ევროპარლამენტის რეზოლუციის მოლოდინში: საქართველოს საერთაშორისო იმიჯი კვლავ ტესტირების რეჟიმშია

2017-06-14 14:19:24
662

საქართველოს საერთაშორისო იმიჯი კვლავ ტესტირების რეჟიმშია. აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატებისა და რეზოლუციის მიღაბამდე ერთი დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ 24-მა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნა.

მასში მუხთარლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ფორმულირებულია, როგორც გატაცება. საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვენ, გამოძიებამ გამოავლინოს საქართველოს პოტენციური როლი აღნიშნულ საქმეში და გაკეთდეს მკაფიო სიგნალი, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც შესაძლოა, ჩართული იყო ამ პროცესში, პასუხს აგებს საერთაშორისო ნორმების დარღვევისთვის.


„საქართველოს პრემიერ–მინისტრისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. შესაძლოა, ის ამ თემას სერიოზულად ეკიდება, მაგრამ რაც ახლა ხდება, ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეგიონში ყოველთვის წამყვანი ქვეყანა იყო, ახლა კი ვხედავთ, რომ თქვენთან ადამიანები სხვა, უფრო რეპრესიული ქვეყნებიდან  არ არიან დაცულები. ასევე ვხედავთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სხვებიც ვერ გრძნობენ თავს დაცულად. არსებული ვითარება შავი ლაქაა თქვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოუწევს, დაამტკიცოს, რომ ამ პრობლემას ღიად, გამჭვირვალედ და დემოკრატიული გზით მოაგვარებს. მიუღებელია ადამიანების გატაცება, დაპატიმრება და მათი უფლებების დარღვევა“,– განუცხადა „რუსთავი 2“–ს წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ბრიჯით დიუფორმა.

თავად წერილის ადრესატი - გიორგი კვირიკაშვილი საკითხის კომენტირებისას მოკლე განცხადებით შემოიფარგლა. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, მიიღო თუ არა წერილი და თუ მიიღო, რა სახის რეაგირებას გეგმავს სახელმწიფო იმიჯის შენარჩუნებისთვის: 

„გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და მომავალშიც განავითაროს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი“,– აღნიშნა მან.

მმართველი გუნდის  ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების წერილში სიტყვა «გატაცების» გამოყენებას სამწუხაროდ მიიჩნევს და მთავრობას საერთაშორისო არენაზე აქტიურობისკენ მოუწოდებს:

„თუ რომელიმე დოკუმენტში სიტყვა „გატაცება“ წერია, ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს გამოძიების მიერ დასადასტურებელი და დასადგენი ვერსიაა. ვიცით, რომ რამდენიმე ვერსიაზეა საუბარი. საქართველოს აქვს ვალდებულება, ეს საქმე დეტალურად გამოიძიოს, რათა არ დაზიანდეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და საზოგადოება დეტალურად იყოს საქმის კურსში“.

რაც შეეხება ევროპარლამენტში ხვალისთვის დაგეგმილ დებატებსა და რეზოლუციის მიღებას, ამის შესახებ ჯერ კიდევ გასულ კვირას ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარისა და ევროკავშირში საქართველოს ელჩის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი:

„სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები შეჯერდნენ, რომ მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე გაიმართოს დებატები და ამ საქმესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს ეყაროს კენჭი. ელჩთან ჩემი შეხვედრის შინაარსი კონფიდენციალურია. ზოგადად, ასეთი შეხვედრების შინაარსზე არ ვლაპარაკობ, თუმცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხი განვიხილეთ. პოლიტიკურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, რომ ეს თემა მომდევნო პლენარული სესიის  დღის წესრიგში შეეტანათ. ახლა რეზოლუციის ტექსტზე მიმდინარეობს მუშაობა. ყველას გვაინტერესებს, რეალურად რა მოხდა“,– განაცხადა მაშინ დევიდ მაკკალისტერმა http://accent.com.ge/ge/news/details/35223.

ევროპარლამენტარ ანა გომესის შეფასებით, მომხდარი  „ევროპარლამენტისთვის სერიოზული შეშფოთების საგანია“:

„დავიწყეთ რეზოლუციის მზადება. ამასთან, დებატების ჩატარებაც გადავწყვიტეთ, რადგან საქმე ეხება ჟურნალისტს, რომელიც საქართველოში გაიტაცეს და სავარაუდოდ, ეს ქართული უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ეს მთავრობის მოთხოვნაც კი არ ყოფილა, რაც ისედაც სრულიად მიუღებელი და უკანონო იქნებოდა. უფრო მეტიც, სავარაუდოდ, ეს საქართველოს ან აზერბაიჯანის მოქალაქის პირადი ინიციატივით გააკეთეს. ეს საქართველოს უშიშროების სამსახურის სანდოობასთან მიმართებაში უამრავ კითხვას ბადებს. საუკეთესო გამოსავალია, გამჭვირვალედ დადგინდეს, რა მოხდა რეალურად. ამასთანავე, საქართველომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს ამ ადამიანის დაბრუნება, რათა გარანტირებული იყოს მისი უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, გამტაცებლებიც უნდა დაისაჯონ“. 

ბრიჯით დიუფორი ფიქრობს, რომ რეზოლუცია არა დასჯა, არამედ საქართველოს ხელისუფლების მისამართით მოწოდება იქნება:

„მომზადებული რეზულუცია და ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები არის გზავნილი, რომ ევროპას ეს საკითხი აშფოთებს. ევროკავშირი საქართველოსგან ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს მოითხოვს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს არ არის დასჯა, ეს არის მოწოდება, რომ ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ფარგლებში იმოქმედოს“.

ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე ვარაუდობს, რომ რეზოლუცია ზოგადი სახის იქნება: 

„ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. არსებობს ტექსტის პირველი ვარიანტი, თან არ ვარ დარწმუნებული, რომ რეზოლუცია მხოლოდ ამ საქმეს შეეხება. შეიძლება, უფრო ზოგადი ხასიათი მიიღოს: რა ხდება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით... ამიტომ, ვვარაუდობ, რომ ეს რეზოლუცია ფართო სახეს მიიღებს. რამდენად შეეხება ეს საქართველოს, - ამაზე საუბარი რთულია. არ მგონია, რომ ეს ფაქტს და იმის კონსტატაციას გასცდეს, თუ რა მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით მას ბაქოში პატიმრობაში მყოფს მიაკვლიეს. ამ დროისთვის მუხთარლი წინასწარ პატიმრობაშია. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და კონტრაბანდას ედავებიან.

თავად მუხთარლი ყვება, რომ თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მოიტაცეს და ბელაქნის გამშვები პუნქტის გადაკვეთა მისი ნების წინააღმდეგ აიძულეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოშიც მიმდინარეობს, თუმცა მისი წინასწარი შედეგები საზოგადოებისთვის წარმოდგენილი ამ დრომდე არ არის. ამასთან, როგორც საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მათ შორის პრემიერმა და შს სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ინციდენტში ქართველი ძალოვანების მონაწილეობა გამორიცხულია.

რაც შეეხება ბაქოს პოზიციას, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა მმართველი გუნდიდან მუხთარლის დაკავებას «ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის წარმატებული შედეგი» უწოდა. მისი ეს ინფორმაცია მყისიერად უარყვეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში, ქართველმა პარლამენტარებმა კი აზერბაიჯანელ კოლეგას ამ განცხადების უარყოფა, ან მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვეს. 13 მაისს აზერბაიჯანელი დეპუტატის განცხადება უარყო აზერბაიჯანის პროკურატურამაც.  http://accent.com.ge/ge/news/details/35392

ავტორი: დიანა მუსელიანი

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“