იყო ქალი ქართულ ჯარში: „ალბათ, გამიზნული არ აქვთ, შენ იყო დისკრიმინირებული, დაჩაგრული, მაგრამ შედეგი ესაა“

2017-04-19 20:32:18
883

დღეს "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის" მხარდაჭერით საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის თემაზე მორიგი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. მომხსენებელმა ქალბატონებმა საკუთარ კარიერულ გზაზე ხელოვნურად წარმოქმნილ ბარიერებზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას მათი დაძლევის საკუთარი ხერხები გაანდეს.

ერთ–ერთი მომხსენებელი თავდაცვის ექს-მინისტრი თინა ხიდაშელი გახლდათ. „აქცენტი“ მასთან მოკლე ინტერვიუს გთავაზობთ:  

- ქალბატონო თინა, ჩვენს პატრიარქალურ საზოგადოებაში თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი ბრძანდებოდით. საინტერესოა, როგორ დაგხვდნენ ამ ერთ–ერთ ყველაზე პატრიარქალურ ინსტიტუტში?

- უნდა ითქვას, რომ ძალიან მეგობრულად, ადეკვატურად, გაგებით და თანამშრომლობის სურვილით. სხვა რამ არ მიგრძვნია. არ ვიცი, დახურულ კარს მიღმა რაზე საუბრობდნენ, - მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ არც ერთი წამით არ მქონია განცდა, რომ შეიარაღებულ ძალებში ჩემთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე ტიპის პრობლემა ჰქონდა.

- ანუ, „ქალი მოგვიყვანეს ხელმძღვანელად“ განწყობა არ იყო?

- მე მსგავსი განცდა არ მქონია. არც ის მგონია, მათი უმრავლესობისთვის წინასწარ რომ ეკითხათ, არჩევანს ქალ მინისტრზე შეაჩერებდნენ, მაგრამ ალბათ, იმიტომ, რომ მე პოლიტიკოსი ვიყავი მათთვის, ეს მიიღეს, როგორც პოლიტიკური არჩევანი. საერთოდაც, თავდაცვის სამინისტროში იმდენად ხშირად იცვლებიან მინისტრები (უკვე 17 მინისტრი შეიცვალა), ვფიქრობ, ისინი უკვე ერთგვარი იუმორით ეკიდებიან მთელს ამ პროცესს და თუ ეს ნამდვილად ასეა, ამაში მართლებიც არიან. ეს, ჩემი აზრით, ქვეყნისთვისაც საზიანოა.

- სადღეისოდ რამდენად ფართოდ არიან წარმოდგენილები ქალბატონები ხელმძღვანელ პირებად ამ უწყებაში? და რა ძირითად პრობლემებს აწყდებიან ისინი?

- სამოქალაქო ოფისში არიან. ყოველ შემთხვევაში, ჩემს დროს იყვნენ. ახლა, როგორც ვიცი, რამდენიმე ქალბატონი კაცებმა ჩაანაცვლეს. რაც შეეხება უშუალოდ შეიარაღებულ ძალებს,  მხოლოდ ერთი ქალბატონია, რომელიც სამედიცინო მიმართულებას ხელმძღვანელობს - სულ ეგ არის.

- იგრძნობა დისკრიმინაციული მიდგომა?

- ამას, ბუნებრივია, ასე არ ეძახიან. ალბათ, გამიზნული არც აქვთ, რომ შენ იყო დისკრიმინირებული, დაჩაგრული, მაგრამ შედეგი ასეთია. ალბათ, ყველგან დედამიწის ზურგზე ეს უპირატესად მამაკაცების სამსახურია, ჯარში უმეტესად მამაკაცები მსახურობენ და, ბუნებრივია, როდესაც 100 მამაკაცია და ერთი ქალი, მეტი წარმატებული მამაკაცი იქნება. მაგრამ ჩვენთან ჯარი ექსკლუზიურად მამაკაცებისაა. აი, ეს არის განსხვავება. ამ ეტაპზე ასეა და ეს, რა თქმა უნდა, ცუდია.

- ალბათ ეს მდგომარეობა კარიერულ წინსვლაზეც აისახება...

- დიახ. ეს შემდეგ უკვე პროპორციის ამბავია.

- თქვენს მოხსენებაში ბრძანეთ, პოლკოვნიკის წოდებაზე არც ერთი ქალი არ წარდგენილაო...

- სამწუხაროდ, დღესაც მხოლოდ ერთი ქალი პოლკოვნიკი გვყავს შეიარაღებულ ძალებში. მე ეს პროცესი ვერ დავასრულე, ვერ მოვასწარი, რადგან ყველაფერს თავისი წესი აქვს, არსებობს ვადები, პროცედურები. ჩვენ ეს დავიწყეთ. ქალბატონებს ვადაზე ადრე მივეცი ქვედა წოდებები იმისთვის, რომ პროცესი დამეჩქარებინა. იმედი მაქვს, ეს პროცესი ლოგიკურ გაგრძელებას ჰპოვებს.

- შეიარაღებულ ძალებში ძირითადად რომელ სეგმენტში არიან წარმოდგენილი ქალები, სამედიცინო ნაწილში?

- სამხედრო პოლიციაში ძალიან ბევრი ქალია, მფრინავებიც გვყავს, მაგრამ თუ პროპორციის კუთხით განვიხილავთ - დიახ, სამედიცინო ნაწილში და სამხედრო პოლიციაში. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალი სამხედროების 7%-ია და, სხვათა შორის, თუ სტანდარტს შევადარებთ, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

- ძირითადად რა პრობლემებთან უწევთ მათ გამკლავება?

- ისინი ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, ამიტომაც ეს ძალიან რთული სათქმელია. ბუნებრივია, მე ჩემი დაკვირვებები მაქვს, რაღაც-რაღაცეები ვიცი, რაღაცას მივხვდი. მაგრამ რაკი ისინი არ საუბრობენ, ჩემი მხრიდან ახლა ამაზე საუბარი არაეთიკური იქნება.

- სექსუალური შევიწროების ან ძალადობის ფაქტები თუ ფიქსირდება?

- დღეს მსგავსი პრეცედენტები, ქაღალდზე დაწერილი არ გვაქვს. გენინსპექციაში არსებობს სპეციალური დანაყოფი, რომელიც აფრიკის ცნობილი საქმის შემდეგ მუშაობს ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, მიმართვიანობა მაღალი არ იქნება, თუმცა იმის იმედიც მინდა, გამოვთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მიმართვიანობა იქნება, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ტაბუ დაიძლიოს. თუ გავჩუმდებით და ამაზე არ ვიპალარაკებთ, პრობლემა ვერ მოგვარდება, პირიქით, გაღრმავდება. თუ მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებთ - იქნება ეს სექსუალური ძალადობა, სექსუალური დისკრიმინაცია, თუ ქალის მიმართ უდიერი მოპყრობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია, ეს სირცხვილი გახდება, დასჯას რომ შევეშვათ, და შემდეგ ამას ვეღარ გაბედავენ.

დიანა მუსელიანი

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“