"ქორწინების შესახებ არსებული ჩანაწერი არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვა"

2017-06-16 21:00:14
410

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო „აღიარებს, რომ საქართველოს შემთხვევაში ერთსქესიანთა ქორწინების შემოღება რთული იქნება. ამის შესახებ მან „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ამიტომაც ჩაწერეთ თქვენს კონსტიტუციაში, რომ  ქორწინება უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის კავშირი. ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ამის ჩაწერა კონსტიტუციაში იმ პირობით, თუ ეს ინტერპრეტირებული არ იქნება, როგორც ერთსქესიანთა პარტნიორობის აკრძალვა“ - განაცხადა ბუკიკიომ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტის შესახებ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიამ პრესრელიზი გაავრცელა, რომელშიც ქორწინების საკითხზეც არის საუბარი.

„რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის სამუშაო ვარიანტში ქორწინების განსაზღვრის შესახებ არსებული ჩანაწერი - „ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვა. ვენეციის კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს სხვა წევრი სახელმწიფო, ვალდებულია, ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან თანხვედრაში იყოს და, შესაბამისად, ერთსქესიანი წყვილების იურიდიული აღიარება უნდა უზრუნველყოს“, – ნათქვამია პრესრელიზში.