„სასამართლოს მეგობრის სტატუსი პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუთავსებელია“

2017-06-19 18:22:44
150

”სასამართლოს მეგობრის” სტატუსი პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუთავსებელია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა და იქვე "მწუხარებით" დასძინა, რომ "ასეთი გადაცდომები პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხშირად ახასიათებს”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტს ე.წ. „მოსმენების კანონთან“ მიმართებაში არაერთხელ აქვს გამოყენებული ვეტო, რადგან მიაჩნდა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არ აყალიბებდა დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომელიც განახორციელებდა მოსმენებს - ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს".

„შესაბამისად, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რათა გაუქმდეს მოსმენების კანონში მუხლები, რომლებიც შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან“, - აღნიშნა მან.