აფხაზური საზოგადოება რუსეთის «ელჩის» განცხადებით შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია

2017-07-13 17:28:41
5998

«აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის» სემიონ გრიგორიევის მუქარისშემცველი განცხადება რუსულ-აფხაზურ შიდა პოლიტიკურ სამზარეულოში ჩაუხედავი რიგითი აფხაზებისთვის არა მარტო მოულოდნელი აღმოჩნდა, არამედ შეურაცხმყოფელიც.


შეურაცხყოფილი დარჩა სოხუმში ცნობილი ჟურნალისტი და მიმომხილველი იზიდა ჭანიაც, რომლის შეფასებით, გრიგორიევის განცხადებამ «უკიდურესად არაკორექტულად გაიჟღერა»:


«[…] არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის მოქალაქეების მკვლელობის შემდეგ (ვფიქრობ, საჭირო არ არის ყველა იმ ტრაგედიის ჩამოთვლა, რომელიც დატრიალებულა და ახლაც ტრიალებს რუსეთში სხვა ქვეყნების მოქალაქეების თავს) რუსეთში აფხაზეთის ელჩს იგორ ახბას საკუთარი თავისთვის რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით მსგავსი დამოძღვრის უფლება მიეცეს. არასოდეს მსმენია არც ის, რომ მსგავსი რამ ეთქვათ რუსეთის ელჩებს სხვა ქვეყნებში – ინგლისში, საფრანგეთში და ა.შ., სადაც ასევე ხდება დანაშაულები და ზარალდებიან რუსეთის მოქალაქეები… რა თქმა უნდა, ადამიანების უსაფრთხოება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია და ძნელია, ამას არ დაეთანხმო. ტრაგედია, რომელიც მოხდა, ტრაგედიად რჩება, განურჩევლად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქე დაზარალდა დამნაშავეთა ხელით. ჩვენზე მეტად არავინ განიცდის ჩვენს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას, თუმცა ელჩის საქმე არ არის, გურუს როლში გამოდიოდეს და ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას პრიორიტეტებს უსაზღვრავდესო […]" - წერს ჭანია.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოფელ პრიმორსკოეს მიდამოებში მომხდარმა შეიარაღებულმა თავდასხმამ რუსი ტურისტის სიცოცხლე იმსხვერპლა.


ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი მოსკოველი ტურისტების ორ ოჯახს — კაბანოვებსა და ჩიჟიკოვებს, ჯამში 4 უფროსსა და 3 ბავშვს დაესხა თავს.   მათ რუს ტურისტებს სამკაულები და ფოტოაპარატები წაართვეს. ერთ-ერთმა ტურისტმა — 1984 წელს დაბადებულმა ანატოლი კაბანოვმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მას დანით ორი ჭრილობა მიაყენეს. მეორემ — ნიკოლაი ჩიჟიკოვმა ბოროტმოქმედებს ფული შესთავაზა, რომელიც ვითომდა საბანკო ბარათიდან უნდა მოეხსნა. თავდამსხმელთაგან ერთი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, მას უახლოესი ბანკომატისკენ გაჰყვა, მეორე კი ტყის მასივში შეყვანილ დანარჩენ მძევლებთან დარჩა. გზაში მამაკაცი თავდამსხმელს გაექცა და მილიციას მიაშურა. თავად ბოროტმოქმედები მიიმალნენ. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაიგვიანა, ამდენად დაჭრილი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენი დაზარალებულები ახლა მილიციის დაცვის ქვეშ იმყოფებიან.

ამას «აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის»  სემიონ გრიგორიევის მუქარისშემცველი განცხადება მოჰყვა.

რადიო «სპუტნიკთან" ინტერვიუში რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ «არაერთხელ გაუფრთხილებია აფხაზეთის ხელმძღვანელობა იმის შესახებ, რომ რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მისთვის პრიორიტეტული ამოცანა უნდა ყოფილიყო».
"ამასთან დაკავშირებით მოველი, რომ რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოები უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფენ დამნაშავეთა მოძიებას, დაკავებასა და უმკაცრესად დასჯას. საელჩოს ვებ-გვერდზე აუცილებლად განთავსდება გამაფრთხილებელი განცხადება რუსი დამსვენებლებისთვის, აფხაზეთში ყოფნისას სიფრთხილე და სიფხიზლე გამოიჩინონ. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, შემდგომ ეტაპებზე კი, თუ ეს საშიში ტენდენცია შენარჩუნდება, რუსული მხარე დამატებით მისაღებ ზომებზეც იმსჯელებს",- განაცხადა სემიონ გრიგორიევმა.

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"