ნიკოლოზ ვაშაკიძე «ნაციონალებს» და «ევროპულ საქართველოს» ინიციატივით მიმართავს

2017-06-13 18:02:04
1170

საზოგადოებრივი პლატფორმის „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკოლოზ ვაშაკიძე «ნაციონალურ მოძრაობასა» და «ევროპულ საქართველოს» მიმართავს ინიციატივით, უკან გაიწვიონ თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატები, მხარი დაუჭირონ სხვა - პოპულარულ, დამოუკიდებელ ფიგურას და გამოაცხადონ ის ოპოზიციის ერთიან კანდიდატად.

«არსებულ სიტუაციაში იდეალური იქნებოდა, «ნაცმომაც» და «ევროპულმა საქართველომაც» უკან გაიწვიონ თბილისის მერობის თავიანთი კანდიდატები, მხარი დაუჭირონ სხვა, პოპულარულ, დამოუკიდებელ ფიგურას და გამოაცხადონ ის ოპოზიციის ერთიან კანდიდატად.

პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა ამას შეუერთდება.

ასეთ შემთხვევაში გაჩნდება სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების რეალური შანსი და თუ ეს მოხდა, ამას გრანდიოზული ფსიქოლოგიური და, შესაბამისად, პოლიტიკური ეფექტი ექნება, რომელიც ამოატრიალებს პოლიტიკურ ლანდშაფტს და შეუქცევადს გახდის "ქართული ოცნების" შემდგომ მარცხს. ამ სავარაუდო კანდიდატის დასახელებაც შემიძლია.

სამწუხაროდ, არც ერთი და არც მეორე პარტია, სხვადასხვა მიზეზების გამო, ამას არ იზამს და კიდევ ერთხელ გაუშვებენ ხელიდან ისტორიულ შანსს. არ არის ჩვენში ნამდვილი პოლიტიკა. არის მხოლოდ ბრტყელი საუბრები, ვიწროპარტიული ეგოიზმი, იაფფასიანი ინტრიგები და მერკანტილიზმი. ამ საქციელსა და თვისებებს აყოლილები კი მოემზადეთ სამარცხვინო მომავლისთვის» - წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე სოციალურ ქსელ «ფეისბუქში».