ცხინვალელი უფლებადამცველი: “ქართველი ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების წართმევა ჩვენი კონსტიტუციის დარღვევა იქნება”

2017-06-18 15:30:56
282

ცხინვალელმა უფლებადამცველმა ფატიმა მარგიონმა “ფეისბუქში” 2014 წლის ვიდეორგოლი განათავსა (https://www.youtube.com/watch?v=pLxTv8yCgdA&feature=share), რომელშიც ცნობილი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ორჰან ჯამალი აფხაზეთიდან დე ფაქტო ექს-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის გაძევების მიზეზებზე საუბრობს. იგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ეს იყო “სიგნალი საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან”. 

ფატიმამ, თავის მხრივ, მიაწერა: “2014 წელი აფხაზეთში: ზუსტად იგივე...”.

“აქცენტმა” ამ და სხვა საკითხებზე, მათ შორის რუსეთთან მიერთების ინიციატივასა და ახალგორის რაიონთან მიმართებაში დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის ბოლო განკარგულებებზე ოსი უფლებადამცველის მოსაზრებების უფრო დეტალურად გაცნობა გადაწყვიტა. გთავაზობთ ინტერვიუს ფატიმა მარგიონთან.



- ფატიმა, გამარჯობა! გავეცანი თქვენს მიერ ინტერნეტ-ფორუმელებისთვის შეთავაზებულ ვიდეორგოლს. იქნებ დამიკონკრეტოთ თქვენი პოზიცია 2014 წელს აფხაზეთში განვითარებულ და სადღეისოდ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოველენებს შორის ანალოგიის თაობაზე: კონკრეტულად რაში ხედავთ მსგავსებას, რომლის შესახებაც მიაწერეთ ამ ვიდეორგოლს?

- მსგავსება იმთავითვე იყო, თანაც ყველაფერში, ახლა – პოლიტიკურ პროცესებში, ლიდერებში...

- უფრო კონკრეტულად? თვლით, რომ პრეზიდენტ თიბილოვის ბიბილოვით შეცვლა მოსკოვის მიერ განხორციელდა, თანაც იგივე მიზნით, რომლითაც 2014-ში ანქვაბი ჩაანაცვლეს ხაჯიმბათი?

- არა, მე ვგულისხმობდი განსხვავებას ერთის მხრივ, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც რესპუბლიკისა და ოსი ხალხის ინტერესებს იცავენ, ცდილობენ რა, არ დაუშვან, რომ გონებამახვილმა მანიპულატორებმა სხვადასხვა საბაბით საკუთარი მერკანტილური ინტერესები გაატარონ, და მეორეს მხრივ, იმ ძალებს შორის, რომელთაც ხალხის ინტერესების აღქმა არ გააჩნიათ და პირადი ანგარებით მზად არიან, ნებისმიერ გარიგებაში შევიდნენ.

ჩემი თვალთახედვით, არსებობენ ძალები და კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სიტუაციის კონსერვაციით. ეს არა იმდენად პოლიტიკური ძალები, რამდენადაც ისინი არიან, ვინც რეალურ სარგებელს იღებს ყველაფერ იმიდან, რაც კონფლიქტს მოაქვს – კონტრაბანდიდან, ე.წ. მოლაპარაკებათა პროცესიდან და ა.შ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.

ეს ძალები ძლიერია საქართველოშიც, ჩვენთანაც და რუსეთშიც. ისინი შორს არიან ჩვენი ხალხების ინტერესებისგან და მხარს უჭერენ ერთმანეთს ხელისუფლებებში არსებული ძალების შესანარჩუნებლად. სწორედ ისინი არ უშვებენ არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებას, არც თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. ამ სიტუაციას მათთვის დიდი მოგება მოაქვს. სწორედ ამიტომ არ გვაქვს რეალური მოლაპარაკებათა პროცესი და რეალური განხილვა საქმის არსებული ვითარების...

- რა ძალები გყავთ მხედველობაში?

- ძაფები ჯერ კიდევ შევარდნაძე-პრიმაკოვ-ძასოხოვამდე მიდის. ეს ადამიანები დღემდე არიან იგივე აფხაზეთის პრეზიდენტებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ირგვლივ...

ნუ იფიქრებთ, რომ რაკი აქ გვარი “შევარდნაძე” ფიგურირებს, ყველაფერი, რაც მოხდა, ქართველი ხალხის ინტერესებში იყო – არამც და არამც! ქართველი ხალხისთვის, ისევე, როგორც რუსეთისა და ჩვენი რესპუბლიკისათვის, ყველაზე მომგებიანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება იქნებოდა.

მაგრამ ამ ადამიანებმა დიდი ფული იშოვეს ხანგრძლივ კონფლიქტეზე და არც ახლა არიან წინააღმდეგი, მეტი მოიხვეჭონ, მათ შორის – მიწები და სხვა.

