«თუკი ღირსეული მესამე ძალა გამოჩნდება, ქართველი ამომრჩეველი სრულიად კანონზომიერად მას მიაშურებს»

2016-10-12 12:42:08
4523

ვასილ რუხაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკური ანალიტიკოსი

- როგორ ფიქრობთ, რა აირჩია ქართველმა ამომრჩეველმა, რას მისცა ხმა? რა ჩვენა ამ არჩევნებმა როგორც საარჩევნო პროცესის, ისე გაკეთებული არჩევანის კუთხით?

 

- უკანასკნელმა არჩევნებმა ბევრი რამ წარმოაჩინა. უპირველეს ყოვლისა, მან აჩვენა, რაოდენ ღრმადაა იმედგაცრუებულია ქართველი ამომრჩეველი როგორც მმართველი პარტიით, ასევე თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალით და მთლიანად ქართული ე.წ. პოლიტიკური ისტებლიშმენტით. პარლამენტში ვერ მოხვდა თითქმის ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არცთუ დიდი ხნის წინ გარკვეულწილად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა: ირაკლი ალასანიას «თავისუფალი დემოკრატები», დავით უსუფაშვილის «რესპუბლიკური პარტია», ნინო ბურჯანაძის «დემოკრატიული მოძრაობა» და შალვა ნათელაშვილის «ლეიბორისტული პარტია».

რაც შეეხება პარლამენტში შესულ პარტიებს, მიუხედავად იმისა, რომ «ქართულმა ოცნებამ» არჩევნებში საერთო ხმების 49 პროცენტით გაიმარჯვა, უნდა ითქვას, რომ მის მიერ ამ არჩევნებში მიღებული 856 ათასი ხმა 325 ათასი ხმით ნაკლებია იმ 1.181 მილიონ ხმაზე, რომელიც «ქართული ოცნების» კოალიციამ 2012 წელს მოიპოვა. ეს ნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა მომხრეებს სწრაფად კარგავს და შესაბამისად, მისი პოლიტიკური ნიადაგი ნაკლებად მყარია. ამის კიდევ ერთი დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ «ქართულმა ოცნებამ» მაჟორიტარული წესით პირველივე ტურში მხოლოდ 23 ოლქში მოიგო, დანარჩენ 50-ში კი ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება და საქმე მეორე ტურამდე მივიდა.

რაც შეეხება «ნაციონალურ მოძრაობას», მე ვფიქრობ, ეს არჩევნები ამ პარტიისთვის ნამდვილი პოლიტიკური კატასტროფა იყო. პარტიამ, რომელიც ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადებოდა და რომლის ლიდერები და წევრები გამარჯვებას უწყვეტად წინასწარმეტყველებდნენ, ხმების მხოლოდ 27 პროცენტი მიიღო, ისიც - მისი მომხრეების სრული მობილიზიის პირობებში. «ნაციონალურმა მოძრაობამ» პროპორციული წესით წააგო ყველა საარჩევნო ოლქში, ზუგდიდის და მარნეულის რაიონების გარდა და პირველ ტურში ვერ მოიგო ვერც ერთ მაჟორიტარულ ოლქში.

ვფიქრობ, ამ არჩევნების შემდეგ «ნაციონალური მოძრაობის», როგორც პოლიტიკური პარტიის არსებობა-არარსებობის საკითხი დგას. ის მძაფრი შიდაპარტიული ბრძოლა, რომელიც არჩევნებში მიღებულ მძიმე შედეგებს მოჰყვა, აუცილებლად გამოიწვევს «ნაციონალური მოძრაობის» ხელმძღვანელობისგან ან მიხეილ სააკაშვილის ჩამოცილებას, ან პარტიის, სულ მცირე, ორ ნაწილად დაშლას (თუ არ ჩავთლით უკვე ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბებულ „გირჩს“).

«ნაციონალური მოძრაობის» ასეთი მძიმე მდგომარეობა იმით აიხსნება, რომ პარტიამ უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ვერ შეძლო რეფორმირება. მის მიერ წინა წლებში ფართოდ რეკლამირებული ე.წ. „რებრენდინგი“ მხოლოდ არაფრის მომცემი ლოზუნგი იყო და თვისობრივად არაფერი შეუცვლია. გარდა ამისა, პარტიის მიერ საარჩევნო სიებში შეყვანილი ე.წ. ახალი სახეები «ნაციონალური მოძრაობის» საკმაოდ ძველი სახეები იყვნენ, რომელთაც საზოგადოებას პარტიის განახლების გრძნობა და შთაბეჭდილება ვერ შეუქმნეს.

 

«ნაციონალური მოძრაობის», როგორც ორგანიზაციის გადარჩენა შესაძლებელია, მაგრამ პარტიას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა და რეალურად ახალი სახეები, ახალი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ ორგანიზაციას ახალ სულს ჩაჰბერავენ და საფუძვლიანად განაახლებენ. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს პარტიის ლიდერებს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს სურთ ან ძალუძთ.

 

შესაბამისად, ქართული საზოგადოება არ თვლის, რომ «ნაციონალური მოძრაობა» მის ინტერესებს გამოხატავს. შედეგად ამომრჩეველმა პარტიას უარი უთხრა.

 

მთლიანობაში, 8 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოს პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკურად გაკოტრებული დაჯგუფებებია, რომელთა პოლიტიკური მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია.

 

არჩევნებმა ასევე ნათლად დაგვანახა ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული ღრმა პოლიტიკური აპათია. შემთხვევითი არ არის, რომ ამომრჩეველთა 49 პროცენტმა, ანუ თითქმის ნახევარმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. საზოგადოების დიდი ნაწილი უბრალოდ არ იყო ჩამოყალიბებული, ვისთვის მიეცა ხმა,  რადგან არ თვლიდა, რომ რომელიმე არსებული პოლიტიკური პარტია მისთვის ღირსეულ ალტერნატივას, ღირსეულ არჩევანს წარმოადგენდა.

 

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ქართველ საზოგადოებაში დიდია მზაობა მესამე პოლიტიკური ძალის, ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოჩენისთვის, რომლებიც ქვეყანას ახალი მიმართულებით წაიყვანენ. მართალია, დღეს ამგვარი ძალა პოლიტიკურ ჰორიზონტზე არ ჩანს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, პროცესებმა მსგავსი ძალის გამოჩენა სწრაფად მოამწიფოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

 

- ალბათ, გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ისურვებდა, .. მესამე ძალად «პატრიოტთა ალიანსი» ეხილა. როგორ ფიქრობთ, იმუშავა ამ მხრივ ივანიშვილის ფაქტორმაც?

 

- სიმართლე გითხრათ, ივანიშვილის ამ განცხადებას არ ვიცნობ, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში ისეთი ოდიოზური ჯგუფის მოხვედრა, როგორიც «პატრიოტთა ალიანსია», კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რამდენად იმედგაცრუებულია ქართველი ამომრჩეველი ყველა - სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიით. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ქართველი ამომრჩეველი მესამე, ახალ პოლიტიკურ ძალას ეძებს, რომელიც ქვეყანას ახალ მიმართულებას მისცემს. რა თქმა უნდა, პატრიოტთა ალიანსი ეს ძალა არ გახლავთ; მას უბრალოდ ამის საბაზისო ინტელექტუალური რესურსიც კი არ გააჩნია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ «პატრიოტთა ალიანსისათვის» მიცემული ხმები დღევანდელი ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ პროტესტის ხმები იყო.

 

- ამომრჩეველი თუ გაიზარდა პოლიტიკური თვალსაზრისით? 

 

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არცთუ ისე ადვილია, რადგან ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რას გამოვიყენებთ ამომრჩევლის პოლიტიკური ზრდის საზომად. მე ისევ გავიმეორებდი, რომ დღეს ამომრჩეველი ღრმა იმედგაცრუებას და აპათიას არის მიცემული. 8 ოქტომბერს ამგვარმა არაენთუზიასტურად განწყობილმა ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა, მისი აზრით, ყველაზე ნაკლებად ცუდი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ. მე მჯერა, რომ თუკი ღირსეული მესამე ძალა გამოჩნდება, ქართველი ამომრჩეველი სრულიად კანონზომიერად მას მიაშურებს.

 

 

- როგორ აფასებთ ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან დროებით წასვლის თაობაზე?

 

- ალასანიას პოლიტიკიდან წასვლა ქართული პოლიტიკური ელიტებისთვის დამახასიათებელი სენის კიდევ ერთი გამოხატულებაა: პირველივე სერიოზულ დაბრკოლებასთან შეხვედრისთანავე ქართველი პოლიტიკოსები ასპარეზს ტოვებენ და გარბიან, უკან კი მემკვიდრეობად ტოვებენ პოლიტიკურად გაკოტრებულ და სტრუქტურულად დაშლილ პარტიებსა და ათასობით იმედგაცრუებულ მომხრეს.

 

პოლიტიკა და საერთოდ საზოგადოებრივი მოღვაწეობა ძალიან მძიმე საქმეა: პოლიტიკოსს, ბევრ სხვა რამესთან ერთად, მძიმე დამარცხების ატანაც უნდა შეეძლოს. საკუთარი მიზნისთვის და იდეისთვის ბრძოლას, თუკი პოლიტიკოსს და საზოგადო მოღვაწეს ასეთი გააჩნია, ყოველთვის აქვს აზრი. მე არ მესმის, რას ნიშნავს «პოლიტიკიდან დროებით წასვლა», როგორც ალასანიამ განაცხადა, ან რამდენად დროებითი თუ მუდმივი იქნება მისი წასვლა, მაგრამ ვთვლი, რომ მას ბრძოლა აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა.

 

მე იმედი მაქვს და მტკიცედ მჯერა, რომ პოლიტიკური ლიდერების ახალი თაობა, რომელიც აუცილებლად შემოვა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, გაცილებით უფრო მტკიცე, ბრძოლისუნარიანი და პოლიტიკურად სიცოცხლისუნარიანი იქნება.