«ლაფანყურის კოშმარი»: ავსტრიული გამოძიება საქმეში «რუსული კვალის» მიჩქმალვას ცდილობს?

2017-06-19 17:43:57
1308

ვენაში კვლავ ჩეჩნებზე საუბრობენ. ამჯერად საბაბი ავსტრიაში აბუ ჰამზას” სახელით ცნობილი 37 წლის მაგომედ იბრაგიმოვის ხმაურიანი პროცესია. სასამართლო დავა საქართველოს, კერძოდ 2012 წლის აგვისტოს ბოლო დღეებში ლოპოტას ხეობაში განვითარებულ სისხლიან მოვლენებს - იგივე «ლაფანყურის სპეცოპერაციას» უკავშირდება, რომელსაც სამი ქართველი ძალოვანი და ჩრდილოეთკავკასიელების შეიარაღებული ჯგუფის 7  წევრი შეეწირა.

 

ლოპოტას ხეობის სპეცოპერაცია

ოფიციალური ვერსიით, ლოპოტას ხეობაში უცნობი შეიარაღებული ჯგუფის არსებობა ქართველმა ძალოვანებმა 2012 წლის აგვისტოს ბოლო დღეებში რამდენიმე ლაფანყურელის გაუჩინარების შესახებ ადგილობრივთა შეტყობინებაზე რეაგირების პროცესში დაადგინეს. მათ ჩრდილოეთკავკასიელების შეიარაღებული ჯგუფი ალყაში მოაქციეს და იარაღის დაყრაზე მის დაყოლიებას შეეცადნენ. თავის მხრივ, ჯგუფის წევრები რუსეთის ტერიტორიაზე გადაშვებას მოითხოვდნენ.

რამდენიმესაათიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო.

საბოლოო ჯამში, 10 პირი (3 ქართველი სამართალდამცველი და შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი) დაიღუპა, ჯგუფის ცოცხლად გადარჩენილმა წევრებმა (10–მა) მიმალვა შეძლეს, მათგან ერთი - ახმედ ჩატაევი, რომელიც ფეხის არეში იყო დაჭრილი, სამართალდამცველებმა მოგვიანებით იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილი ჩატაევი ქართველ სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. მას ფეხის  ამპუტაცია დასჭირდა.

 

რა ვიცით შეიარაღებული ჯგუფის წევრთა შესახებ

ერთი საინტერესო დეტალი: თავდაპირველად ქართველი ძალოვანები 17-კაციან ჯგუფზე საუბრობდნენ, თუმცა შემდეგ ოფიციალურ განცხადებებში მათი რაოდენობა 11-მდე «შეამცირეს».

«აქცენტმა» საკუთარი წყაროებიდან ჯგუფის წევრთა სრული სიის მოპოვება შეძლო. მათ შორის არიან:

ასლან ოზდოევი (იგივე რუსტამ მალცაგოვი),

გიორგი კუშტანაშვილი,

დაღესტნელი შამილი (ჩვენთვის გვარი უცნობია),

ხასოლტ ოვლაჩიევი,

აინდი მერზოევი,

ზელიმხან მახტიევი,

მურად ხადიზოვი,

სუხო დუდაევი,

სულეიმან მაგომედოვი (იგივე «რაბანი»),

მაგომედ იბრაგიმოვი (იგივე «აბუ-ჰამზა»).

ჯგუფის ზემოაღნიშნული წევრები სპეცოპერაციის დროს ცოცხლები გადარჩნენ და საქართველოს ტერიტორია დატოვეს.

ჯგუფის დანარჩენები – სპეცოპერაციის დროს დაღუპული წევრების ვინაობა იმთავითვე გახდა ცნობილი:

ასლან მარგოშვილი  (საქართველოს მოქალაქე, პანკისის მკვიდრი);

ბაჰაუდინ ქავთარაშვილი (საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი);

ბაჰაუდდინ ბაღაკაშვილი (რუსეთის მოქალაქე, ჩეჩნეთის მკვიდრი, პანკისის ხეობაში ნათესავები ჰყავდა);

დუკვახა დოშუევი (ახმედ ზაკაევის დაცვის წევრი); 

სალამ ზაურბეკოვი; 

ჯაბრაილ ხაშიევი (რუსეთის მოქალაქე); 

