„ბატონი კარასინის განცხადება აღმაშფოთებელია, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია“

2016-03-17 17:50:41
910

„ბატონი კარასინის განცხადება აღმაშფოთებელია, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია“, – ასე აფასებს ექსპერტი ლინკოლნ მიტჩელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასინის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

„პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო დგას, არა თბილისის ანტირუსული რიტორიკა, არამედ საქართველოში რუსეთის აგრესიაა, რომელიც მოიცავს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციას და ამ პროცესის გაგრძელებას სასაზღვრო ზოლის გადატანით. მოსკოვი ძალისხმევას არ იშირებს, რათა ითამაშოს მავნებლური და დესტრუქციული როლი ქართულ პოლიტიკაში. თინა ხიდაშელს, რომელზეც კარასინმა თავის განცხადებაში მიანიშნა, საქართველოში და რეგიონში რუსეთის როლის ზუსტი და სათანადო გაგება აქვს“, – განუცხადა „აქცენტს“ მიტჩელმა.

კითხვაზე, რა შეუძლია, გააკეთოს საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ სიტუაციაში, ექსპერტმა განაცხადა, რომ «ქვეყანამ დასავლეთიდან უფრო მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ძალისხმევა უნდა გააგრძელოს».

„საქართველოს ხელისუფლება რთულ პოზიციაშია, რადგან რუსეთი კვლავაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და, რა თქმა უნდა, ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავს. ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა მოიპოვოს მეტი მხარდაჭერა დასავლეთიდან, მათ შორის - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. ამასთან, მთავრობამ უნდა გააგრძელოს ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ რა საფრთხეს უქმნის რუსეთი საქართველოს და არა მარტო მას. ისინი უკვე აკეთებენ ამას და არ უნდა შეწყვიტონ აღნიშნული ქმედება რუსული მხარის მუქარის და არაკორექტული განცხადებების გამო“, –განაცხადა ექსპერტმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, "მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა“. ამის შესახებ მან ქართველ დიპლომატთან შეხვედრამდე ჟურტნალისტებს განუცხადა.

"ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა, რომელიც ისმის საერთაშორისო არენაზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ეს ისმის ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი. ჩვენ ამას ვაქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ, ყველაფერს არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ და აი, ახლა სწორედ ის წყალგამყოფია, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ჩვენ ან ვუბრუნდებთ კონფრონტაციას იმ სიუჟეტების ძიებაში, რომელსაც შეუძლია, ჩვენ კვლავ წაგვაკამათოს, ანდავალაგებთ ნორმალურ, პატივსაცემ ურთიერთობებს და ამ კონტექსტში გადავჭრით ჩვენს ორმხრივ ამოცანებს,"- განაცხადა კარასინმა. მისი ყურადღების ცენტრი კვლავ მოექცა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. "ყველა პოლიტიკოსს უნდა, გაამძაფროს თავისი პოზიცია, რათა აჩვენონ, რომ ყველაზე მეტი პატრიოტები, მკაცრები და შეურიგებლები არიან ე.წ. რუსული ექსპანსიის და მუქარის წინააღმდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წესიერ საზოგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი,“- განაცხადა კარასინმა.