ქართული საზოგადოების ახალი თავსატეხი

2017-06-19 17:51:34
358

იმ ფონზე, როდესაც მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დროის ხანმოკლე მონაკვეთში, „ა“ პუნქტიდან „ბე“ პუნქტში „გადაადგილების“ საქმის ვითარებას არკვევს და ასევე გაურკვეველია რა უფლებამოსილება შემორჩება პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, საქართველოს მოსახლეობას ახალი თავსატეხი გაუჩნდა: საკონსტიტუციო მონარქიის შესაძლო დამკვიდრება.

საქართველოს პატრიარქის ინიციატივამ მმართველი პოლიტიკური ელიტა სამსჯელოდ განაწყო, ანალიტიკოსების ნაწილი და facebook-საზოგადოება და იუმორის განწყობაზე დააყენა:  

„შეიძლება ეს არის მცდელობა, მონარქის დასმით პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების კომპენსირება მოხდეს. მაგრამ მსგავსი რაღაცეების გადაწყვეტა რეფერენდუმის გარეშე შესაძლებელია? რა თქმა უნდა, არა. იმიტომ, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ის არ შეიძლება გადაწყდეს რაღაც ჯგუფის მიერ, რომელსაც ხმა არჩევნებში 48%-მა მისცა,“ - ფიქრობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე.

კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად პატრიარქს შეხვდა, მანამდე კი განაცხადა, რომ „პატრიარქმა ჭეშმარიტება ბრძანა“:  

„ზოგადად, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტს გამორიცხავს. კიდევ ერთხელ, რაც მონარქიის საკითხს შეეხება, ამასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრა გვექნება და ამ შეხვედრის შემდეგ კომენტარის გაკეთება შესაძლებელი გახდება. რაც ბრძანა უწმინდესმა, არის ჭეშმარიტება, - ის, რომ მონარქიას პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოაქვს სიმშვიდე. ამაზე გვექნება შეხვედრა. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ეს საკითხი არ დაუსვამთ. ასეთი განცხადება პატრიარქმა გააკეთა, შესაბამისად, ძალიან მალე ჩვენ პატრიარქს უნდა შევხვდეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველი ფიქრობს, რომ ხელისუფლება საზოგადოებაში თემას გაშლის:

"მონარქიაზე მსჯელობა საზოგადოებაში უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, სახელმწიფო დაიწყებს ამ თემის განვრცობას, რათა კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი შეიქმნას“. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ საკითხზე მსჯელობა ხალხთან უნდა შედგეს.

„ვფიქრობ, საზოგადოებას უნდა ვკითხოთ აზრი. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას წინ უნდა უსწრებდეს დისკუსიები, მსჯელობა, გამოკითხვის ფორმები, საბოლოოდ კი ეს უნდა იყოს საერთო-სახალხო კონსენსუსი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკითხზე პლებისციტის ჩატარებას არ გამორიცხავს პარლამენტის თავმჯდომარე:

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან, მათ შორის ვისაუბრეთ იმ განცხადებებზე, რომელიც კონსტიტუციურ მონარქიას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას და მოწოდებას. მისი სიტყვების მნიშვნელობა დიდია და სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მართვის სისტემას აქვს უპირატესობები, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას აქვს უპირატესობები. პატრიარქმაც ბრძანა, რომ მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი. სერიოზული პლუსები აქვს და ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ამაზე. თუ იქნება პირობები, ეს შეიძლება", - განაცხდა კობახიძემ.

კითხვაზე განიხილება თუ არა ამ საკითხზე პლებისციტის ჩატარება, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია. 

"ფართოდ უნდა იყოს გამოკითხული საზოგადოების აზრი. მხოლოდ ასეთ პირობებში მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კობახიძემ. 

საპარლამენტო ოპოზიცია კი მმართველი გუნდის მხრიდან კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ პატრიარქის ინიციატივაზე საუბარს პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს. 

ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღნიშნავენ, რომ "მონარქია ფუფუნებაა, რომლის შესაძლებლობაც ბევრ მდიდარ ქვეყანასაც კი არ აქვს".

„მმართველმა გუნდმა იმიტომ აიტაცა მონარქიის თემა, რომ ამ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე არ ვისაუბროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი უწმინდესობა საქართველოს პატრიარქიც ნათლად ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ალბათ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მონარქია არის ძალიან ძვირი ფუფუნება, რომლის შესაძლებლობებიც არ აქვთ, მათ შორის, უმდიდრეს ევროპულ სახელმწიფოებს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა

დღის ბოლოს ხსენებულ თემას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  საკონსტიტუციო მონარქიის საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა ათწლეული დასჭირდეს.

რამდენადაც დღეს მე ვუსმენდი, ძირითადად, ოპოზიციის კომენტარებს, მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან არასწორად დაკავშირება პატრიარქის განცხადების, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს. საკონსტიტუცი ცვლილებები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ვფიქრობთ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, პატრიარქის უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ის ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც პატრიარქმა ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის. ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა ათწლეული დასჭირდეს, ან უფრო მეტი ან ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს, იქნება ძალიან დადებითი. ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით მხოლოდ და მხოლოდ და რა თქმა უნდა, ნაჩქარევი ნაბიჯები არ გვმართებს. ჩვენი აზრია, რომ ძალიან საინტერესოა ეს წინადადება, უამრავი დადებითი მხარე გააჩნია, მაგრამ ეს არ არის არანაირად დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იყო არასწორი ინტერპრეტირება”, – განაცხადა პრემიერმა.