კობახიძე კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე პატრიარქს ხვდება: „რაც ბრძანა უწმინდესმა, არის ჭეშმარიტება!“

2017-06-19 12:07:18
385

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდება. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, შეხვედრაზე პატრიარქის ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომელიც საკონსტიტუციო მონარქიას ეხება.  

ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე აუცილებლად შეხვდებოდა პატრიარქს. 

„ზოგადად, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტს გამორიცხავს. კიდევ ერთხელ, რაც მონარქიის საკითხს შეეხება, ამასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრა გვექნება და ამ შეხვედრის შემდეგ კომენტარის გაკეთება შესაძლებელი გახდება. რაც ბრძანა უწმინდესმა, არის ჭეშმარიტება, - ის, რომ მონარქიას პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოაქვს სიმშვიდე. ამაზე გვექნება შეხვედრა. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ეს საკითხი არ დაუსვამთ. ასეთი განცხადება პატრიარქმა გააკეთა, შესაბამისად, ძალიან მალე ჩვენ პატრიარქს უნდა შევხვდეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით კი „საკონსტიტუციო მონარქია ისეთი საკითხია, რასაც სრული ეროვნული თანხმობა სჭირდება“.

"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რონ პატრიარქის ინიციატივა საყურადღებოა და მეორე რიგში უნდა ვთქვათ, რომ  მთელმა ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს გააწყვეტილება. ჩვენი პოზიცია როგოეც მთავრობის იქნება გამომდინარე ქართველი ხალხის ნებიდან. პირადად ჩემს პოზიციას არ გაგიზიარებთ. თუ პატრიარქმა ასეთი ინიციატივა თქვა, სულ მცირე, განხილვა აუცილებელია",-აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ

ცნობისთვის: ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ "ხშირი შემთხვევაა, როცა მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს, ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში".

„საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს, ვინ ვიქნებით ხვალ. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ  უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი",- ბრძანა პატრიარქმა.