აქცია ბერშუეთთან: "არ შევეგუებით, ქართული საზღვრები რუსმა სამხედროებმა გააკონტროლონ"

2017-07-14 10:30:29
139

აქციის “არა ოკუპაციას!“ მონაწილეების კოლონა ბერშუეთისკენ უკვე დაიძრა. ორგანიზატორების განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი და შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

„ჩვენ არ მივდივართ ერთი კონკრეტული ბანერის გასაპროტესტებლად. ჩვენ ვაპროტესტებთ რუსეთის აგრესიას და იმ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ტემპს იძენს და საშიში ხდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის,“ - განაცხადა ლაშა ბერულავამ.

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც საქართველოს საზღვრების რუსი ჯარისკაცების მიერ გაკონტროლებას არ შეეგუებიან, უმრავლესობაში არიან.

„ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ქართული საზღვრები რუსმა სამხედროებმა გააკონტროლონ და ქართული საზღვარი ლამის უკვე ავტობანამდე მოვიდეს. რუსეთში უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გაუწევენ წინააღმდეგობას საოკუპაციო პოლიტიკას. ის ადამიანების, რომლებიც ითხოვენ ოკუპაციის კანონის გაუქმებას, რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ამ ქვეყანაში არიან უმცირესობაში,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

საოკუპაციო ხაზთან, მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან. ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაააქტიუროს.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ მტერთან კოლაბორაცია, მტერთან თანამშრომლობა ქვეყნის ღია ღალატია. მივდივართ ამის გასაპროტესტებლად. რუსეთი არ არის საფრთხე მარტო საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ის საფრთხე გახდა ევროპისთვისაც, ამერიკისთვისაც და თავისუფალი სამყარო ამ ბრძოლაში დაამარცხებს დიქტატურას, რომლიც გუდავს ყველა თავისუფალ ქვეყანას გარშემო,“ - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა.