საქართველოს ფინანსთა მინისტრი/ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი სტამბოლში, შავი ზღვრის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგით 25-ე სამიტზე სამახსოვრო სურათების გადაღებისას გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ.

სამიტი 22 მაისს გაიმართა. მას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები ესწრებიან.

დიმიტრი მედვედევთან ერთად გადაღებულ სამახსოვრო ფოტოსთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განმარტებები გააკეთა.

მისი თქმით, ფოტოს გადაღება პროტოკოლით იყო გათვალისწინებული.

„უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაბამისი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. სწორედ ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გაჟღერდა გუშინ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე. არ ყოფილა არანაირი შეხვედრა, ეს იყო პროტოკოლური ფოტო, ხოლო გზავნილები და საქართველოს პოზიცია მე დაგიფიქსირე. ეს იყო პროტოკოლური ფოტო, სადაც ჩვენ ყველანი შეგვიყვანეს და იმ ადგილას დაგვაყენეს, სადაც უნდა ვმდგარიყავით,“ - განმარტა ქუმსიშვილმა.