ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 20-21 ივნისს გაიმართება

2017-06-19 17:18:35
56

20-21 ივნისს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და შესრულება, მის უზრუნველსაყოფად ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

„მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტულ დარღვევას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და მილიტარიზაციის გაგრძელებას. განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, მავთულხლართების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.

საქართველოს დელეგაცია მწვავედ დასვამს გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის, მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობას, როგორც დაუსჯელობის სინდრომისა და ეთნიკურ საფუძველზე დისკრიმინაციის აღკვეთის მნიშვნელოვან ფაქტორს.  ჟენევის მოლაპარაკებებსა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, ხელი დააფარონ მკვლელს, ნეგატიურად აისახება სამშვიდობო პროცესებზე.

საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია გამოიჩენს პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ და არსებით მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფებში.

საქართველოს დელეგაცია, თავის მხრივ, კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის“, - აცხადებენ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.