ცხინვალმა მოსკოვს საერთაშორისო ძებნაში გამოსაცხადებლად საქართველოს მოქალაქეების 76–კაციანი სია გადასცა

2017-07-13 16:04:54
618

ოკუპირებული ე.წ სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას საერთაშორისო ძებნაში გამოსაცხადებლად საქართველოს მოქალაქეების 76–კაციანი სია გადასცა. ისინი „რესპუბლიკაში“ 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების დროს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილები. სიაში ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ქართველი სამხედრო პირები ფიგერურებენ, – განაცხადა ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის მსვლელობისას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

საკუთრივ რაზეა საუბარი? შეზღუდული სტატუსი ე.წ სამხრეთ ოსეთს „ინტერპოლში“ გაერთიანების შესაძლებლობას არ აძლევს. ამავდროულად, იგი რუსეთის მიერ აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილე „ქვეყნად“ არის აღიარებული. ამიტომაც მომწიფდა გადაწყვეტილება, ეჭვმიტანილთა სიები მოსკოვისთვის გადაეცათ, რათა საერთაშორისო ძებნაში ისინი რუსეთმა გამოაცხადოს.

უფლებათადამცველ ცენტრ „მემორიალის“ უფროს იურისტ კირილ კოროტეევის განცხადებით, იგი აღნიშნულ საკითხში ყველა ქვეყნის პრაქტიკას არ იცნობს, თუმცა შეუძლია, თქვას, რომ «თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ „ინტერპოლი“ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების შესახებ ნებისმიერ განაცხადს არაკრიტიკულად იღებდა (ანუ, სახელმწიფო ატყობინებდა და ადამიანს თითქმის ავტომატურად აცხადებდნენ ძებნაში), ახლა ამ სტრუქტურაშიც და მის წევრ ბევრ სახელმწიფოშიც სულ უფრო მეტად ღრმავდება აღქმა იმისა, რომ რიგი ქვეყნები „ინტერპოლს“ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ».

„როგორ იმუშავებს ეს ინიციატივა? - აქ ჯერ–ჯერობით ბევრი რამ არის გაურკვეველი. ერთის მხრივ, უდავოდ, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ რეგიონო საქართველოს შემადგენლობაში. მეორეს მხრივ, გაურკვეველია ისიც, თავად რუსეთი თუ წავა ამაზე, ვინაიდან მასაც, თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები გააჩნია. აქ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი, ნორმალური პოლიციური გაგებით, „ინტერპოლის“ სისტემების ბენეფიციარია და, შესაბამისად, ეს ორგანიზაცია პერიოდულად აკავებს პირებს, რომლებიც რეალურად საჭიროა რუსეთისთვის. მოინდებს კი მოსკოვი, საქართველოს რამდენიმე ათეულ მოქალაქეს სიცოცხლე გაუმწაროს და კიდევ უფრო შელახოს საკუთარი იმიჯი „ინტერპოლში“, შედეგად კი ვეღარ მიიღოს ამ ორგანიზაციისგან მისთვის საინტერესო დამნაშავეები, რომელთაც რუსეთი რეალურად ეძებს? ეს, ჩემი აზრით, მოსკოვისთვის სერიოზული განსჯის საგანი იქნება“, – განაცხადა კოროტეევმა.

«რესპუბლიკაში» 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მასში 500-მდე ეპიზოდია ზიანის მიყენების შესახება და 1000-მდე ეპიზოდი — მკვლელობებთან დაკავშირებით. როგორც ადრე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა განაცხადა, მისმა უწყებამ რამდენიმე თვის წინ გადასცა რუსეთს მონაცემები 2008 წლის აგვისტოში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ათეულობით ეჭვმიტანილის შესახებ. მისივე თქმით, ამასწინათ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ერთი ასეთი დამნაშავე დააკავეს და ოსურმა სასამართლომ მას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რუსი პოლიტოლოგი მოდესტ კოლეროვი თვლის, რომ რუსეთის გენერალურ პროკურატურას არაფერი უშლის ხელს,ოსი კოლეგების თხოვნა შეასრულოს.

«გამოძიება რეალურია, სარჩელები - დასაბუთებული, რაც შეეხება პოლიტიკურ ფონს, ახლა ის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე, მაგალითად, 8 წლის წინ, როდესაც ეს საქმეები იქნა გამოძიებული. ვითარებას ამსუბუქებს ის გარენოება, რომ თავად საქართველოა მზად, სააკაშვილი საერთაშოირსო ძებნაში გამოაცხადოს. ანუ, უკვე აღარ მუშაობს მოსაზრება,რომ საკითხი შესაძლოა, საქართველოში რომელიმე მოქმედ პირებს შეეხოთ. ეს ხალხი უკვე დიდი ხანია, ჩავიდა სცენიდან.

– ისინი უკვე იქაც ხელს უშლიან?

– დიახ, სწორედ ასეა.

– რამდენიმე წლის წინ მე და თქვენ უკვე ვისაუბრეთ სისხლის სამართლის ამ საქმეებზე. მაშინ მიუთითებდით გამოძიების დაბალ ხარისხზე. შეიძლება, ამან თხოვნის შესრულებას ხელი შეუშალოს?

– მას შემდეგ უკვე თითქმის 9 წელი გავიდა. რუსეთის გენპროკურატურამ ამ ხნის განმავლობაში დახმარება გასწია საბუთების პროცესუალურად გაფორმებაში, ამდენად, ვფიქრობ, იქ ყველაფერი მწყობრშია. გარდა ამისა, ახლა გენერალურ პროკურატურას შეუძლია, ფილტრის ფუნქცია შეასრულოს – გადაარჩიოს ყველაზე მეტად დამაჯერებელი მაგალითები და, სრულიად შესაძლებელია, საერთაშორისო ძებნის გამოცხადება მოითხოვოს».

აფხაზეთში ამასწინანდელი ვიზიტისას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა აცნობა ჟურნალისტებს, რომ «რესპუბლიკამ» ასევე მოამზადა დოკუმენტები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთვის, თუმცა «საქმე ჯერ ვერ დაიძრა»:

«სამწუხაროდ, ჩვენ არ გვესმის საერთაშორისო სასამართლოს პოზიცია იმ ბარბაროსობასთან დაკავშირებით, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში სჩადიოდა».

ოსური ხელმძღვანელობის პოზიციაში უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთგვარი დისონანსი შეიმჩნევა. იგი, ერთის მხრივ, საერთაშორისო სამართალზე და საერთაშორისო ინსტანციებზე აპელირებს, ხოლო მეორეს მხრივ, უარს უცხადებს თანამშრომლობაზე საერთაშორისო ინსტანციებს, იმავე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელსაც «ანგაჟირებულ, არაობიექტურ» სტრუქტურად მოიხსენიებს.

კირილ კოროტეევის აზრით, ეს ხშირად ემართებათ სხვადასხვა სახელმწიფოებს: ისინი საერთაშორისო სასამართლოს განიხილავენ იარაღად საკუთარ ოპონენტებთან გასამკლავებლად — მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზეა საუბარი, თუ კონფლიქტის მხარეზე. ამასთან, ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხშირად უგულებელყოფილია მათ მიერ, ვინც ამ სასამართლოს მიმართავს:

«ირკვევა, რომ საერთაშორისო სასამართლოს გამოყენება იმ ბიჭების დასასჯელად, რომლებიც არ მოგწონს, ყველაზე პროდუქტიული ტაქტიკა არ არის. ხოლო სასამართლოებთან პროფესიონალურად მუშაობა ნიშნავს, უშვებდე, რომ შენი მოქალაქეებიც შეიძლება, დაექვემდებარონ დევნას. ამდენად, უპირატესობას ხმამაღალ, მაგრამ არაკორექტულ პოლიტიკურ განცხადებებს ანიჭებენ და არა პროფესიონალურ იურიდიულ მუშაობას, - მე ასე ვიტყოდი». https://www.ekhokavkaza.com/a/28610973.html

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტ ბესო ბოხაშვილის შეფასებით, მთლიანობაში ეს საკითხი უკვე უფრო მეტად პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი: 


„ეს იმდენად პოლიტიკური საკითხია, რომ სამართლებრივად საუბარი უკვე ძალიან ჭირს. რაც შეეხება ზოგადად არსებულ პრაქტიკას, სწორედ ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც არსებობს ეჭვი ამა თუ იმ პირის მიერ ომის დანაშაულის ჩადენის შესახებ, არსებობს ასეთი ორგანო –  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელთანაც რუსეთი არ თანამშრომლობს» - განუცხადა «აქცენტს» ბოხაშვილმა.


რაც შეეხება «ინტერპოლს», იურისტის თქმით, აქ ცალკე პროცედურებია გათვალისწინებული და თუ რუსეთი საკითხზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს შესაბამის ორგანოებსაც აქვთ შესაძლებლობა, «ინტერპოლს» ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, და მათ ადვოკატებსაც:

«ორგანიზაცია განიხილავს, არის თუ არა მასთან მოთანამშრომლე სახელმწიფოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჯეროვანი, ხომ არ არსებობს რაიმე ფაფრული მოტივი, ხომ არ არის პოლიტიკური სარჩული, უსამართლობა ან ა.შ., და იღებს გადაწყვეტლებას, გამოაცხადოს თუ არა პირი ძებნაში. საქართველოს, თავის მხრივ, სურვილის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა, «ინტერპოლს» მიაწოდოს ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ, ისევე, როგორც ამ პირთა ადვოკატებს. ასეთი შემთხვევები ბევრია, იგივე საქართველოს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მიმართებაშიც. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა“.

კავკასიოლოგი გელა ხმალაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პიარაქციაა:

„თუ რუსეთი პრეზიდენტ სააკაშვილის და საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობისა და სამხედრო პირთა მიმართ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს,  ეს  საქართველოს წინააღმდეგ წმინდა პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა იქნება, რადგან შეუძლებელია, მათ რაიმე სახის სამართლებრივი არგუმენტი ჰქონდეთ. რუსეთმა თავის დროზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ამით თავადვე მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია, როგორც არასანდო პარტნიორმა. ერთის მხრივ, თავად სიების თემა ერთგვარი პიარაქციაა – თავი რამით ხომ უნდა იმართლონ? მეორეს მხრივ კი, რა საკვირველია, რუსეთი შეეცდება, ეს საქმე საქართველოს ხელისუფლების დეზორიენტაციისათვის და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გასამწვავებლად გამოიყენოს: მას იმედი ექნება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილთან დაპირისპირების გამო დაიწყებენ რუსულ მხარესთან თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ასეთი შესაძლო ნაბიჯი იქნება მოღალატეობრივი. ასეთი რამის დაშვება არ შეიძლება“.


ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოიყენება

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“

მასალა მომზადებულია პროექტის «ინტეგრირება ინფორმირებით» ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით