„ჩამოიყვანონ რომელიმე ევროპული დინასტია: იქნებ ეს დაგვეხმაროს ევროკავშირში გაერთიანებაში“

2017-06-19 17:12:35
191

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე კონსტიტუციური მონარქიის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების რეფერენდუმის გარეშე მიღებას მიუღებლად მიიჩნევს.

„შეიძლება, ეს არის მცდელობა, მონარქის დასმით პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების კომპენსირება მოხდეს. მაგრამ მსგავსი რაღაცეების გადაწყვეტა რეფერენდუმის გარეშე შესაძლებელია? რა თქმა უნდა, არა. იმიტომ, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ის არ შეიძლება გადაწყდეს რაღაც ჯგუფის მიერ, რომელსაც ხმა არჩევნებში 48%-მა მისცა,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი მმართველ გუნდს ხუმრობით რომელიმე ევროპული დინასტიის ჩამოყვანას სთავაზობს.

„მე ვთავაზობ, რომ ჩამოიყვანონ რომელიმე ევროპული დინასტია. ეს იქნებ დაგვეხმაროს შემდეგ ევროკავშირში გაერთიანებაში,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ცნობისთვის: პატრიარქი საკვირაო ქადაგებისას მონარქიის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა:

„საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს, ვინ ვიქნებით ხვალ. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ  უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი",- ბრძანა პატრიარქმა.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად პატრიარქს შეხვდა, მანამდე კი განაცხადა, რომ „პატრიარქმა ჭეშმარიტება ბრძანა“:  

„ზოგადად, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტს გამორიცხავს. კიდევ ერთხელ, რაც მონარქიის საკითხს შეეხება, ამასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრა გვექნება და ამ შეხვედრის შემდეგ კომენტარის გაკეთება შესაძლებელი გახდება. რაც ბრძანა უწმინდესმა, არის ჭეშმარიტება - ის, რომ მონარქიას პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოაქვს სიმშვიდე. ამაზე გვექნება შეხვედრა. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ეს საკითხი არ დაუსვამთ. ასეთი განცხადება პატრიარქმა გააკეთა, შესაბამისად, ძალიან მალე ჩვენ პატრიარქს უნდა შევხვდეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველ ფიქრობს, რომ ხელისუფლება საზოგადოებაში თემას გაშლის:

"მონარქიაზე მსჯელობა საზოგადოებაში უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, სახელმწიფო დაიწყებს ამ თემის განვრცობას, რათა კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი შეიქმნას“. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ საკითხზე მსჯელობა ხალხთან უნდა შედგეს.

„ვფიქრობ, საზოგადოებას უნდა ვკითხოთ აზრი. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას წინ უნდა უსწრებდეს დისკუსიები, მსჯელობა, გამოკითხვის ფორმები, საბოლოოდ კი ეს უნდა იყოს საერთო-სახალხო კონსენსუსი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.