„აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“

2017-07-10 14:02:53
271

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთალის სათანადო სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა,– ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი ავრცელებს.

"ციხეში არ არის მკურნალობისთვის საჭირო სათანადო პირობები, რის გამოც აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. გარდა ამისა, არ არის სათანადო კვება, ცხელი საჭმელი, რის გამოც მუდმივად მუცლის ტკივილები აქვს. არც მაცივარშია თავისუფალი ადგილი საკვების შესანახად. აფგან მუხთარლის არ აძლევენ საკუთარ ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრის უფლებას", - აცხადებს დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი.

აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის პრობლემებზე მისი ადვოკატი და ოჯახის წევრები დიდი ხანია საუბრობენ. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს გული აწუხებს, აქვს დიაბეტი. მუხტარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა 2 კვირის წინ აცხადებდა, რომ მის ქმარს მედიკამენტებს არ აწვდიდნენ და არც საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ამ განცხადებას მაშინ აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილე გამოეხმაურა. თბილისში მყოფმა კამრან ალიევმა ქართველი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პენიტენციურ სისტემაში არსებობს სამედიცინო სამსახური და არანაირი კითხვები ამ კუთხით არ არსებობს.

"თქვენ არ ინერვიულოთ, ჩვენ გვაქვს სამედიცინო სამსახური პენიტენციურ სისტემაში, მუხთარლის თვალ-ყურს ადევნებენ და არანაირი კითხვები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ არსებობს. თუ რამე იქნება, თქვენ არ ინერვიულოთ, იქ არის კვალიფიციური სამედიცინო სამსახური და დახმარებას აღმოუჩენენ“ - განაცხადა 27 ივნისს კამრან ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ბაქოში იყო დაპატიმრებული საზღვრის უკანონო კვეთისას და არადეკლარირებული დიდი ოდენობის თანხის გადატანის ბრალდებებით. მუხთარლის წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და სასამართლო პროცესებს ელოდება. თავად მუხთარლი აცხადებს, რომ ის საქართველოდან ქართული პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს და საზღვარი მისი ნების წინააღმდეგ გადააკვეთინეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოშიც მიმდინარეობს, თუმცა შედეგები ამ დრომდე უცნობია.