ლიგვირკე: ქრისტიანული და წარმართული რიტუალების თანაარსებობა სვანეთში

 

28 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კვირიკეს ხსენებას აღნიშნავს. ეს დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება სვანეთში. მომლოცველები წმინდა კვირიკეს სახელობის XI საუკუნის ეკლესიაში იკრიბებიან და ლოცულობენ.

კვირიკეს ეკლესია (ლაგურკა, როგორც მას სვანები უწოდებენ) სოფელ კალას თავზეა გაშენებული. სამანქანო გზა ტაძრამდე დღემდე არ არის გაჭრილი: სვანები ამბობენ, სალოცავად უფალს ფეხით უკნა ეახლოო.

სალოცავი მომლოცველების სიმწირეს არ უჩივის. გზად მიმავალი მრავლად შეხვდებით როგორც ზემო და ქვემო სვანეთის მკვიდრთ, ასევე საქართველოს სხვა კუთხეების მაცხოვრებლებს და უცხოელ ტურისტებს.

ტაძარში აღსდგა ღვთისმსახურება, სასულიერო პირები წირვას ეწევიან, თუმცა ასევე ძლიერად არის შემორჩერნილი წარმართული რიტუალები. მაგალითად, ტაძრის სიახლოვეს იკვლება შესაწირად აყვანილი საკლავი, გულ–ღვიძლს უფალს სწირავენ, ხოლო ტაძრის ეზოშივე მოხარშულ ხორცს მოსახლეობას ურიგებენ.

„„ადათ–პაპათგან მოგვსდებს ეს ტრადიცია და ძლიერად არის მოსახლეობაში გამჯდარი. გვესმის, რომ ქრისტიანობისგან ეს შორსაა, მაგრამ რომც აკრძალონ, ხალხი მსხვერპლშეწირვას მალულად მაინც გააგრძელებს და რა აზრი აქვს?! ამიტომ სასულიერო პირებიც არ კრძალავენ“,– განმარტავენ სვანები.