„ე.წ. „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეებთან შეხვედრებია დანიშნული და საქართველოს საელჩო ძალიან მკაცრ რეაგირებას აპირებს“

2017-02-23 15:35:28
1220

 

„ე.წ. „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეებთან შეხვედრებია დანიშნული და მათ ფარგლებში საქართველოს საელჩო ძალიან მკაცრ რეაგირებას აპირებს“, – ასეთ კომენტარს აკეთებს  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო „გერმანიაში აფხაზეთის წარმომადგენლობაში“ ჩატარებულ  «მრგვალ მაგიდასთან» დაკავშირებით, რომლის მონაწილეებმა  «აფხაზეთის ყოველმხრივი საერთაშორისო იზოლაციის დაძლევის» გზებზე იმსჯელეს.

„აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საელჩომ უკვე მოახდინა ძალიან მკაცრი რეაგირება. ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კანცლერის ადმინისტრაციას შემდგარი შეხვედრის შესახებ და მათი რეაქციაც იყო სრულიად ადეკვატური. აღნიშნული შეხვედრის შესახებ მათაც, ჩვენს მსგავსად, არაფერი იცოდნენ. გარდა ამისა, დანიშნულია შეხვედრები ამ ე.წ. „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეებთან და ამ შეხვედრების ფარგლებში საქართველოს საელჩო ძალიან მკაცრ რეაგირებას აპირებს“, – განუცხადეს „აქცენტს“ საელჩოში.

ცნობისთვის: 17 თებერვალს Апсныпресс“–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „გერმანიაში აფხაზეთის წარმომადგენლობაში“ გამართულ მრგვალ მაგიდას გერმანიის ბუნდესტაგისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, გერმანელი პოლიტიკოსები და კავკასიის საკითხთა ექსპერტები, ასევე ბერგჰოფის ფონდისა და ადგილობრივი აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამასთან, «გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აფხაზეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის» ხიბლა ამიჩბას განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრას გერმანელი დეპუტატიც ესწრებოდა.

«ვისაუბრეთ აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების ყოველმხრივი საერთაშორისო იზოლაციისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ: ვიზების მიღებაზე, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობაზე, საერთაშორისო გამოფენებზე, ფესტივალებზე, სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობაზე და ა.შ. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ევროპასთან აფხაზეთის მრავალსაუკუნოვანი კავშირების საკითხი, ისაუბრეს საერთო ფასეულობებზე, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე, პრობლემების გადაჭრის კუთხით არსებულ რეალობასა და შესაძლებლობებზე. ხაზგასმით აღინიშნა როგორც გერმანიაში, ისე აფხაზეთში ექსპერტების, მეცნიერებისა და სახალხო რჩეულების დონეზე კონტაქტების გაგრძელების აუცილელობა» - განაცხადა ამიჩბამ.