ვიზიტი, რომელმაც შერიგების 5-წლიანი ძალისხმევა «გაანულა»

2017-04-21 09:50:25
848

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში დასრულებულია. 18 აპრილს იგი სოხუმს 2008 წლის ომის დროიდან რიგით მეოთხე, მაგრამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველი ვიზიტით ეწვია, არასრული ორი დღის განმავლობაში სოხუმში «რუსეთის საელჩოს შენობათა კომპლექსი» გახსნა, «აფხაზი ხალხის სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი» გვირგვინით შეამკო, დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა, სოხუმის სანაპიროზე სახელგანთქმული ყავა დააგემოვნა, დრამის რუსული თეატრის დასს გაეცნო, შემდეგ დახურული შეხვედრა გამართა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვესთან და აფხაზეთი დატოვა.

მოსკოვის ცინიზმი - თბილისის აღშფოთება – მოსკოვის ცინიზმი 

სოხუმის ხელისუფლებამ მაღალი რანგის რუსული დელეგაციის ვიზიტი იმის “ნათელ დასტურად” გამოაცხადა, “რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთი აფხაზეთთან ურთიერთობებს, ორ სახელმწიფოს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას”, თბილისმა კი - “უკიდურეს ცინიზმად” და “მოსკოვის მორიგ ნაბიჯად საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მიმართულებით”. ამასთან, პოლიტიკური ოპოზიცია მწვავე კრიტიკით გამოვიდა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, “ბოლოს და ბოლოს, სიტყვიდან საქმეზე გადავიდეს”.


„ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში რუსეთის ქმედებები კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს საკითხი არ დაბრუნდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში [...] მნიშვნელოვანია, ამ ვიზიტს მოჰყვეს მყისიერი და მკაცრი რეაგირება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ახლა მაინც გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და უზრუნველყოს, რომ საქართველოს საკითხის დასმის გარეშე არც ერთი მაღალი დონის შეხვედრა არ ჩატარდეს” - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ.

იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ კუთხით გააქტიურება ჰმართებს, ოპოზიციას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილიც დაეთანხმა:

"ჩვენ გაცილებით უფრო ხმამაღლა უნდა ვსაუბრობდეთ. არ შეიძლება, ამ საკითხებს შევეგუოთ. საქართველო უნდა შეეცადოს, რუსეთმა მსგავსი ნაბიჯების გამო მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. შესაბამისად, ხელისუფლებამ ხმამაღლა საუბარი უნდა დაიწყოს ანტიანექსიურ ნაბიჯებზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩვენთან ერთად გაცილებით უფრო ეფექტურად უნდა გადადგას [...]”.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა  აღშფოთება გამოხატა ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვის ვიზიტისა და ე.წ. საელჩოს გახსნის გამო. მან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, “მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა”. ამასთან, საქართველოს სახელით პრეზიდენტმა კვლავაც გამოხატა მზადყოფნა ნებისმიერი საკითხის დიპლომატიურ სივრცეში განხილვისათვის და რუსეთის მხარეს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.

მწვავე განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც:

"[…] აღნიშნული წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. მსგავსი უკანონო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება".

„ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით. ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა, თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.  ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “საქართველოს ხელისუფლების ხედვა სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს ჩართულობით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებაა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით“.

თავად რუსეთი ოფიციალური თბილისის პრეტენზიებს კარგა ხანს საერთოდ “არ იმჩნევდა”, ბოლოს კი, უკვე ვიზიტის დასრულების შემდეგ მოკლე, ინფორმატიული ხასიათის შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა:

«სოხუმში შეხვედრებისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, თანამშრომლობა რეგიონული და საერთაშორისო მიმართულებით. ამ კუთხით აღინიშნა ჟენევის ფორმატის მნიშვნელობა. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა აფხაზეთში ახალი იმპულსი შესძინა რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას იმ ფონზე, როცა საქართველო კვლავინდებურად უარს ამბობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებების გაფორმებაზე და დაჟინებით ისწრაფვის ნატოში».

საექსპერტო წრეები ორმხრივი ურთიერთობების დაძაბვას არ ელიან

თბილისის აღშფოთების ფონზე მოსკოვის მსგავსი პასუხი ასე აღიქმება: “ძაღლი ყეფს – ქარავანი მიდის”.

