"ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს მიმართ ძალიან ცუდი აქცენტები იქნება გაკეთებული"

2017-06-14 23:05:46
176

ევროპარლამენტი  საქართველოდან აზერბაიჯელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის გატაცების ფაქტს, ბაქოში მის დაკავებასა და მოსალოდნელ გასამართლებას მკაცრად გმობს და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს, - ამის შესახებ,"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომლის განხილვაც 15 ივნისისთვის არის დადგემილი. 


"საზმაუს" ცნობით, პროექტი  „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ სწორედ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საუბრით იწყება.

"მასში აღნიშნულია, რომ "ადვოკატის განცხადებით, ამოუცნობმა პირებმა, რომლებსაც გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ, მუხთარლი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აზერბაიჯანის საზღვარზე მიიყვანეს".

რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ მუხთარლის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და საზღვრის უკანანო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გასამართლება ემუქრება.


პროექტის მიხედვით, საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, პასუხისმგებელი და ვალდებულია, მის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის  შექმნას გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს მათი იძულებითი დაბრუნება აზერბაიჯანში.

ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ გაზრდილია იმ შემთხვევების რიცხვი, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის ვადის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან.

რეზოლუციის პროექტში საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაც მოხვდა: გიორგი მარგველაშვილი მომხდარს საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინაშე არსებულ დიდ გამოწვევად აფასებს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება და პასუხი აგებინოს დანაშაულის ჩამდენ პირებს.

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის "პასუხგისმგებელია, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და რომლებსაც  საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ".

ამასთანავე, პროექტი შეიცავს მოწოდებას აზერბაიჯანის მთავრობისადმი, ჟურნალისტი უპირობოდ გაათავისუფლოს.

რეზოლუციის პროქტის ავტორები უმნიშვნელოვანეს საკითხად ასახელებენ  და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გამოძიოს და ნათელი მოჰფინოს მუხთარლის იძულებითი გაუჩინარების საქმეში ქართული მხარის მონაწილეობის შესახებ გამოთქმულ ეჭვებს" - იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებელი".


ინფორმაციას, რომ ევროპარლამენტის მიერ მისაღებ რეზოლუციაში საქართველოს მიმართ "ძალიან ცუდი აქცენტები იქნება გაკეთებული", ფლობს მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილიც.

„ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას აფგან მუხთარლის საქმესთან და სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. წინასწარი ვარიანტით, ამ ანგარიშში საქართველოს მიმართ ძალიან ცუდი აქცენტები იქნება გაკეთებული", - განუცხადა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ჩოფიკაშვილმა. 

მისივე თქმით, საქართველოში გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს:

,,საქმეს დღემდე რაიონული განყოფილება იძიებს, როცა კანონით, მთავარი პროკურატურა უნდა იძიებდეს. ნაცვლად იმისა, რომ ხდებოდეს ძირითადი ვერსიის გამოძიება - მონაწილეობდნენ თუ არა ქართული სპეცსამსახურები გატაცებაში, ხდება იმ მოწმეების შეგროვება, ვინც არაფერი იცის საქმესთან დაკავშირებით. გამოძიების ასეთი მიმდინარეობა,ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება ეფექტურად. სწორედ ამიტომ ხვალ საქართველოს კრიტიკა იქნება“,- განმარტა მან.

15 ივნისს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, რომელიც აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობას და აფგან მუხთარლის საქმეს ეხება.  

საქართველოდან 29 მაისს გაუჩინარებული აფგან მუხთარლი ბაქოს იზოლატორში იმყოფება. 

საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულის ადვოკატი და ოჯახი ბრალდებას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი გატაცებულია ქართველი ძალოვანების მონაწილეობით.

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"