მუსა ადუევი – (რუსეთის მოქალაქე);

შეიარაღებული ჯგუფის წევრთა უმრავლესობა საქართველოში უცხოეთიდან იყო შემოსული, მცირე ნაწილს კი პანკისელები წარმოადგენდნენ. კერძოდ, „აქცენტის“ ინფორმაციით, 17 პირიდან 12-მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ლეგალურად გადმოკვეთა: ორი მათგანი ქვეყნის ტერიტორიაზე სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა, 6 – სტამბოლი-თბილისის, 3 – ვენა–თბილისის, ერთი კი – კიევი-თბილისის რეისით. ყველა ამ შემთხვევაში საზღვარი ლეგალურად იყო გადმოკვეთილი, ლეგალური საბუთებით.

ჯგუფის კიდევ ორმა წევრმა, კერძოდ «რაბანიმ» და «შამილმა» საქართველოში არალეგალური გზით დაღესტნიდან შემოაღწიეს.

კიდევ სამი - ოზდოევი (ლტოლვილის სტატუსის მატარებელი), ქავთარაშვილი და კუშტანაშვილი საქართველოში იმყოფებოდნენ.

რა მოხდა ლოპოტაში: ავსტრიული გამოძიების, ბრალდებულისა და  სააკაშვილის ხელისუფლების ვერსიები

ავსტრიული გამოძიების ვერსია: მაგომედ იბრაგიმოვმა ამჟამად სირიაში მყოფ ახმედ ჩატაევთან (ცნობილია ასევე «ცალხელა ახმედას» მეტსახელით) ერთად «ჯიჰადისთვის» ჯგუფის შესაკრავად ახალგაზრდები გადაიბირა და მათი ჩეჩნეთსა და დაღესტანში გადასროლის ოპერაცია მოამზადა. ბრალდების თანახმად, ჩატაევი ოპერაციის ორგანიზატორი იყო, ხოლო იბრაგიმოვი - 12-კაციანი ჯგუფის ხელმძღვანელი

2012 წელს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების შეფასება ასეთია: ეს იყო პროვოკაცია რუსეთის, კერძოდ, უშუალოდ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მხრიდან, ქართველი სამხედროებისა და სპეცსამსახურების მოქმედება კი სწორედ ამ პროვოკაციის არდაშვებაზე იყო მიმართული, რომელსაც შეეძლო, საქართველოში რუსეთის მორიგი შემოჭრა გამოეწვია. სხვათა შორის, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ "Кавказ.Реалии"-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც განაცხადა (https://www.radiomarsho.com/a/vienn-saakashvili-ukraine-chechnya-georgia/28534878.html).

ამ ნაწილში «ნაციონალების» ხელისუფლების შეფასებასთან თანხვედრაშია თავად იბრაგიმოვის ვერსიაც, რომლის თანახმად, მთელი ოპერაცია მის მიერ ისლამ კადიროვთან (რამზან კადიროვის ნათესავი) ერთად იყო დაგეგმილი და სწორედ ეს უკანასკნელი ელოდა საქართველოდან ჩრდილოეთკავკასიელების შეიარაღებული ჯგუფის გადასვლას, რომელსაც საზღვრის რუსულ მხარეს უნდა დაჰხვედროდა.

 

«ნაციონალების» ხელისუფლებისა და მაგომედ იბრაგიმოვის ვერსიებს შორის ერთადერთი განსხვავება შეიარაღებული ჯგუფის ოპერაციის ჩაშლის მიზეზებს უკავშირდება.

კერძოდ, როგორც ბრალდებულმა ვენაში გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ოპერაციის ჩაშლაც ისლამ კადიროვის ბრალეულობით მოხდა: მან გაგზავნა SMS-შეტყობინება, რომელიც ქართულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს ჩაუვარდათ ხელში და ამან რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი ჯგუფისთვის გზის გადაჭრის შესაძლებლობა შექმნა.

აი, ამ ნაწილში კი «აქცენტს» საქმეში ჩახედული იმჟამინდელი ქართველი ძალოვანებისგან განსხვავებული ინფორმაცია აქვს: ზემოაღნიშნული მოვლენების დროსვე გაჩნდა ეჭვი, რომ ლოპოტას ხეობაში გამაგრებული შეიარაღებული ჯგუფის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებს შეიარაღებული ჯგუფის წევრი სულეიმან მაგომედოვი, მეტსახელად „რაბანი“ გადასცემდა, რომელიც,იბრაგიმოვის მსგავსად, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. “რაბანი” მომლაპარაკებლებთან ურთიერთობისას განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა და პრინციპულად ითხოვდა შეიარაღებული ჯგუფის რუსეთის ტერიტორიაზე გადატარებას. მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაც დიდწილად მის “დამსახურებად” მიიჩნევა. საბოლოოდ “რაბანიმ” შეიარაღებული ჯგუფის წევრები სპეცოპერაციის დაწყებამდე მიატოვა და რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.

თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ იბრაგიმოვის ზემოაღნიშნული ჩვენება “ნაციონალების” ხელისუფლების ვერსიას სულაც არ ეწინააღმდეგება: უბრალოდ იბრაგიმოვი არაფერს ამბობს იმაზე, ვინ აწვდიდა ჯგუფის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას მის მიერ ნახსენებ სულეიმან კადიროვს, რომლის მობილური შეტყობინებაც გახდა შემდგომ, მისი მტკიცებით, ოპერაციის ჩავარდნის მიზეზი.

საქართველოს ახალ ხელისუფლებას ვერსია 5 წლისთავზეც არ გააჩნია, ციხიდან გაშვებული ჩატაევი კი სირიიდან ტერაქტებს ამზადებს

რაც შეეხება ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ვერსიას, ის საერთოდ არ არსებობს: 2012 წელს ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლიდან დღემდე, თითქმის 5-წლიანი გამოძიების განმავლობაში საქმეში ბრალდებულიც კი არ არის გამოკვეთილი. საქმეს არც კვალიფიკაცია შესცვლია: ძიება კვლავ 142–ე – მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით მიმდინარეობს.

და ეს – იმ ფონზე, რომ ამ სპეცოპერაციის საქმის შესასწავლად სახალხო დამცველის აპარატთან სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა, თუმცა მან დამატებითი კითხვების მეტი, ვერაფერი გამოიმუშავა და ხელისუფლებას მიმართა რეკომენდაციით, საქმის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისია შექმნილიყო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა რეკომენდაციას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რის გამოც ომბუდსმენი პერიოდულად დღემდე გამოთქვამს ხელისუფლების მიმართ პრეტენზიას.

ერთადერთი, რაც “ქართულმა ოცნებამ” ამ საქმესთან დაკავშირებით 5 წლის განმავლობაში მოახერხა,  ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 თვეში ავსტრიული გამოძიების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურის – ახმედ ჩატაევის, იგივე “ცალხელა ახმედას” ციხიდან გათავისუფლება და ქვეყნიდან გაშვებაა.

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროკურატურამ ჩატაევს ბრალდება მოუხსნა და ოჯახთან ერთად ავსტრიაში გადაბარგების შესაძლებლობა მისცა. მალევე ჩატაევმა სირიაში გადაინაცვლა და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა, სადაც სადღეისოდ «რუსულ სექტორს» კურირებს. არსებული ინფორმაციით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი რუსეთსა და ევროპაში «ისლამური სახელმწიფოს» ოპერაციების დაგეგმვაზე http://accent.com.ge/ge/news/details/18058.

დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩატაევზე და მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლებზე საუბარს თავს არიდებენ http://rustavi2.ge/ka/news/78154.

რაც შეეხება მაგომედ იბრაგიმოვს, „აქცენტის” წყაროს ცნობით, საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში შს სამინისტროს წარმომადგენლებსა და “აბუ ჰამზას” შორის კომუნიკაცია შედგა – იგი ავსტრიაში გამოიკითხა. ამასთან, ქართველ ძალოვანებს ადგილზე იბრაგიმოვთან ერთად რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დახვდათ, რომელმაც თავი ადვოკატად წარუდგინათ.

თუმცა საქმის საქართველოში მიმდინარე გამოძიების ზედამხედველი პროკურორკი ჯაბა გურგენიძე იბრაგიმოვის დაკითხვას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ საქმეში მისი ჩვენება არ დევს:

„მაგომედის ჩვენება ნამდვილად არ გვაქვს საქმეში, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ იყო საქართველოშიო“.

ამჟამად აქვთ თუ არა ქართველ ძალოვანებს საქმის ფარგლებში კომუნიკაცია ავსტიელ კოლეგებთან, გურგენიძე არ აკონკრეტებს.

ვინ არის მაგომედ იბრაგიმოვი

ბრალდებული იბრაგიმოვი საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფიგურაა.

თავდაპირველ ჩვენებაში «აბუ ჰამზა» ირწმუნებოდა, რომ იჩქერიის წინააღმდეგობის მოძრაობის წლებში გელაევის რაზმში იყო (ამ ეპიზოდთან დაკავშირებით «აქცენტი» ჩეჩენი ვეტერანებისგან საინტერესო ინფორმაციას ფლობს:  იბრაგიმოვი, რომელსაც 2000-იან წლებში მეტსახელით «მალიშ» იცნობდნენ, საქართველოში იმყოფებოდა და საველე მეთაურ რუსლან გელაევის რაზმში ირიცხებოდა. მოგვიანებით გაჩნდა ეჭვი, რომ ის სპეცსამსახურებზე, კერძოდ, ჩეჩნეთის იმჟამინდელ ე.წ. ხელმძღვანელობაზე მუშაობდა და გელაევის მოკვლა ჰქონდა დავალებული, თუმცა ამის დადასტურება ვერ მოხერხდა, ამიტომ მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება არ მიუღიათ და რაზმიდან ცოცხალი გაუშვეს), შემდეგ ბასაევთან ერთად იბრძოდა, ხოლო ამ უკანასკნელის დაღუპვის შემდეგ «კავკასიის იმარატის» ლიდერ დოკუ უმაროვს დაუახლოვდა. თუმცა მოგვიანებით მან უმაროვთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ მას «ვერასოდეს შეხვდებოდა, რადგან 2005 წლიდან უკვე ავსტრიაში იმყოფებოდა».

იბრაგიმოვის ჩვენების თანახმად, 2004 წელს იგი ჩეჩნეთში დააკავეს, აწამეს და ამ გზით დაითანხმეს, იქაურ ხელისუფლებასთან ეთანამშრომლა. ბრალდებული ირწმუნება, რომ 2005 წლიდან რუსული სპეცსამსახურების (ამ კონტექსტშიც  მისი ჩვენებები წინააღმდეგობრივია: ასახელებს ხან ГРУ-ს, ხან ФСБ-ს...) აგენტი იყო და ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის პირადი ჯაშუში; რომ ევალა ინფორმაციის შეგროვება ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების შესახებ, რომელსაც შემდგომ უშუალოდ რამზან კადიროვსა და მის ნათესავ ისლამ კადიროვს აწვდიდა.

 

იბრაგიმოვის ჩვენების იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციას ეხება, ვკითხულობთ შემდეგს:

2011 წელს, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით ავსტრიაში ერთ-ერთი ჩეჩენი მოკლეს, იგი კადიროვს განუდგა და მიიღო გადაწყვეტილება, მისთვის აღარ ემუშავა, თუმცა შემდეგ, როდესაც ჩეჩნეთში მისი და დააკავეს, იძულებული გახდა, კადიროვისთვის ჯაშუშურ საქმიანობას დაჰბრუნებოდა და ლოპოტას ხეობის 2012 წლის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ მოვლენებშიც ჩართულიყო.

რა ბედი ეწია იბრაგიმოვს ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციის შემდეგ  

თავად «აბუ ჰამზა» ჩვენებაში ირწმუნება, რომ ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, თუმცა გადარჩა და შემდგომში საქართველოდან გაქცევა მოახერხა.

«აქცენტის» წყარო კი საქართველოს წინა ხელისუფლების ძალოვანი უწყებიდან სხვა ინფორმაციას ფლობს: იბრაგიმოვმა, «რაბანის» მსგავსად, შეიარაღებული ჯგუფის წევრები სპეცოპერაციის დაწყებამდე მიატოვა და გაიპარა.

ასეა თუ ისე, არსებული ინფორმაციით, შემდგომში მაგომედ იბრაგიმოვმა სტამბოლში მოახერხა გადასვლა, თუმცა თურქეთში დაყოვნების გეგმის რეალიზებაში “კავკასიის იმარატის” იქაურმა წევრებმა შეუშალეს ხელი, რომლებმაც იგი დოკუ უმაროვის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს. მათ იბრაგიმოვს პასპორტიც ჩამოართვეს და მას უსაბუთოდ ავსტრიაში მოუწია გაქცევა. 

სტამბოლიდან ავსტრიაში გაღწევის შემდეგ იბრაგიმოვი აქტიურად დაკავდა უკრაინაში საბრძოლველად ჩეჩნების გადაბირებით. გააჩნდა რა გარკვეული კავშირები უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან, იგი ცდილობდა, შეექმნა შეიარაღებული დაჯგუფება, რომელსაც თავად გააკონტროლებდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

ამის შემდეგ მან ისა მუნაევს მიაშურა, რომელიც საპირისპირო ბანაკს წარმოადგენდა და უკრაინის დროშის ქვეშ მებრძოლ ადგილობრივ ჩეჩნებში უდავო ავტორიტეტით სარგებლობდა. თუმცა მუნაევთან კავშირიც ხანმოკლე აღმოჩნდა: მუნაევს უკრაინის თავისუფლებისთვის სურდა ბრძოლა, მაშინ, როდესაც მაგომედს უნდოდა, ისინი კოლომოისკის საქმეებით დაკავებულიყვნენ (სხვათა შორის, "Кавказ.Реалии"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მოსაზრებებს უკრაინაში ჩეჩნების ბრძოლის საკითხზეც გამოთქვამს და ამბობს, რომ «უკრაინაში წყდება არა მხოლოდ უკრაინელების ბედი, არამედ ჩეჩენი ხალხისაც და ზოგადად კავკასიისაც»  https://www.radiomarsho.com/a/vienn-saakashvili-ukraine-chechnya-georgia/28534878.html). ამის გამო მუნაევმა იგი რაზმიდან გააგდო და “აბუ ჰამზა” იძულებული გახდა, კვლავ ვენაში დაბრუნებულიყო.

აქვე ვიტყვით, რომ იბრაგიმოვის მიმართ დიდი კითხვის ნიშნები აქვთ ავსტრიის ჩეჩნურ თემში: როგორც დიასპორის წარმომადგენლებმა "Кавказ.Реалии"-ს განუცხადეს, “აბუ ჰამზა” მათ რიცხვში იყო, ვინც იღწვოდა, “ისლამური სახელმწიფოს” მიმდევართა წრეში შეეღწია. ამასთან, დიასპორაში კატეგორიულად გამორიცხავენ იმას, რომ მაგომედს “კავკასიის იმარატის” არსებობის დროს დაჯგუფების კურსის განმსაზღვრელი თუნდაც მცირედი მნიშვნელობის როლი შეესრულებინა.

ზემოთთქმული რომ შევაჯამოთ, იბრაგიმოვის მოღვაწეობაც და შემდგომ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებიც ნაკლებად სანდოა როგორც ჩეჩნებისთვის, ისე ავსტრიელი სამართალდამცველებისა და საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის.  

რატომ ცდილობს ავსტრიული მხარე საქმეში «რუსული კვალის» გაფერმკრთალებას

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იბრაგიმოვის ჩვენებებისა და «ლაფანყურის სპეცოპერაციის» საქმეში მისი როლის მსგავსად, თავად ავსტრიული მხარის მოქმედებაც და ამჟამინდელი გამოძიების განცხადებებიც არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.

ის, რომ ბრალდების მხარისთვის სასამართლო პროცესი მარტივი არ იქნებოდა, იმთავითვე ცხადი გახდა: გარდა იმისა, რომ იბრაგიმოვი ჩვენებებს ცვლის, ბრალდებულის ინტერესებს ავსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ადვოკატად მიჩნეული ვოლფგანგ ბლაშიცი იცავს. 

ამ უკანასკნელის ვერსია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზეა აგებული. ამასთან, ბლაციცი ამბობს, რომ უშუალოდ ლოპოტას ხეობის ოპერაციაში იბრაგიმოვი ახმად ჩატაევმა ჩართო – იმ ჩატაევმა, რომელიც, ავსტრიული გამოძიების ვერსიით, 2012 წელს ჩრდილოეთკავკასიელთა შეიარაღებული ჯგუფის ოპერაციის ორგანიზატორი იყო, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ კი, წინა ხელისუფლების მიერ დაკავებული, ციხიდან და შემდეგ ქვეყნიდან გაუშვა.