მაგრამ მათ ხელს უშლიან პატრიოტული ძალები, რომელთაც, იძულებული არიან, ანგარიში გაუწიონ, მიუხედავად ხელისუფლებებში მხოლოდ მათ მიმართ ლოიალური პოლიტიკოსების დაშვებისა და შენარჩუნებისა....

- ვინ იყო ამ პოლიტიკურ განლაგებაში თიბილოვი? და რომელ ბანაკს მიაკუთვნებთ ამჟამინდელ პრეზიდენტ ბიბილოვს, რომელიც, სხვათა შორის,  რუსეთთან მიერთების იდეას ლობირებს: პატრიოტთა ბანაკს, თუ თქვენს მიერ ნახსენები ძალების მიერ დანიშნული, მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსებისას?



- თიბილოვი სწორედ მათი რიგებიდან იყო, ვინც ყოველთვის იღებს პირად სარგებელს არსებული ვითარებიდან. იგი კავშირში იყო თავის მსგავს ძალებთან საქართველოში. ბიბილოვი კი, ჩემი აზრით, რუსეთში მყოფ მხვეჭელებთანაა დაკავშირებული… თუმცა თავად რუსეთის და რუსი ხალხის ინტერესებთან ამ ყველაფერს კავშირი არ აქვს.


- თქვენი შეფასებით, მიერთების იდეა რუსეთის მიერაა ლობირებული? და ვისთვის უფრო მომგებიანია ეს მიერთება: რუსეთისთვის, თუ სამხრეთ ოსეთისთვის?

- არ ვამბობ, რომ ამ იდეას რუსეთი ლობირებს. უბრალოდ გარკვეული ძალები შესაძლოა, მანიპულირებდნენ ამით პირად მერკანტილურ ინტერესებში – სამივე ქვეყანაში, უფრო სწორად, ოთხივეში. და ვინაიდან ჩვენთან ხალხი გაყოფილია, ამდენად ჩვენთან მანიპულირება უფრო ადვილია, ვიდრე აფხაზეთში.


- პირადად რა დამოკიდებულება გაქვთ რუსეთთან მიერთების იდეის მიმართ?

- ჩემი პირადი დამოკიდებულება პოლიტიკოსებით სრუო იმედგაცრუებას უკავშირდება. არსებულ ვითარებაში, ჩემი აზრით, სახალხო დიპლომატიას შეუძლია, ვითარება გააუმჯობესოს, და ეს სწორედ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებას უკავშირდება საქართველოს და სხვა ქვეყნების მხრიდან. ჩვენი ხალხებისთვის მომგებიანია მყარი მშვიდობა და ურთიერთნდობა. იგივე შეიძლება, ითქვას მყარ და ურთიერთმომგებიან მშვიდობაზე რუსეთსა და საქართველოს შორის.

რატომ უნდა რჩებოდეს ხალხი გაბითურებული, ყვება რა უაზრო პროვოკაციებსა და თეატრალურ დადგმებს იმ პოლიტიკოსების მხრიდან, ვინც ამაზე დიდ ფულს იხვეჭს? ნუთუ საქართველოში არ არიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, რომელთაც ამის აღქმა შეუძლიათ?! ჯერ-ჯერობით მათი ხმა არ ისმის...

- და მაინც, როგორია თქვენი პირადი აზრი რუსეთთან მიერთების იდეის მიმართ? არ თვლით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება დამოუკიდებლობის იდეას, რომლისთვისაც ამდენი სისხლი დაიღვარა?

- მე დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების მომხრე ვარ. და ეს არასოდეს დამიმალავს.

მაგრამ მე ისეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვუჭერ მხარს, რომელშიც დაცულია კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, კანონი ხელისუფლებაზე მაღლა დგას, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი დაცულია, არ არის კორუფცია... ხოლო ვინაიდან ყველა ამ პრობლემის კუთხით, ასევე ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით  რუსეთშიც, ჩრდილოეთ ოსეთში მდგომარეობა არანაკლებ რთულია, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჩვენი მცირერიცხოვანი ხალხისთვის თავის გადასარჩენად, უძველესი კულტურისა და ენის შესანარჩუნებლად უმჯობესია, დარჩეს რუსეთის მიმართ მეგობრულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

- თუმცა ცოტა გაუგებარი რჩება, რატომ უნდა იღწვოდე თუნდაც სიახლოვისკენ ისეთ ქვეყანასთან, რომელსაც, ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის საჭირო ყველა რესურსისა და საკმარისზე მეტი დროის მიუხედავად, დღეს ამ კუთხით ისეთივე პრობლემები აქვს (როგორც თავად ბრძანეთ), როგორიც სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდა სახელმწიფოს?

- ჩვენ ერთმანეთისთვის მეგობრული ხალხები ვართ, ერთიანი ბედით და ასეთებად დავრჩებით… პრობლემები კი, იმედია,გადაიჭრება, ხალხი მათ უკვე აყენებს... ჩემთვის ქვეყნები მხოლოდ პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ ძალებთან არ ასოცირდება, - ასოცირდება, უპირველესად, ხალხებთან...

- გასაგებია. რას ფიქრობთ ანატოლი ბიბილოვის უკანასკნელ ინიციატივებზე ლენინგორის რაიონთან მიმართებაში? არ გეჩვენებათ, მაგალითად, რომ ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლების შესაძლებლობის წართმევა ადამიანის უფლებათა დარღვევაა?

- ჩემთვის არაფერია ცნობილი ამ ინიციატივების თაობაზე. ზოგადად კი, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ქართულ ენას გააჩნია სტატუსი, რომელიც შესაძლებელს ხდის მასზე როგორც სწავლას, ისე ურთიერთობას და საქმიან მიმოწერას…

- კარგი, მაშინ შევეცდები, მოკლედ მე გაგაცნობთ მისი ინიციატივები (http://cominf.org/node/1166512088):

«… ლენინგორის რაიონში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათ მოუწევთ, ჩამოყალიბდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით... თუ რაიონში საკადრო შიმშილის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა შეიქმნება, ჩვენ მათ რესპუბლიკის სხვა რაიონებიდან მოვიწვევთ», – განაცხადა ბიბილოვმა.

იგი განათლების საკითხებსაც შეეხო:

«ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ქართული ენის და იმის, რომ იგი სკოლებში ისწავლებოდეს. მაგრამ ჩვენი ბავშვები საშუალო განათლების მიღების შემდეგ უნდა აბარებდნენ ან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში, ამის შემდეგ კი იცხოვრონ და იმუშავონ ჩვენს რესპუბლიკაში. და ამისათვის ჩვენ უნდა შევუქმნათ მათ შესაბამისი პირობები ენობრივი ბარიერის წარმოქმნის პრობლემის თავიდან ასაცილებლად. განურჩევლად ეროვნებისა, ლენინგორის რაიონში მცხოვრები ყველა ადამიანი ჩვენია», – განაცხადა პრეზიდენტმა და გასცა განკარგულება, რაიონში არსებული სკოლები მთელს რესპუბლიკაში მოქმედ განათლების სისტემაზე გადაიყვანონ.

მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე საუბრისას კი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ “ლენინგორის რაიონში მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი უნდა გააჩნდეთ”.

- შემიძლია, ვთქვა, რომ ბავშვებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობის წართმევა სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის დარღვევა იქნება. ამის გასაჩივრება ადვილად შეიძლება.

ვფიქრობ, ამ სკოლებში შესაძლებელია რუსული და ოსური ენების სწავლების საათების გაზრდა, მაგრამ მთლიანობაში სწავლება ქართულად უნდა გაგრძელდეს.

- სხვა ინიციატივებთან დაკავშირებით რას იტყვით – პასპორტიზაციის, ბინების ჩამორთმევის შესახებ?

- არ ვიცი, მე მათ დეტალურად ჯერ არ გავცნობივარ.

- კეთილი. და ბოლო შეკითხვა: ლენინგორში სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაკიშვილის გატაცებიდან უკვე ხუთი დღე გავიდა. 8 ივნისს საშტატო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა იგი ძალით ჩასვეს მანქანაში და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. თვითმხილველთა თქმით, მანქანა სამხრეთ ოსეთის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტს ეკუთვნოდა. თამარი შინ მხოლოდ გამთენიისას დაბრუნდა. მომხართან დაკავშირებით იგი კომენტარს არ აკეთებს (https://www.ekhokavkaza.com/a/28553248.html). ამ გატაცებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი არ გამოუწვევია: არანაირი პუბლიკაციები ოსურ მედიაში, არანაირი საჯარო განცხადება უფლებადამცველებისა და საზოგადოებრიობის მხრიდან... ოფიციალური პირებიც ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?



- მომხრე ვარ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდეს, ხოლო ნებისმიერ ძალისმიერ იძულებას დანაშაულად მივიჩნევ… მაგრამ თუ ეს ყველაფერი მალულად გაკეთდა, თამარის მომართვის გარეშე უფლებადამცველები, თუ ასეთები, რა თქმა უნდა, საერთოდ გვყავს, ვერაფერს იტყვიან.

თუმცა სად გვყავს უფლებადამცველები? - ჩემთვის ასეთები უცნობია. არასოდეს მინახავს მათი განცხადებები. ამ ფაქტის შესახებაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ მე და ელა ავაგიმოვამ დავწერეთ.


ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოიყენება

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”

მასალა მომზადებულია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “ინფორმირება ინტეგრირებით” ფარგლებში