ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას პარლამენტში პლურალიზმის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

2017-06-16 18:20:07
447

ვენეციის კომისია საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს პოზიტიურად აფასებს, თუმცა ხელისუფლებას პარლამენტში პლურალიზმის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

„ქართული მხარის მიერ შემოთავაზებული რეფორმა დადებით შეფასებას იმსახურებს, ვინაიდან ის საპარლამენტო სისტემასთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკური სისტემის განვითარებასა და პარლამენტის ძალაუფლებას განამტკიცებას უწყობს ხელს. განსაკუთრებული კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს პარლმანეტის თანამშრომლობა და მთავრობის მტკიცე ერთგულება იმის მიმართ, რომ ისინი არ მიიღებენ არც ერთ ცვლილებას, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეეწინააღმდეგება.

პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრება მისასალმებელია, ვინაიდან არსებული შერეული სისტემა  მმართველ პარტიას საშუალებას აძლევდა, სრული უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში.   თუმცა ეს დადებითი, წინგადადგმული ნაბიჯი გარკვეულწილად იზღუდება 3 მექანიზმით:  5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნებით;  ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების გადაუნაწილებელი ხმების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნებით;  წინასაარჩევნოდ პარტიული ბლოკების შექმნის აკრძალვით. მიუხედავად იმისა, რომ 5%-იანი ბარიერი ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება, საერთო ჯამში, ეს მცირე პარტიებისთვის პარლამეტში შესვლის შესაძლებლობას ამცირებს. დღევანდელ სესიაზე ვენეციის კომისია ინფორმირებული იქნა, რომ საქართველოს პარლამენტი გაუნაწილებელი მანდატაბის მექანიზმის შეცვლაზე მუშაობს. ასევე  ითქვა, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება.

პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესის შემოღება ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. მისასალმებელია, რომ ახალი სისტემა არ იქნება გამოყენებული მომავალი წლის არჩევნებისას და მხოლოდ 2023 წლიდან ამოქმედდება. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ არჩევნებში უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს უპირობო და მუდმივი პრიორიტეტი.

ბიუჯეტის ნაწილსი ვენეციის კომისია იმეორებს წინა რეკომენდაციას: პარლამენტის როლი გაძლიერდეს.

რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის სამუშაო ვარიანტში ქორწინების განსაზღვრის შესახებ არსებული ჩანაწერი - „ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი“ - არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვა. ვენეციის კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს სხვა ნებისმიერი წევრი სახელმწიფო, ვალდებულია, ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან თანხვედრაში იყოს და, შესაბამისად, ერთსქესიანი წყვილების იურიდიული აღიარება უნდა უზრუნველყოს.

გარდა ამისა, რეკომენდაციები ვრცელდება "რელიგიის თავისუფლების" მკაფიო აღიარებაზე.

ამასთან, სასურველია შემოღებულ იქნას საკონსიტუციო გარანტიები ბავშვთა უფლებების აღიარებისა და დაცვისთვის“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ვენეციის კომისიის დასკვნის სრული ტექსტი მის ვებგვერდზე 19 ივნისს გამოქვეყნდება.