რაც შეეხება გამოძიების განცხადებებს, როგორც პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, ავსტრიაში «აბუ ჰამზა» ორჯერ მოექცა ადგილობრივ სამართალდამცველთა ყურადღების ცენტრში: პირველად – ალიმენტების გადაუხდელობის, მეორედ  – ჩხუბისა და იარაღის უკანონო შენახვის გამო. ავსტრიული გამოძიების მტკიცებით, მეორე შემთხვევაში მის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინეს ვიდეორგოლი ლოპოტას ხეობის 2012 წლის სპეცოპერაციის შესახებ, რომელშიც იბრაგიმოვი დეტალურად აღწერდა ამ ოპერაციაში საკუთარ როლს. და სწორედ ეს ვიდეოჩანაწერი იქცა «აბუ ჰამზას» წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლად.

ამასთან, ავსტრიული მხარე არ უარყოფს, რომ მანამდეც, ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან იბრაგიმოვის თაობაზე, თუმცა როგორც პროცესზე პროკურორმა განმარტა, იბრაგიმოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის 2012 წელს დაწყება ვერ მოხერხდა, რადგანაც არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ლოპოტას ხეობის ოპერაციაში მისი მონაწილეობის თაობაზე

ამასთან, «აქცენტის» ძალოვანი წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც 2012 წელსვე დადასტურდა, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრებს შორის იბრაგიმოვიც იმყოფებოდა, რომელსაც ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მიღებული და თბილისი ამ საკითხზე ვენას დაუკავშირდა, ავსტრიელებმა გაიკვირვეს:  „როგორ მოხდა, რომ ეს პირი თქვენთან აღმოჩნდა და თან შეიარაღებულ ჯგუფში?! - ჩვენ ის აღრიცხვაზე გვყავს აყვანილი, როგორც რუსეთის აგენტიო“.

ანუ, ავსტრიული მხარე უკვე იმ დროს იყო ინფორმირებული იბრაგიმოვის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ. დღეს კი, როდესაც ბრალდებული პროცესზე თავად აღიარებს, რომ 2005 წლიდან რუსული სპეცსამსახურების აგენტია და რამზან კადიროვის პირადი ჯაშუში, რომ მთელი ეს წლები რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა, მათ შორის – ლოპოტას ხეობის ოპერაციის დროსაც, ავსტრიული გამოძიება ამბობს, რომ ამის არ სჯერა და რომ აგენტობა ბრალდებულის მხოლოდ მორიგი ხრიკია მისი ტერორისტული ბუნების შესანიღბად.

უნდა აღინიშნოს, რომ ამის დასტურად პროკურორმა სასამართლო პროცესზე ღიმილისმომგვრელი არგუმენტი მოიყვანა: «რუსეთის სპეცსამსახურებმა ავსტრიული მხარის მიმართვის საპასუხოდ იბრაგიმოვის აგენტობა უარყვესო».

ავსტრიული მხარისთვის კიდევ ერთი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული მომენტი     თავად ავსტრიის სამართალდამცველ ორგანოებთან ბრალდებულის შესაძლო კავშირს ეხება.

კერძოდ, სასამართლო პროცესზე იბრაგიმოვს არ დაუმალავს, რომ ფლობდა ინფორმაციას რამზან კადიროვის მიერ ავსტრიაში ჩეჩნური თემის ამა თუ იმ წარმომადგენლის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას პარალელურად ავსტრიის პოლიციას აწვდიდა.

თავად ავსტრიელი სამართალდამცველები იბრაგიმოვთან თანამშრომლობას უარყოფენ. 

თავის მხრივ, ავსტრიის ჩეჩნური თემი გეგმავს, ყურადღებით ადევნოს თვალყური სასამართლო პროცესს, რომლის მიმდინარეობისას დიასპორის მიმართ რუსეთის ხელისუფლების მოქმედების არაერთი დეტალი შეიძლება, გამოიკვეთოს.

საინფორმაციო სააგენტო «აქცენტი»