„ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კარგი მაგალითია“

2017-04-21 11:43:01
138

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გაერთიანება მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მეთხუთმეტე ანგარიშს საქართველოში კონფლიქტების თაობაზე.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ამ თემის ევროპის საბჭოს პოლიტიკური დღის წესრიგში აქტიურად გაჟღერებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში სამშვიდობო პროცესისა და კონფლიქტების გადაჭრის მხარდაჭერას, რაც ჟენევის დისკუსიების ფორმატში ერთიანდება.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ მიხეილ ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განცხადებაში რუსეთის ქმედებებსა და აგრესიაზეა საუბარი და საქართველოს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა.  

„ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და მისი ყოველწლიური განხილვა, კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ არის საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. ასევე აღწერილია ყველა ის ქმედება და დარღვევა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.