რუსეთის ჰიბრიდული ომის დამახასიათებელი ნიშნები

2017-04-18 12:53:52
521

ნაშრომი, RAND-ის კორპორაციის მკვლევრის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე წარდგენილი მოხსენების შემოკლებული ვარიანტია. კრისტოფერ ჩივისის ნაშრომი ეხება, რუსეთის ჰიბრიდული ომის დამახასიათებელი ნიშნების გამორკვევას, მიზნების ამოცნობასა და წინააღმდეგობის სტრატეგიების შემუშავებას.

 რა არის რუსული „ჰიბრიდული ომი“ და რა შეიძლება გაკეთდეს მის წინააღდეგ

ტერმინი „ჰიბრიდული ომი“ აღნიშნავს რუსეთის ძალაუფლებისა და გავლენის ინსტრუმენტების ფართო სპექტრს (უმეტესობა მათგანი არასამხედრო), რომლსაც ის  იყენებს საზღვარგარეთ თავისი ეროვნული ინტერესის გასაძლიერებლად. რუსეთის ჰიბრიდული ომი რამდენიმე მიზანს ემსახურება: შეასუსტოს ნატო; შეარყიოს პრო-დასავლური მთავრობები; შექმნას ომის წინაპირობა; ტერიტორიის დაპყრობა; ეკონომიკური სარგებელი. დასავლეთთან ანტაგონიზმის ზრდის პარალელურად იზრდება ჰიბრიდული ომის მასშტაბიც.

გამოიყოფა რუსული ჰიბრიდული ომის სამი მახასიათებელი:

1. ჰიბრიდული ომი რუსეთს აძლევს საშუალებას მინიმუმამდე დაიყვანოს სამხედრო ძალის გამოყენების აუცილებლობა, ამავდროულად მიაღწიოს თავის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს. კიბერ-თავდასხმები ამის კარგი და ნათელი მაგალითია.

2. ჰიბრიდული ომი შლის ტრადიციულ ზღვარს ომსა და მშვიდობას შორის. სხვადასხვა ინტენსივობით ჰიბრიდული ომი მუდმივად მიმდინარეობს.

3. ჰიბრიდული ომი მიზნად ისახავს სამიზნე ქვეყნის მოსახლეობაზე გავლენის მოხდენას სხვადასხვა საინფორმაციო ოპერაციებითა და გავლენის ჯგუფებით.

დღეის მდგომარეობით რუსული ჰიბრიდული ომი სულ მცირე სამ მიზანს ისახავს:

1. ტერიტორიის დაპყრობა ღია სამხედრო დაპირისპირების გარეშე. ამის მაგალითია ყირიმის 2014 წლის ანექსია, როდესაც მწვანე უნიფორმაში გადაცმულმა სპეციალური დანიშნულების რუსულმა სამხედრო ძალებმა საინფორმაციო ომის ფონზე და ადგილობრივი გავლენის ჯგუფების დახმარებით უსისხლოდ დაიკავეს ყირიმი.

2. სამხედრო ჩარევისთვის წინაპირობების შექმნა. რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ესტონეთში მცხოვრები რუსული უმცირესობა როგორც არეულობის მოსაწყობად. შემდეგ შექმნას ნარატივი რომ ესტონეთის მთავრობა ეთნიკურ უმცირესობას ჩაგრავს და რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით განახორციელოს ინტერვენცია.

3. ჰიბრიდული საშუალებებით დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა. რუსეთი ცდილობს სამიზნე ქვეყნის შიდა პოლიტიკური სიტუაცია მის ეროვნული ინტერესის სასარგებლოდ გარდაქმნას.

ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები

1. საინფორმაციო ოპერაციები. სამიზნე ქვეყანაში პოლიტიკური დისკურსის შესაცვლელად რუსეთი სტრატეგიულ კომუნიკაციებს იყენებს. ისეთი მედია საშუალებები როგორიცაა სპუტნიკი და Russia Today ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია. ასევე რუსეთის არსენალშია ინტერნეტ ტროლებისა და ე.წ. Fake News-ის (ყალბი საინფორმაციო სააგენტოები) გამოყენება ობიექტური სიმართლის ეჭვქვეშ დასაყენებლად.

2. ინტერნეტი. კრემლის ჰაკერების მზარდი არმია აღწევს დასავლეთის სახვადასხვა სისტემებში და მნიშვნელოვან ინფორმაციას იპარავს. ეს სტრატეგია გამოყენებულ იქნა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს.

3. გავლენის ჯგუფები. ე.წ. Proxies არიან რუსული სახელმწიფოს დღის წესრიგთან აფილირებული ჯგუფები, რომელთაც რუსეთი მხარს უჭერს, როგორიცაა ულტრანაციონალისტ ბაიკერების ბანდა „ღამის მგლები“ ან საპროტესტო მოძრაობები ევროპის ქვეყნებში.

4. ეკონომიკური გავლენა. რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტს იყენებს, როგორც პირდაპირ ასევე არაპირდაპირ. ენერგობერკეტის, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის პირდაპირი გამოყენება მოხდა, როდესაც რუსეთმა უკრაინას გაზი გაუთიშა 2006 და 2009 წელს. არაპირდაპირი ეკონომიკური გავლენა გამოიხატება გაზპრომის მიერ ევროპის გაზგამანაწილებელ ქსელში ინვესტიციების ჩადებით, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს ეკონომიკური შანტაჟის გზით გაზზე დამოკიდებული ქვეყნების პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს.

5. ფარული ღონისძიებები. რუსეთი ტრადიციული შპიონაჟის ქსელის განახლებას ცდილობს. სავარაუდოა, რომ მონტენეგროს ნატოს მომხრე მთავრობის ჩამოგდების მცდელობის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგენენ.

6. პოლიტიკური გავლენა. ტრადიციული დიპლომატიის გამოყენება რუსეთისთვის სასურველი პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების მხარდასაჭერად.

რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნე

ამერიკის არჩევნების შემდეგ დიდია ალბათობა რომ რუსეთი შეეცდება პრო-ამერიკული და ევროკავშირის მხარდამჭერი პარტიების დასუსტებას საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში. 2017 წლის შემოდგომაზე გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებია. რუსეთი შეეცდება ანგელა მერკელის მაგივრად, გერმანიის კანცლერი რუსეთისადმი უფრო ლოიალურად განწყობილი კანდიდატი გახდეს. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ულტრა მემარჯვენე „ეროვნული ფრონტს“ ფინანსური მხარდაჭერა მიუღია რუსული ბანკისგან. 2018 წელს იტალიაში არჩევნებია. არსებობს ვარაუდი რომ რუსეთი მონაწილეობდა გავლენის ოპერაციაში, რომელმაც იტალიის ზომიერი მთავრობას ნდობის მანდატი გამოაცალა.

დასავლეთ ბალკანეთი რუსული ჰიბრიდული სტრატეგიის სამიზნედ ყალიბდება. რუსეთი ცდილობს გამოიყენოს არსებული უკმაყოფილება: ეკონომიკური სტაგნაცია, ევროკავშირში გაწევრიანების უიმედობა, ეთნიკური დაძაბულობა და კულტურული კავშირები რუსეთთან. რუსეთი მხარს უჭერს რესპუბლიკა სერბსკას სეპარატისტ ლიდერ მილორად დოდიკს და სერბულ სეპარატიზმს ჩრდილოეთ კოსოვოში.

ცენტრალურ ევროპაში: უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, რუსეთი ძირითადად ენერგობერკეტს იყენებს, თუმცა არამარტო. მიგრანტთა კრიზისმა და ანტი-ევროპული განწყობების ზრდამ გზა გაუხსნა რუსულ გავლენას.

თანამემამულეთა მხარდამჭერი პოლიტიკის საბაბით რუსეთი ეხმარება პრორუსულ ჯგუფებს ბალტიის ქვეყნებში.

რუსეთი აგრძელებს სეპარატისტების მხარდაჭერას დონბასში და პრო-ევროპული უკრაინის მთავრობის წინააღდეგ მედია, ინტერნეტ და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებს იყენებს.  

რუსეთის გავლენის ოპერაციები ევროპაში არახალია. საბჭოთა დროს სსრკ აფინანსებდა სხვადასხვა კომუნისტურ პარტიებსა თუ ანტი-ბირთვულ მოძრაობებს.  

როგორ ვებრძოლოთ რუსულ ჰიბრიდულ ომს?

1. ძლიერი კოორდინაცია სხვადსხვა ამერიკულ უწყებას შორის. რუსული საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოითხოვს ხაზინის დეპარტამენტის, თავდაცვის და სახელწმიფო დეპარტამენტებისა და სპეცსამსახურების მჭიდრო თანამშრომლობას

2. ევროპაში სადაზვერვო საქმიანობისთვის საჭირო რესურსების გამოყოფა. აშშ-ს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რესურსები რომ ევროპაში არსებულ საფრთხეს გაუმკლავდეს. საჭიროა რუსული ჰიბრიდული ქმედებების გამოკვლევა. აუცილებელია მოკავშირეებთან ინფორმაციის გაცვლის გაგრძელება.

3. გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების მხარდაჭერა. რუსულ გავლენას აძლიერებს კორუფციის მაღალი დონე და გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი. აუცილებელია ევროკავშირის ანტი-კორუფციული ზომების მხარდაჭერა ფინანსურადაც USAID-ის მეშვეობით.

4. ბალკანეთსა და უკრაინაში შიდაუსფრთხოების აპარატის რეფორმისა და თავდაცვითი ინსტიტუციების მშენებლობის მხარდაჭერა.

5. რუსეთის გავლენის ოპერაციების საწინააღმდეგო სტრატეგიის შემუშავება. ცრუ ინფორმაციის გამოაშკარავება და Russia Today-ის დისკრედიტაცია. სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა დეზინფორმაციის კამპანიებთან საბრძოლველად.

6. აშშ-ს სპეციალური ოპერატიული ძალების ეფექტიანი გამოყენებას ევროპის არეალში. ვინაიდან ევროპის ვითარება განსხვავდება სირიისა და ერაყისაგან საჭიროა ამ ძალების სტრატეგიის ადაპტაცია და პოლიტიკური ვითარებისთვის მორგება.

7. ჰიბრიდული ომის დაძლევის ევროპული მცდელობების მხარდაჭერა. ფინეთში, ლატვიას და ესტონეთში გახსნილი ცენტრების მხარდაჭერა და ევროპის კიბერთავდაცვის გაძლიერება.        

წყარო: http://damoukidebloba.com