თეთრუაშვილი დაიკითხა: პროკურორებმა და ადვოკატებმა დარბაზიდან განსხვავებული ინფორმაცია გამოიტანეს

2017-07-14 15:26:01
376

ციანიდის საქმის პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხაებით, „მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ შორენა თეთრუაშვილს ბრალდებულისთვის ციანიდი და გველის შხამი არ უთხოვია“. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა. თავად დაკითხვის პროცესმა 3 საათს გასტანა.

პროკურორებისვე ინფორმაციით, დაზარალებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ შორენა თეთრუაშვილი დეკანოზისთვის კარიერული წინსვლისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო.

"დადასტურდა, რომ ბრალდებული იტყუებოდა. დადასტურდა, რომ გველის შხამი და ციანიდი თეთრუაშვილს არ მოუთხოვია. მან ასევე ცილისწამებლურ სტატიებზე ისაუბრა, რომლის დამკვეთი ბრალდებული იყო, "- აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

დაცვის მხარის განცხადებით კი თეთრუაშვილმა ვერანაირად ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მკვლელობას დეკანოზი გეგმავდა.

"თეთრუაშვილმა ვერანაირად ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მკვლელობას დეკანოზი გეგმავდა. მას კონკრეტული კითხვა დავუსვით – ჰქონდა თუ არა რაიმე ანგარების მოტივი მამალაძეს, რომ თქვენი მკვლელობა მოემზადებინა? მან თქვა, რომ „არანაირი ანგარების მოტივი მისთვის არ მიმიციაო“. შემდეგი კითხვა იყო – ჰქონდა თუ არა რაიმე საბაბი მამალაძეს, რის გამოც შეიძლებოდა დეკანოზს მოეკალით? მან უპასუხა, რომ „მისთვის ასეთი საბაბი ცნობილი არ არის“. კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, ამზადებდა თუ არა დეკანოზი თქვენს მკვლელობას?, მან უპასუხა, რომ არ იცის. კიდევ ერთ კითხვას – თქვენ მიირთმევდით თუ არა ტკბილს და შაქარს, (ეს ფრაზა ვიდეოდანაა, სადაც საუბარი იყო რომ იმ ადამიანის მკვლელობა იგეგმებოდა, ვინც ტკბილს არ ჭამდა), თეთრუაშვილმა უპასუხა – „მე ჩვეულებრივად მივირთმევ ტკბილს და შაქარს, როგორც ყველა ჯანმრთელი ადამიანი“. ამით დასტურდება, რომ ვიდეოდან ამოჭრილი ფრაზები შორენას არ განეკუთვნება. ჩვენ შევეკითხეთ, მზადდებოდა თუ არა 100 წლის იუბილე და ამასთან დაკავშირებით დეკანოზთან რაიმე სათხოვარი თუ ჰქონდა. მან ნაწილობრივ დაადასტურა, რომ უკრაინიდან ხელნაწერების ჩატანა სთხოვა, თუმცა ციანიდთან დაკავშირებით თხოვნა უარყო, რაზეც დეკანოზი მის ჩვენებაში საუბრობდა",-განაცხადა ფანცულაიამ.

თავად თეთრუაშვილმა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

ამ წუთებში კი სასამართლოში მეუფე იაკობი იკითხება. ის სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა და მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „მხოლოდ სიმართლის თქმას აპირებს“.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ ბრალდებამ 108 მოწმიდან 70 უკვე დაკითხა. მათ შორის იყვნენ გამომძიებლები, ექსპერტები, საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე, ადვოკატები - ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი. ასევე, უკვე დაიკითხნენ იმ კლინიკის თანამშრომლები, რომელსაც ბრალდებული გიორგი მამალაძე ხელმძღვანელობდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი წევრები. 

ცნობისთვის: სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.