არაღიარების მიმართულებით - "5"-იანი, დეოკუპაციის მიმართულებით - თითქმის ნულოვანი შედეგი?

2017-08-08 13:40:15
980

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის ექვსთვიანი ანგარიში წარადგინა.

მინისტრმა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრით დაიწყო.  

ჩვენი აქტიური ძალისხმევით მოხდა პირველი ექვსი თვის განმავლობაში მაქსიმალური კონსოლიდაცია საერთაშორისო საზოგადოების და ყველა ის აგრესიული და დესტრუქციული ქმედება, რომელიც რუსეთის მხრიდან ხორციელდებოდა საოკუპაციო ხაზზე, ყოფილიყო დაგმობილი და შესაბამისი შეფასება მომხდარიყო ამ ქმედებისა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიური იყო აშშ, იაპონია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა , პოლონეთი, ფინეთი, ავსტრალია, აზერბაიჯანი, ჩეხეთის რესპუბლიკა, რუმინეთი,  პორტუგალია, უკრაინა; ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო, ევროპის საბჭო, ბალტიის ასამბლეა. ტერმინი „ოკუპაცია“ მოხსენიებულია აშშ-ის, იაპონიის, ლიტვის, უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის,  ნატო-ს განცხადებებში“, - აღნიშნა ჯანელიძემ.


მისივე თქმით,  მიმდინარე წელს უკვე ორჯერ მოხდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის განხილვა გაერო-ს უშიშროების საბჭოში.

თებერვალში პირადად მივიღე მონაწილეობა ღია დებატებში და გაეროს წევრებს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია კონფლიქტზე და მის ბოლო განვითარებებზე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრს მიეცა შესაძლებლობა, გაეროს უშიშროების საბჭოზე ესაუბრა კონკრეტულად კონფლიქტებთან მიმართებაში.  წელს პირველად, 24 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში მოხდა საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მიღება “თანამშრომლობა საქართველოსთან”, რომლის თანასპონსორი გახდა 43 სახელმწიფო. აღნიშნულ რეზოლუციაში საუბარია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. რეზოლუცია მოუწოდებს ადამიანის უფლებებზე უმაღლეს კომისარს, დაუყოვნებლივ შევიდეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში და წარუდგინოს საბჭოს ინფორმაცია იქ არსებული მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მხრიდან ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იყო დაყენებული რუსეთის მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯების შესახებ.

"კიდევ უფრო აქტიურად ვართ ჩართული კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპის საბჭოში. გრძელდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშების - „კონფლიქტი საქართველოში“ წარდგენა წელიწადში ორჯერ. 19 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის (1284-ე) სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“, რომელმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო - თითქმის ყველა მონაწილის მხრიდან. ასევე ვაგრძელებთ მუშაობას მინისტრის მოადგილეების კომიტეტის ფარგლებში. ამ გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო ბოლო 4 წლის განმავლობაში და წლევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან მასში ყურადღება გამახვილდა რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისგებლობაზე საქართველოს რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, 18-19 მაისს  მან მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში,  სადაც აღნიშნულ საკითხზე წევრი ქვეყნების მხრიდან გამოიხატა მტკიცე მხარდაჭერა.

აღსანიშნავია ის შედეგი,  რომელიც ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის კუთხით იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ. მნიშვნელოვანი იყო დეოკუპაციის კუთხით გდაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ამერიკის საკანონდებლო ორგანოსა და ამერიკის ადმინისტრაციის მიერ. მოგეხსნებათ, რომ აშშ-ის  2017 წლის ბიუჯეტის კანონში პირველად გაკეთდა ჩანაწერი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. კანონის თანახმად, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და კონგრესის ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ რომელიმე ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები, იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა ვერ ისარგებლებს აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებით. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დაგვეხმარება საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი პოზიციების გამყარებაში“, - განაცხადა ჯანელიძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  30 მარტს აშშ-ის სენატში მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის წარდგენა სენატორების როჯერ უიკერისა და ბენ კარდინის მიერ.

მისივე თქმით, აღნიშნული რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის მორიგი უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა.

გარდა ამისა, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, 6 ივნისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ მიმდინარე ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.

კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული და მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის პროცესში საერთაშორისო ჩართულობის ხელშეწყობას.

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე მოქმედი მთავრობის ძალისხმევას დეოკუპაციისა და არაღიარების მიმართულებით „ნორმალურად“ აფასებს.


„სადღეისოდ არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოქმედ მთავრობას სასწაულებს ვერ მოვთხოვთ. ფაქტია, რომ აღიარება არ მომხდარა, თუმცა ეს შეიძლება, იმითაცაა გამოწვეული, რომ რუსეთი მაინცდამაინც აღარაა დაინტერესებული აღიარებით. ამასთან, ეს შეიძლება, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამიტომაც ამერიკელები სიხარულით აღარ ეხმარებიან რაღაც-რაღაცეებში. ქართული მხარის აშშ–სთან მუშაობა, როგორც ჩანს, ნორმალურად მიდის და ამ მხრივ ფაქტია, რომ ჩვენმა საგარეო უწყებამ რაღაც ძალისხმევა გაიღო. ეს არ უნდა დავუკარგოთ და ნორმალურად უნდა შევაფასოთ. ამ მხრივ ცუდი ნამდვილად არაფერი სჭირთ“, – განუცხადა „აქცენტს“ შარაშენიძემ.

ექსპერტი საქართველოს საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს მთავრობამ არაღიარების მიმართულებით კარგად იმუშავა, თუმცა თვლის, რომ დეოკუპაციის მიმართულებით მხოლოდ ძალზე მცირე პროგრესზე შეიძლება, ვისაუბროთ:

 

„საქართველოს მთავრობამ არაღიარების მიმართულებით კარგად იმუშავა. ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დამატებით არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია. ეს წარმატება თბილისში არსებული გუნდის დიპლომატიური მუშაობის და გაეროში საქართველოს მისიის დაუაღალავი შრომის შედეგია. რაც შეეხება დეოკუპაციას, ეს უფრო რთული საკითხია და „ამ მიმართულებით მთავრობას ძალიან მცირე პროგრესი თუ აქვს“ - – განუცხადა „აქცეტს“ მიტჩელმა.

მისივე თქმით,
„წლების განმავლობაში საქართველოსთვის გამოწვევა იყო, შეექმნა ისეთი პოლიტიკა, რომელიც ცოტათი განსხვავებული იქნებოდა იმისაგან, რომელიც ათწლეულის განმავლობაში ხორციელდებოდა და არ მუშაობდა".

"სადღეისოდ ამ გამოწვევას რუსული აგრესია და აშშ-ში არსებული უცნაური პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო ართულებს“, – დასძინა მიტჩელმა.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“

 
 მასალა მომზადებულია პროექტის «ინტეგრირება ინფორმირებით» ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით