ჯანელიძე – აფხაზეთის რკინიგზაზე: „საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ტრანზიტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება“

2017-04-20 19:26:14
165

„ნებისმიერი ტრანზიტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუ რა პირობებით დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლების“ დილის ეთერში რუს კოლეგის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა. საუბარია აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობაზე.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული შეთანხმება ორ წევრ ქვეყანას შორის ვაჭრობის მონიტორინგს შეეხება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ვერ ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის კონტროლს, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ დამოუკიდებელი -  მესამე მხარის მიერ განხორციელდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის დაკვირვება, რაც შესაბამისად გულისხმობს მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. მინისტრის განმარტებით, ეს არის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რაც მხარეების მიერ სხვა ვალდებულებებს არ გულისხმობს.