"არმიღებული" რეზოლუცია: როგორ გააშუქა ევროპარლამენტის მიერ მუხთარლის საქმეზე რეზოლუციის მიღება აზერბაიჯანულმა მედიამ

2017-06-15 23:27:28
502

«ევროპარლამენტმა მაინც მიიღო რეზოლუცია, რომელიც თბილისში ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის ერთ-ერთ ლიდერს - აფგან უხთარლის უკავშირდება» - იუწყება დღეს აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა «Haqqin.az». «ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტში აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციის რამდენიმე პროექტი იქნა წარდგენილი, თუმცა მოგვიანებით მიღწეულ იქნა შეთანხმება საბოლოო პროექტზე, რომელსაც კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით მიღებულ იქნა კიდეც.


"რეზოლუცია ევროდეპუტატების ჯგუფის მიერ მომზადდა. იგი შეიცავს მოწოდებას ჟურნალისტ აფგან მუხთარლის უფლებების დაცულობის უზრუნველყოფის თაობაზე. აფგან მუხთარლის გარდა, დოკუმენტში საუბარია ამჟამად ჰოლანდიაში მცხოვრებ ლეილა და არიფ იუნუსებზეც. რეზოლუციის ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის მზადდება ახალი ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობას უსვამენ ხაზს» - წერს «Haqqin.az».

როგორც ვხედავთ, თავად რეზოლუციის მიღების ფაქტი გამოცემამ მკითხველს არ დაუმალა. საყურადღებო კი ისაა, თუ როგორ იხსენიებს იგი ჟურნალისტ აფგან მუხთარლის: «თბილისში ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის ერთ-ერთ ლიდერად».

რეზოლუციის საკითხზე «Haqqin.az»-ს სიახლის გამოქვეყნება აზერბაიჯანულმა სააგენტო «Turan»-მა დაასწრო: იგი «ამშვიდებდა» მკითხველს, რომ «ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაზე უარი განაცხადა», თანაც ირწმუმნებოდა, რომ ეს «ბაქოს ზეწოლის შედეგად» მოხდა.

«ევროპარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არ იყო მიღებული რეზოლუცია აზერბაიჯანში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის თაობაზე «The case of Afgan Mukhtarli and the situation of media in Azerbaijan». აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდეც ევროპარლამენტის ფრაქციების უმეტესობა რეზოლუციის არმიღების მომხრე იყო» - წერდა «Turan», როგორც თავად ირწმუნებოდა, «მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის ევროპულ ოფისზე დაყრდნობით».

თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია სააგენტოს გვერდიდან გაქრა.

შეგახსენებთ, რომ ​ე​ვროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია მიიღო.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოდან აზერბაიჯელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს, ბაქოში მის დაკავებას და ჟურნალისტის მოსალოდნელ გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

„ადვოკატი ამბობს, რომ ამოუცნობმა პირებმა, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ, მუხთარლი მანქანაში  ძალის გამოყენებით ჩასვეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს  და აზერბაიჯანის საზღვარზე მიიყვანეს. მუხთარლის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და საზღვრის უკანანო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გასამართლება ემუქრება" - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციის თანახმად, "საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, პასუხისმგებელი და ვალდებულია, მის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის  შექმნას გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს მათი იძულებით დაბრუნება აზერბაიჯანში“.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "გაზრდილია იმ შემთხვევების რიცხვი, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის ვადის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან".

რეზოლუციაში საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაც მოხვდა, რომელშიც გიორგი მარგველაშვილი მომხდარს საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინაშე არსებულ დიდ გამოწვევად აფასებს.

„ევროპარლამანტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება და დანაშაულის ჩამდენ პირებს პასუხი აგებინოს. ევროპარლამენტარები შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის პასუხგისმგებელია, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და რომლებსაც  საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, ევროპარლამენტარები აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ რეზოლუციის პროექტზე „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ ევროპარლამენტში დებატები დღეს გაიმართა.

დებატების დროს დეპუტატთა ნაწილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ რეზოლუციის მიღება ევროკომისარ იოჰანეს ჰანის აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტამდე გადადებულიყო, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ რეზოლუციისთვის დღესვე ეყარათ კენჭი.

ამასთან, ევროპარლამენტარების განცხადებით, თუ რეზოლუციის მიღებამ და ჰანის ვიზიტმა შესაბამისი შედეგი არ გამოიღო, ევროპარლამენტი აღნიშნულ საკითხს მომდევნო სესიაზე, ივლისში მიუბრუნდება.

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"