაღა ომი, რომელმაც განადგურების პირას მიიყვანა ჩვენი ხალხი. მხოლოდ აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის სიმამაცემ და სიმტკიცემ შეძლო ვითარების გარდატეხა, - ხალხისა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ეროვნული და რელიგიური ტოლერანტობით. უდიდესი და უპატიებელი შეცდომა იქნებოდა ტოლობის ნიშნის დასმა პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმს შორის, - მათ შორის ხომ უფსკრულია. ჩვენი ხალხის დაყოფის მცდელობები მხოლოდ ჩვენს მტრებს აძლევთ ხელს. აფხაზეთი ჩვენი საერთო სახლია, ჩვენი ციხესიმაგრე და ჩვენი კერა. არავის მივცემთ მისი შიგნიდან დანგრევის საშუალებას! ჩვენ საამაყოც ბევრი გვაქვს და მსოფლიოსთვის საჩვენებელიც. ჩვენმა ხალხმა გრძელი გზა განვლო და ეს გზა მარტივი როდი იყო. გზას გვინათებდა ნათელი მომავლის იმედი ჩვენი შვილებისთვის, სამშობლოსადმი სიყვარული კი ძალას გვმატებდა. ჩვენი ცხოვრება დღესაც აღსავსეა გამოწვევებით. მაგრამ თუ სიძულვილით შევიარაღდებით, ვერაფერს ავაშენებთ, პირიქით, უფსკრულს მივუახლოვდებით. ამას ჩვენთან არავინ დაუშვებს».

აფხაზურ ინტერნეტ-სივრცეში სომეხი მომხმარებლები მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ ვერსიებს გამოთქვამენ, თუმცა მათი უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს “გამიზნული პროვოკაციაა”: ნაწილის აზრით - “მეგრელების”, ნაწილის აზრით – “თურქების”.

ანალიტიკოს ლევან გერაძის განცხადებით, აფხაზეთში აფხაზურ-, სომხურ- და რუსულენოვანი მოსახლეობის ხედვები და მისწრაფებები მნიშვნელოვნად განსხვავებულია და ეს, ბუნებრივია, ურთიერთობებზეც აისახება: 

„სომხურ- და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის აფხაზეთის „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ არსებობა დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს, - მათთვის ეს იყო უბრალოდ ერთ–ერთი შესაძლებლობა საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის. დღეს ისინი მშვენივრად ხედავენ, რომ მათთვის, წმინდა რაციონალი თვალსაზრისით, უკეთესია, აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში იყოს, რადგან სხვა გამოსავალი არსებულმა ვითარებამ შესაძლოა, არ დაუტოვოს. აფხაზური მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი ამ საკითხს სულ სხვაგგვარად უდგება. ამიტომაც ეს დაპირისპირება ბუნებრივია. ამასთან, სომხურ ეთნიკურ ჯგუფს აფხაზეთში უმრავლესობა აქვს, თუმცა აქამდე პოლიტიკური პრეტენზიები არ ჰქონდა, ეკონომიკური ბერკეტები კი მეტწილად ისედაც ხელში ეკავა. ახლა ნელ–ნელა პოლიტიკური ბერკეტების დაუფლების სურვილიც უჩნდება და ეს, ბუნებრივია, აფხაზური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს აშინებთ».

ანალიტიკოსი იხსენებს, რომ 2004 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელიც იმხანად «პრეზიდენტობის კანდიდატად» გვევლინებოდა, ღიად და პირდაპირ აცხადებდა ტელევიზიით, „არ უნდა დავუშვათ, რომ სომხები აფხაზებისთვის ეროვნულ საფრთხედ იქცნენო“.

«მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რომ ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები არსებობს, მისწრაფებებში, ხედვებში განსხვავებებია და საბოლოო ჯამში, როდესაც იქამდე მივა, რომ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ეს დაპირისპირება აშკარად იჩენს თავს“ - დარწმუნებულია გერაძე.

რაც შეეხება „მეგრელების“ მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს, ანალიტიკოსი ამ პროცესებში ქართველების ჩართულობას გამორიცხავს:
 
„სამწუხაროდ, ქართველებს არ გვაქვს შესაძლებლობა, იქ არათუ ეფექტური კონტროლი განვახორციელოთ, აფხაზეთში თუნდაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ვახდენდეთ რაიმე ხელშესახებ გავლენას. მე ამის ვერც მექანიზმს ვხედავ და ვერც რაიმე შესაძლებლობას. შესაბამისად, ასევე არ გვაქვს არანაირი შესაძლებლობა, სურვილი რომც გვქონდეს, იქ სიტუაცია ხელოვნურად დავძაბოთ. აქედან გამომდინარე, ქართველების როლი სიტუაციის დაძაბვაში ნულოვანია“.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოიყენება

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“

მასალა მომზადებულია პროექტის «ინტეგრირება ინფორმირებით» ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით