აგვიანებს თუ არა საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე?

2017-04-13 23:10:11
506

„ვიშეგრადის ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა 12 აპრილს ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას დაუჭირეს მხარი. დოკუმენტში, რომელიც მათ მიიღეს, ნათქვამია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო პოლიტიკური ნარატივი და ახალი სტრატეგიული ხედვა. ამ კონტექსტში „ვიშეგრადის ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომდევნო სამიტის დეკლარაციაში უნდა აისახოს პარტნიორი ქვეყნების განსხვავებული მისწრაფებები და დაინტერესებული პარტნიორებისთვის შეთავაზებული უნდა იქნას ევროპული პერსპექტივა.

„ვიშეგრადის ოთხეულის“ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ევროკავშირის წევრობაზე ჯერ-ჯერობით განაცხადი არ იქნება, თუმცა ქვეყანა იმუშავებს იმ 6-პუნქტიანი გეგმით, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან აქვს გადმოცემული”.

«საქართველოს მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული ინტერესი, ჰქონდეს უფრო მეტი პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში და ჩვენ ამისთვის გადავდგამთ ყველა ნაბიჯს ყველა ფორმატში. “ვიშეგრადის ოთხეულის” ქვეყნებმა გამოხატეს და დაადასტურეს მხარდაჭერა უფრო მეტი პოლიტიკური ინტეგრაციისადმი და მოწოდება გააკეთეს ევროპული პერსპექტივის აუცილებლობის შესახებ იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ასეთი ინტერესი გააჩნიათ,“ - განაცხადა ჯანელიძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ “ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით განცხადების გაკეთებამდე ქვეყანა უნდა მოემზადოს”.


„საქართველო აგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ და ამის დამადასტურებელია პროცესი, რომელშიც ქვეყანა ამ წლების განმავლობაში იმყოფება. განაცხადი მაშინ უნდა გავაკეთოთ, როდესაც ამისთვის ქვეყანა იქნება მზად, ანუ ეკონომიკური, დემოკრატიული რეფორმები იქნება იმ დონეზე, რომ ევროპულ სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ და ჩვენი გაწევრიანება იქნება მხოლოდ ფორმალობა. სადღეისოდ განაცხადის გაკეთება არაა მიზანშეწონილი, ვინაიდან ჩვენ ამ რეფორმების პროცესში ვიმყოფებით",– განაცხადა ცქიტიშვილმა.  

რაც შეეხება ოპოზიციას, უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ საქართველომ დროულად უნდა მოითხოვოს ევროკავშირში გაწევრიანება.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკის თქმით, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადი უკვე შეტანილი უნდა ჰქონდეს.


„სამწუხაროდ, ზოგადად, საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე ჩვენი მთავრობის პასიურობას ვხედავთ. თუ ავიღებთ ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ  საქართველოს მიმართ  გადადგმულ მტრულ ნაბიჯებს, პრემიერ-მინისტრს არც ერთ მსოფლიო ლიდერთან არ დაურეკავს იმისთვის, რომ ყურადღება მოეპყრო ჩვენი პრობლემის მიმართ,“ - ამბობს კანდელაკი.


„ნაციონალური მოძრაობის“  წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ “საქართველომ ყოველთვის უნდა განაცხადოს თამამად, შეიძლება, აგრესიულადაც კი, რომ ევროპის ნაწილია და იმსახურებს ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სამყაროს წევრობას”.


ანალიტიკოსი ვანო ჩხეიძე საქართველოს დეკლარირებულ კურსს და „ვიშეგრადის ოთხეულის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას პოზიტიურად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ  დეტალური სამოქმედო გეგმა იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება,  ამ ეტაპზე არ ჩანს. 


„ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში წევრობის შესახებ განაცხადის გაკეთება ერთ-ერთი ეტაპია. დღეისათვის და წლევანდელი მოცემულობით, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება შეუძლებელია და, მე მგონი, არ არის გონივრული. მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია,  არ არის დეტალურად და სიღრმისეულად გაწერილი გეგმა იმისა, თუ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ  ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რაც ისედაც გვაქვს გათვალისწინებული. ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას. ზოგადი და დეკლარირებული კურსი არსებობს, მაგრამ გაწევრიანების შესახებ სამოქმედო გეგმას ან რაიმე რისკების შეფასებას მე ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვხედავ.  რასაც მე ვუყურებ, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ არის დაგეგმილი“, - განუცხადა „აქცენტს“ ანალიტიკოსმა.


კითხვაზე, არის თუ არა დრო, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით აქტიური ქმედებები დაიწყოს, ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ „ასეთი დრო შეიძლება, არასოდეს დადგეს ,თუ ჩვენ არ დავაყენეთ“.


„ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დრო დადგეს.  თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაწევრიანების განაცხადს სხვა რამ არ სჭირდება, მაგალითად, იგივე ევროკავშირში სიტუაციის შეცვლა. მეორეს მხრივ, ამას სჭირდება ის, რაც ჩვენში უნდა გაკეთდეს, მაგალითად, დავიწყოთ სამართლებრივი სქრინინგი, რასაც არავინ დაგვიშლის. ეს ჩვენი საშინაო დავალება და ხვალინდელი დღეა, თუ  გაწევრიანებისკენ მივდივართ.  იმას, რაც უკვე არსებობს, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, - ვგულისხმობ 6-პუნქტიან გეგმას, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა, მაგრამ ეს არანაირად არ მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ ამით გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - დასძინა ანალიტიკოსმა.

მარიკა ჩუბინიძე
საინფორმაციო სააგენტო „აქცენტი“