დაახლოებით ასე აღიქვა ეს ექსპერტმა კავკასიის საკითხებში კონსტანტინე ტასიცმა, რომლის აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე რაიმე ხელშესახებ ასახვას არც ლავროვის ვიზიტი ჰპოვებს და არც მასზე თბილისის მწვავე რეაქცია:

"ეს თბილისის მხრიდან ნაწილობრივ - რიტუალური, ნაწილობრივ პოლიტიკური განცხადებებია, რომელიც აფიქსირებს მის ურყევ პოზიციას, არ შეეგუოს რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. სწორედ ამ სიბრტყეში განიხილავს თბილისი რუსეთის ნებისმიერ კონტაქტსა და ურთიერთქმედებას ამ ორ ახალგაზრდა სახელმწიფოსთან. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს მოვლენაც, ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე აისახოს: ისინი ხომ ისედაც მინიმალურ დონემდეა დასული […]". sputnik-abkhazia.ru/news/20170418/1020856141.

”რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს” ექსპერტ ალექსანდრე კრილოვს კი მოეჩვენა, რომ ოფიციალურმა თბილისმა საკუთარი პოზიცია რბილი ფორმითაც კი გამოხატა:

«… ქართული მხარე თავის პოზიციას გამოხატავს, მაგრამ, მე ვიტყოდი, რბილი ფორმით: ოფიციალური თბილისის პოზიციით, აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა, მაგრამ საგარეო უწყების განცხადებაში საუბარია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე. თუ ეს ტერიტორია უკვე ოკუპირებულია, საუბარი მხოლოდ ხელყოფაზე აშკარად არასაკმარისია. თუმცა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიად მოხსენიება საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანად მიმაჩნია - ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირი არჩევნები არ ტარდება, ადგილობრივი ხელისუფლება კი იქ თავად ახორციელებს მმართველობას [...]» http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/428426.

კარასინი — მთავარი დეტალი, რომელიც თბილისს გამორჩა?

ლავროვის ვიზიტის შეფასებებით დაკავებულ თბილისში ან გამორჩათ, ან დამგმობი განცხადებების სიმრავლის ფონზე საჭიროდ აღარ ჩათვალეს ყურადღების გამახვილება იმ ფაქტზე, რომ რუსეთის მთავარ დიპლომატს სოხუმში მისი პირველი მოადგილე გრიგორი კარასინიც ახლდა.

აქ ორი დეტალია აღსანიშნავი: უპირველესად, არცთუ ხშირად ხდება, უცხოეთში მიმავალ საგარეო საქმეთა მინისტრს მისი უმაღლესი რანგის მოადგილე მიჰყვებოდეს; მეორეც — სწორედ კარასინია ის პერსონა, რომელთან მოლაპარაკებების ფორმატითაც (ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატი) დაიწყო მეტ-ნაკლები დათბობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში და რომელიც ამავდროულად რუსეთის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია ჟენევის დისკუსიების ფორმატშიც.

არადა, იგივე ალექსანდრე კრილოვი თვლის, რომ თუკი სოხუმში ამ დელეგაციის ვიზიტით მოსკოვს თბილისისთვის რაიმეს ჩვენება მართლაც სურდა, ამ კუთხით არა იმდენად ლავროვის, რამდენადაც სწორედ კარასინის ჩასვლა იყო საყურადღებო:

«ჩემი აზრით, ლავროვის ვიზიტი სოხუმში არ იყო არანაირი მესიჯი არც დასავლეთის და არც საქართველოსთვის. ახლა აფხაზეთში საკმაოდ რთული შიდაპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს: სულ ახლახანს დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, მანამდე კი დაბრუნდნენ რიგი წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ადრე განვითარებული დრამატული მოვლენების შედეგად ძალადობრივად იყვნენ განდევნილები. მხედველობაში მყავს მესამე პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და სხვები. მოსკოვს ახლა აფხაზეთში დიდი პრობლემები აქვს და კიდევ უფრო მეტი არაფერში სჭირდება. მის ინტერესებში არ შედის, აფხაზეთში შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ისევ გამწვავდეს და ვითარება აირიოს. ჩემი აზრით, ლავროვი სოხუმში სწორედ ამ ამოცანის გადასაწყვეტად იყო ჩასული: უკვე არსებული ტენდენცია - დაპირისპირებული ჯგუფების თანამშრომლობა - უპირატესი გახდეს და გამყარდეს შეთანხმებები, რომლებიც შესაძლოა, წინ უძღოდა აფხაზურ პოლიტიკაში მძიმეწონოსანი აფხაზი პოლიტიკოსების დაბრუნებას. ეს ყველაფერი შიდააფხაზური სიუჟეტებია […]. აი, სოხუმში კარასინის ჩასვლა კი იმის ნიშანია, რომ რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხში პოზიციას არ იცვლის, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმის, საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე არ წავა”.

აბაშიძის 5-წლიანი ძალისხმევის კრახი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რომელიც კარასინთან პრაღის შეხვედრების ფორმატში უკვე 5 წელია, ცდილობს ორმხრივი ურთიერთობების დათბობას, იმედგაცრუებას ვერ მალავს https://sova.news/2017/04/19:

«… მანამდე სულ რაღაც ორიოდ თვით ადრე რუსეთი ეტაპობრივად მოქმედებდა. შემექმნა შთაბეჭდილება, და არა მარტო მე, რომ დიალოგი დაიწყო, იდგმებოდა გარკვეული ნაბიჯები […]. როდესაც სახეზეა თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც დადებითი ტენდენცია, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ განვამტკიცოთ ეს პოზიტიური ტრენდი და არა იმაზე, რომ მუდმივად ვქმნიდეთ დამატებით სირთულეებს, ზოგიერთს - ხელოვნურად. ამის ნაცვლად  ბოლო დროს რუსეთმა მსგავსი ნაბიჯების მთელი წყება განახორციელა: ჩატარდა რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შესაცვლელად; დაიხურა ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები  ენგურზე, რამაც ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას ცხოვრება მნიშვნელოვნად გაურთულა; გააერთიანეს რუსული და ოსური, რუსული და  აფხაზური სამხედრო ქვედანაყოფები; ყოველდღე აკავებენ ხალხს ადმინისტრაციულ საზღვარზე... ეს ყველაფერი ძალზე ნეგატიურ ფონს ქმნის ჩვენი ურთიერთობების გონივრულ დონეზე გაყვანის მცდელობებისთვის. ამ ყველაფერს პირიქით, ჩიხში შევყავართ [...]. როგორც ცნობილია, ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე რთული საკითხები ჟენევის ფორმატში განიხილება. პრაღაში კი ჩვენ უფრო კონკრეტულ საკითხებზე ვმსჯელობთ — სავაჭრო ურთიერთობებზე, სატრანსპორტო და ზოგიერთ ჰუმანიტარულ საკითხებზე. ამ კუთხით წინ მივიწევთ, მაგრამ ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ამ ყველაფერზეც ძალზე უარყოფითად აისახება. ბუნებრივია, ეს ფონი ძალზე მნიშვნელოვანია შეხვედრებისთვის როგორც ჟენევაში, ისე პრაღაში. რისთვის კეთდება ეს — ხანდახან გაურკვეველია. ცხადია, რომ ამის უკან პოლიტიკური არსია. მაგრამ ჩვენ ამაში კარგს ვერაფერს ვხედავთ».

აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ეს ქმედებები საქართველო-ევროკავშირის დაახლოების მიმართულებით არსებულ სიახლეებს, კერძოდ, ვიზალიბერალიზაციას უკავშირდებოდეს, თუმცა არ ესმის, რა საფუძველი აქვს მოსკოვს, ამას ნეგატიურად ეკიდებოდეს:

«დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მაგრამ რატომ უნდა აღიქმებოდეს ეს   ვინმეს მიერ მტრულ და ვინმეს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებად? ვისთვისაა საზიანო ის, რომ ქართველებს შეუძლიათ, ევროპაში უვიზოდ იმგზავრონ, ან ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობას ვავითარებთ?!».

მაინც რა უნდოდა მოსკოვს?

და მაინც, რა მიზანს ემსახურებოდა ეს კანონსაწინააღმდეგო ვიზიტი? ბატონი ლავროვი ამჯერად სოხუმში საკმაოდ სიტყვაძუნწი იყო, ხოლო იმ მცირეოდენიდან, რაც თქვა, უდიდესი ნაწილი, ჟურნალისტების “სლენგი” რომ გამოვიყენოთ, “წყალს” წარმოადგენდა:

«განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები ეკონომიკური სფეროს შემდგომი განვითარებისა და სოციალური ამოცანების გადაჭრისთვის.  დავადასტურეთ ყველა იმ შეთანხმების შესრულების მზადყოფნა, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. განვიხილეთ შესაბამისი დარგობრივი დოკუმენტების აღსრულების მიმდინარეობა”.

ანუ იმაზე, თუ რა კონკრეტულ სარგებელს შეიძლება, ელოდოს ამ ვიზიტისგან აფხაზეთი, ფაქტობრივად არაფერი თქმულა. სამაგიეროდ ლავროვმა საკმაოდ კონკრეტულად მონიშნა საკითხები, რომელიც რუსული მხარის ინტერესში შედის და “შემდგომ დამუშავებას საჭიროებს”:

“ესაა მდგომარეობა რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე და ქონებრივი ურთიერთობები. გარდა ამისა, რუსეთი დაინტერესებულია აფხაზეთში ეროვნული თანხმობის მხარდაჭერითა და მისი ყველა მცხოვრებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფით».

აქ მან, სავარაუდოდ, ერთგვარი პრეტენზია გამოხატა აფხაზეთში საკუთრების უცხოელთათვის მიყიდვის საკითხის დღემდე გადაუჭრელობის, აფხაზურ პარლამენტში ეროვნებით რუსი დეპუტატების ვერმოხვედრისა და ზოგადად აფხაზეთის რუსული თემის მდგომარეობის გამო, რომელთა შესახებაც ბოლო პერიოდში თავად ოკუპირებულ რეგიონში აქტიურად საუბრობდნენ.

ზოგადად, თუკი ამ ვიზიტის განმავლობაში რუსეთის მთავარი დიპლომატის მხრიდან საჯაროდ რაიმე მეტ-ნაკლებად ახალი ან საინტერესო ითქვა, ეს ჟურნალისტების კითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამოიკვეთა. ჩვენც სწორედ ამ განცხადებებზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას და იქვე თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ექსპერტებისა და ანალიტიკოსების მოსაზრებებს შემოგთავაზებთ:

1) რა აიმედებთ სოხუმსა და მოსკოვს ჟენევაში

ლავროვმა თბილისის მიერ თვალსაწიერ მომავალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებთან ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების გაფორმება არ გამორიცხა:

“ღრმად ვართ დარწმუნებულები და სრული თანხმობა გვაქვს [აფხაზურ მხარესთან] იმაზე, რომ აუცილებელია, აქტიურად გაგრძელდეს მონაწილეობა საერთაშორისო კონტაქტებში, ე.წ. ჟენევის დისკუსიებში. ისინი, მართალია, ნელა, მაგრამ მაინც იძლევიან შედეგს. დარწმუმებულები ვართ, რომ სრულიად რეალურია, თვალსაწიერ მომავალში გაფორმდეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი ძალის არგამოყენების თაობაზე [თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის]. ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მთელი კავკასიის რეგიონისთვის".

უფრო დეტალურად მოსკოვის პოზიცია მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორმა, ”რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს” ექსპერტმა ალექსანდრე კრილოვმა განმარტა:

«საქართველომ მკაფიოდ უნდა თქვას უარი გამომწვევ ქმედებებზე. კარგი იქნებოდა, თუ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ხელს მოაწერდნენ შეთანხმებას, რომელიც მათ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობას დაავალდებულებდა. ეს ხელს შეუწყობდა სამშვიდობო პროცესს. დროა, გაიგოთ, რომ სამხედრო ძალით ამ რეგიონებში არაფერი გადაწყდება. უნდა ეძებოთ გზები, დაიბრუნოთ არა მიწა, არამედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. ეს სრულიად შესაძლებელია, რადგან აფხაზებსა და სამხრეთელ ოსებს რუსეთზე იდეალისტური წარმოდგენა სულაც არ აქვთ: ორივე რეგიონში, განსაკუთრებით აფხაზეთში ძალიან ბევრი პრობლემაა. გარდა ამისა, ბევრი აფხაზი სამკურნალოდ დადის საქართველოში და ამას არანაირი კონფლიქტი არ უშლის ხელს. ამასთანავე, აშკარად მისახედია საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თუ საქართველო ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხების თვალში აყვავებული ქვეყანა იქნება, ეს სხვა სასაუბრო თემაა, ხოლო თუ არ შეეძლება საკუთარი პრობლემების გადაჭრა, მაშინ არ უნდა გქონდეთ იმედი, რომ ამ ხალხს საქართველოსთან ცხოვრება მოუნდება” http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/428426.

პოზიცია გასაგებია, მაგრამ ძალაში რჩება კითხვა: რა აძლევს მოსკოვს იმის რწმენას და აფხაზებისთვის იმ იმედის ჩასახვის საფუძველს, რომ ოფიციალური თბილისი პოზიციას რადიკალურად შეიცვლის და თვალსაწიერ მომავალში აფხაზეთთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას გააფორმებს?

2) რკინიგზის საკითხი: არაფერი ახალი, თუ “თხელი” მინიშნება “სქელ”
გარემოებაზე?

ვიზიტის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ლავროვს “რეგიონული მასშტაბის” კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს - აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივების თაობაზე. პასუხი არსობრივად, კვლავ “წყალი” აღმოჩნდა - “მოსკოვს საწინააღმდეგო არაფერი აქვსო”:

«რუსულ მხარეს არანაირი პრობლემა არ აქვს იმასთან, რომ ტრანზიტი განახლდეს. მეტსაც გეტყვით, სამართლებრივი საფუძველიც კი არსებობს საიმისოდ, რომ ეს მოხდეს. იგი შეიძლება, დაეყრდნოს იმ შეთანხმებებს, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის 2011 წელს იქნა მიღწეული. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სომეხი კოლეგები დაინტერესებულები არიან ტრანზიტის განახლებით. დღეს აფხაზეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ საწინააღმდეგო მასაც არაფერი აქვს. ამდენად, ეს უკვე ჩვენზე არაა დამოკიდებული, დამოკიდებულია სხვა ქვეყნებზე, სადაც შეიძლება, წავიდეს ეს ტრანზიტი”.

ამ ”სხვა ქვეყნებში” ლავროვმა, ცხადია, საქართველო იგულისხმა – მეტი მონაწილე პროექტს არ ჰყავს.

ყველას გვახსოვს: რუსეთი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას იმთავითვე არათუ მხარს უჭერდა, შეიძლება, ითქვას, ლობირებდა კიდეც. მისი მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში - სომხეთი ხომ სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული გარე სამყაროსთან ეფექტურ სახმელეთო კავშირში. თუმცა საქართველო და, სხვათა შორის, ნაწილობრივ სოხუმის ხელისუფლებაც საკითხს სხვაგვარად ეკიდებოდნენ. დე ფაქტო მმართველებს ოკუპირებული რეგიონის არსობრივად მთელი ტერიტორიის გავლით გამჭოლი სარკინიგზო კავშირის აღდგენა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არ სურდათ და გზის მხოლოდ ნაწილობრივ რეაბილიტაციას სთანხმდებოდნენ, ისიც – მხოლოდ რუსეთთან კავშირის ინტერესიდან გამომდინარე.  სოხუმი დროს აჭიანურებდა და არც მტკიცე უარს ამბობდა, არც მტკიცე თანხმობას იძლეოდა: შესაძლოა, იგი ან მოსკოვთან, ან თბილისთან მოლაპარაკებებში ამ თემის ერთგვარ კოზირად გამოყენებას გეგმავდა. თუმცა თბილისმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ ფასად გზის რეაბილიტაციაში დაინტერესებული არ არის და, არსობრივად, ეს გზა დიდად არაფერში სჭირდება: ჩრდილოეთის მიმართულებით საქართველოს სატვირთო ეშელონების გამგზავრება აზერბაიჯანის გავლითაც შეუძლია. ამას, მართალია, ოდნავ მეტი დრო მიაქვს, თუმცა სტაბილურია და არც რისკებს შეიცავს, უპირველესად – ტვირთების დაცულობაზე კონტროლის, უსაფრთხოებისა და, რაც მთავარია, საბაჟო პროცედურების კუთხით. ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ხომ ქართველი მებაჟეები ვერ ხვდებიან, კონტროლის აფხაზი მებაჟეებისთვის მინდობა კი უკონტროლო ავტონომიის არაფორმალური აღიარების ტოლფასი იქნებოდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკითხი ნაწილობრივ თითქოს მოგვარდა 2011 წელს შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე – ამ ქვეყნის საბაჟო სამსახურმა სადავო მონაკვეთებზე საბაჟო კონტროლის განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა გავიდა 6 წელი, საქართველოში ხელისუფლებაც შეიცვალა და რუსეთთან ურთიერთობებისადმი მისი მიდგომაც, საკითხი კი მაინც გადაუჭრელი რჩება.

“ამ საკითხის გადაჭრას სჭირდება პოლიტიკური ნება. პრინციპში, ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ამაში აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი შვეიცარიელი კოლეგები. სადღეისოდ ძალიან ცოტა საკითხი რჩება შესათანხმებლად და საბაჟო მონიტორინგის პროექტის იმპლემენტაციის ეტაპზე გადასასვლელად. საქართველომ საკუთარი “საშინაო დავალება” ჯერ კიდევ გასულ წელს შეასრულა. ახლა რუსეთმა უნდა გააკეთოს იგივე, რათა კონტრაქტებს მოეწეროს ხელი. კონკრეტული კომპანია უკვე განსაზღვრულია – შვეიცარიული SGS. ამჟამად კონტრაქტების ტექსტებს ვხვეწთ” - აცხადებს ამასთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძე.

რაც შეეხება საკუთრივ აფხაზური რკინიგზის აღდგენას, ინფორმაციას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმატებში ამ საკითხის წამოჭრის შესახებ არაერთხელ გამოუჟონავს, მათ შორის – სომხეთის სამთავრობო დელეგაციის თბილისში ამასწინანდელი ვიზიტის დროსაც. თუმცა ოფიციალური თბილისი მის განხილვას ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა და ამჯერადაც, ლავროვის სოხუმში ვიზიტის დროს სარკინიგზო საკითხზე გაკეთებულ განცხადებას “წაუყრუა”.

მოგვიანებით, უკვე ვიზიტის დასრულებიდან ორ დღეში ქართველი ჟურნალისტებისთვის ამ თემაზე განმარტებების გაკეთება საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს მოუწია:

„ნებისმიერი ტრანზიტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ რა პირობებით დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ტრანზიტს. რაც შეეხება 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებულ შეთანხმებას, იგი ორ წევრ ქვეყანას შორის ვაჭრობის მონიტორინგს შეეხება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ვერ ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრის კონტროლს, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ დამოუკიდებელი -  მესამე მხარის მიერ განხორციელდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობაზე დაკვირვება, რაც მონაცემების გამჭვირვალეობის უზრუნველყოფას მოიცავს. ეს არის შეთანხმება მონიტორინგის შესახებ და იგი მხარეთა სხვა ვალდებულებებს არ გულისხმობს”.

3) “აფხაზეთის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და გარანტირებულია!” - ანუ რაღა გინდათ აფხაზებს საერთაშორისო ორგანიზაციებში?

სანამ რუსეთის მთავარი დიპლომატი თანმხლებ პირებთან ერთად სოხუმის სანაპიროთი ლეგენდარული “ბრეხალოვკისკენ” მიემართებოდა სახელგანთქმული ყავის დასაგემოვნებლად, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მასთან აფხაზური მხარისთვის იმ ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხის გარკვევა სცადეს, რომლის მოუგვარებლობის გამოც სოხუმში მოსკოვით უკმაყოფილებაა მომწიფებული: “როგორ მიდის საქმე აფხაზეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და მათ მუშაობაში მონაწილეობის კუთხით?”. არა მგონია, პასუხს ისინი დიდად გაეხარებინოს: ლავროვმა ამ კონტექსტში მხოლოდ “კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია” ახსენა და ამ მხრივაც დამაიმედებელი არაფერი უთქვამს: “რუსეთი ამ ორგანიზაციაში აფხაზეთის გაწევრიანების წინააღმდეგი არ იქნებოდა, მაგრამ ამისთვის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო”.

როგორც ჩანს, თავადაც მიხვდა რა, რომ უკმაყოფილებას ამძაფრებდა, რუსეთის მთავარმა დიპლომატმა იჩქარა, სხვა კუთხით მაინც “დაემშვიდებინა” ადგილობრივი საზოგადოება: «კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის მთავარი არსი წევრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, აფხაზეთის უსაფრთხოება კი ისედაც მაქსიმალურად საიმედოდ არის უზრუნველყოფილი იმ ურთიერთობებით, რომელიც რუსეთთან დადებული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით არის გამყარებული, ასევე იმ კონკრეტული ზომებით, რომელსაც ატარებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები, უზრუნველყოფენ რა ყოველდღიურ გარანტიებს გარედან აგრესიული მცდელობების აღსაკვეთადო».

ვერ მიიღეს რა დამაკმაყოფილებელი პასუხი რუსეთის მთავარი დიპლომატისგან, ჟურნალისტებმა უკვე პირდაპირ ჰკითხეს ლავროვის კოლეგა მარია ზახაროვას, რას აკეთებს რუსეთი აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებისთვის? - ეს ხომ მოსკოვის მიერ იგივე 2014 წლის შეთანხმებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა!

«ეს სამუშაო საკმაოდ მრავალმხრივია — რუსეთის საელჩოების მიერ აფხაზური დელეგაციების უცხოური ვიზიტების ლოჯისტიკური და საორგანიზაციო მხარდაჭერით დაწყებული, საერთაშორისო ფორუმებზე სხვადასხვა სახის პროვოკაციებისთვის წინააღმდეგობის გაწევით დამთავრებული. სასარგებლო და პროდუქტიულია ასევე რუსეთის წარმომადგენლობების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში, იგივე გაეროსა და ეუთოში იმ დოკუმენტების გავრცელება, რომელიც მზადდება ჩვენი აფხაზი და ოსი კოლეგების მიერ. დამყარებულია ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების დონეზე, იმართება რეგულარული შეხვედრები ელჩების დონეზე მოსკოვშიც, სოხუმშიც… სადღეისოდ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების საქმეში აქცენტი ობიექტური მიზეზების  გამო გადატანილია არაოფიციალურ კავშირებზე — კულტურულ-ჰუმანიტარულ, საქმიან, სპორტულ კონტაქტებზე… გარდა ამისა, გრძელება აფხაზი დიპლომატიური კადრების მომზადება რუსეთის პროფილურ სასწავლებლებში[...]» - განაცხადა საპასუხოდ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აფხაზეთისთვის ფართო საერთაშორისო აღიარების საკითხის მნიშვნელობაზე ლავროვს დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც გაუმახვილა ყურადღება:

«ჩვენს ქვეყნებს შორის ხორციელდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, ასევე 100-მდე დოკუმენტი ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროებში. ჩვენ მზად ვართ შეთანხმების კონკრეტულ მუხლებზე ორმხრივი მუშაობის გასააქტიურებლად, მათ შორის – თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით […]. ვაფასებთ თქვენს ყურადღებას, კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას, მიმართულს არა მარტო რუსეთ-აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, არამედ აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო პოზიციების გამყარებაზეო».

მოგვიანებით ამ თემაზე საკუთარი მოსაზრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვა. მისი აზრით, მოსკოვი აფხაზეთის მოსახლეობას ფუჭ იმედებს უსახავს:

„...რუსეთის ფედერაცია ამ გზით ცდილობს, ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელ საზოგადოებაში არარეალური მოლოდინები გააჩინოს, რომ ეს ტერიტორიები ოდესმე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქნება აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ეს არასდროს მოხდება, რადგან საქართველოს მთავრობას შესაბამისი ქმედებები აქვს განხორციელებული და ახლაც დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მტკიცედ იყოს დაცული“.

4) რუსეთის მოქალაქეობა – აფხაზეთის ყველა “მოქალაქეს”?

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ასევე რუსეთის მოქალაქეობის მიღების პერსპექტივებით აფხაზეთის იმ ე.წ. მოქალაქეების მიერ, რომლებმაც ეს 2008 წლამდე ვერ მოასწრეს. მკითხველს განვუმარტავთ, რომ რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივება “მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ” 2014 წლის შეთანხმების მე-13 პუნქტითაა გათვალისწინებული. კითხვაზე, რა სტადიაზეა ამ კონკრეტული შეთანხმების რეალიზება, ლავროვმა განაცხადა:

«ამ პროცესის მდგრადობისა და სათანადოდ გაფორმებისათვის გასული წლის ნოემბერში აფხაზურ მხარეს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაფორმება შევთავაზეთ და შესაბამისი დოკუმენტის პროექტი გადავეცით. ამ თემას ახლაც შევეხეთ. იმედი გვაქვს, ჩვენი პროექტი ოპერატიულად იქნება მიღებული. თანაც ნუ დავივიწყებთ, რომ აფხაზეთის მოქალაქეების უმრავლესობა უკვე ფლობს რუსეთის მოქალაქეობას და ჩვენთვის აუცილებელია, მოვაწესრიგოთ ეს პროცესი შესაბამისი შეთანხმების გაფორმებით».

თბილისში იმედოვნებენ, რომ თავად აფხაზეთის მაცხოვრებლები მიხვდებიან, რაოდენ სახიფათოა რუსეთთან ესოდენ მჭიდროდ დაახლოება:

«მე მაინც იმედი მაქვს, აფხაზური საზოგადოება ღირსეულ არჩევანს გააკეთებს ერთის მხრივ, სრული რუსიფიკაციის პერსპექტივასა და მეორეს მხრივ, მშვიდობიან განვითარებას, იდენტობის შენარჩუნებასა და უკეთესი მომავლის პერსპექტივას შორის” - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

ამ კუთხით აფხაზებისთვის ალბათ, საყურადღებო უნდა იყოს ცნობილი რუსი ჟურნალისტის, პორტალ «Кавказская политика»-ს მთავარი რედაქტორის, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი მაქსიმ შევჩენკოს განცხადებებიც, რომელიც ამასწინათ აფხაზეთის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის მსვლელობისას გაკეთდა:

«… რუსეთი დღეს სტრატეგიული კავკასიური პოლიტიკის ჩამოყალიბებას ცდილობს. ამ მოდელში აფხაზები ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ მათზე პასუხს ვაგებთ. მაგრამ აფხაზეთი ამ დიდი სისტემის მხოლოდ ერთი პატარა  ნაწილია. აფხაზეთის მიმართ გარკვეული უდავო პრეფერენციების სანაცვლოდ რუსეთს, ჩემი აზრით, საერთოკავკასიურ სტრატეგიულ დიალოგში, სტრატეგიულ დარეგულირებაში აფხაზეთის გონივრული მონაწილეობის იმედი აქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ [რუსეთს] საქართველოსთან ომი გვქონდა, თავს ნუ მოიტყუებთ [მიმართა აფხაზებს]: საქართველო რუსეთისთვის პოტენციურად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია  და უმნიშვნელოვანესი მიზანი. კავკასიაში რუსეთი სწორედ საქართველოს კვალდაკვალ მოვიდა: სწორედ ქართველმა თავადებმა მოიყვანეს კავკასიაში რუსეთის იმპერია. ისინი არც შერვაშიძეები იყვნენ და არც ჩაჩბები — ამ დინასტიების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად. და მიუხედავად ყველა შეცდომისა, რომელიც რუსეთმა დაუშვა იმპერიულ პერიოდშიც და შემდგომშიც, და რამდენიც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ რუსეთის საყრდენი კავკასიაში სომხეთია ან ოსეთი,  რუსეთის იმპერიული პოლიტიკის საყრდენი კავკასიაში ყოველთვის მართლმადიდებელი საქართველო იყო. დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიული, სტრატეგიული გზის მიღმა  არაფერი იქნება [...]».    

ორი წინამორბედი დამწვარია, რა ბედი ელის “აფხაზეთში რუსეთის საელჩოს”?

დასასრულს – მცირე პრედისტორია და ერთი ფრიად საინტერესო დეტალი “აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს” შენობათა იმ შთამბეჭდავი კომპლექსის შესახებ, რომლის გახსნას მოსკოვი ლავროვის ვიზიტის მთავარ მიზნად ასახელებდა.

უპირველესად, არაერთი სოხუმელი დარჩა უკმაყოფილო «სტრატეგიული პარტნიორისთვის» პატარა ქალაქის ცენტრში ესოდენ დიდი ტერიტორიის 99-წლიანი იჯარით გადაცემით, სანაცვლოდ კი მხოლოდ ლავროვის «მადლობის» მიღებით იმისათვის, რომ «რუსი დიპლომატები ამიერიდან კომფორტულ პირობებში იმუშავებენ».

რუსეთის მთავარი დიპლომატის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ვითარება დაიძაბა კიდეც იმის გამო, რომ რუსული მხარის წარმომადგენლებმა ტროტუარისა და გზის სავალი ნაწილის თვითნებურად მისაკუთრებაც მოიწადინეს «საელჩოს» დაცვის თანამშრომლების ჯიხურის განსათავსებლად.

«საელჩოს» შენობათა ეს გრანდიოზული კომპლექსი 4 წლის განმავლობაში, 2013 წლიდან შენდებოდა და წელს დასრულდა, მიწა კი მისთვის ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში გამოიყო.

ოდესღაც ამ ტერიტორიაზე სოხუმის ცენტრალური ბაზარი მოქმედებდა, რომელიც 1908 წელს დაიწვა. შემდგომში ცნობილი სტამბა იყო განთავსებული და ისიც დაიწვა – ე.წ. ქართულ-აფხაზური ომის დროს. რაღა თქმა უნდა, არც ხმაურიანი, ხალისიანი ბაზრის და არც სტამბის თანამშრომლები თუ კლიენტები წარმოიდგენდნენ ოდესმე, რა და ვისთვის აშენდებოდა სოხუმის გულში მდებარე ამ ისტორიულ ადგილზე 21-ე საუკუნის დასაწყისში.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ ე.წ. სახმრეთ ოსეთში გამოიყენება

საინფორმაციო სააგენტო «აქცენტი»

მასალა მომზადებულია პროექტის «ინტეგრირება ინფორმირებით» ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით